გადაწყვეტილება №24459/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24459/2/2024
05 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 17.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24459/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. ნაღდი ფულის განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;
3. არარეზიდენტი მომწოდებლისათვის გადახდილი თანხის გაცემულ სესხად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2024 წლის №075-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24327 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 465 364,25 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 273 915
დღგ - 94 696
მოგების გადასახადი - 38 263
საშემოსავლო გადასახადი - 140 956
ჯარიმა - 136 958
საურავი - 54 491,25
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლით (ძირითადად ფეხსაცმელი) ვაჭრობა ------- ტერიტორიაზე.
აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2024 წლის №075-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24327 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №119304-21-04 წერილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24327 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 25.11.2024 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 15.12.2024 წელი (ემთხვევა არასამუშაო დღეს), შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ვადის ბოლო დღე იყო 16.12.2024 წელს. საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად (№24459/2/2024) 17.12.2024 წელს, შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24327 ბრძანების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან, რომელიც მიუთითებს ტექნიკურ ხარვეზზე.
შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ინფორმაციით, შპს ------- (ს/ნ -------) მიერ №24459/2/2024 საჩივრის თავის ვებ გვერდზე შექმნის თარიღი არის 17.12.2024 12:00:05 AM. ხოლო, შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დავების აღრიცხვის მოდულში გადმოგზავნის თარიღია: 17.12.2024 1:56:02 PM. 2024 წლის 16 დეკემბერს ტექნიკური ხარვეზი სისტემაში არ არის დაფიქსირებული.
ამდენად, მომჩივნის არგუმენტი სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24327 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. ნაღდი ფულის განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;
3. არარეზიდენტი მომწოდებლისათვის გადახდილი თანხის გაცემულ სესხად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24327 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24327 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე)