გადაწყვეტილება №24333/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.12.2024
№ დოკუმენტი 24333/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№24333/2/2024

27 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: უსფ(წ) „-------------“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება უსფ(წ) „-------------“ს 25.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24333/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2.08.2024 წლის №17999 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2024 წლის №066-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2024 წლის №23713 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 141 525,69 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 85 586

ჯარიმა - 42 893

საურავი - 13 046,69

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 9.06.2023 წლიდან 15.12.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2024 წლის №066-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

მომჩივანი არ ეთანხმებოდა გაწეული ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე და აღნიშნულის გათვალისწინებით, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის №11189 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის გამყიდველი ფიზიკური პირების სათანადო წესით ნოტარიულად დადასტურებული ახსნა განმარტებები, მომჩივნის მიერ სადავო პერიოდში შეძენილი მოცვის პერიოდის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით;

-დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეესწავლა/გამოიკვლია წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2024 წლის დასკვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა ნაწილობრივ გამყიდველი ფიზიკური პირების სათანადო წესით ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები, მომჩივნის მიერ სადავო პერიოდში შეძენილი მოცვის პერიოდის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით (სულ 49 შესყიდვის აქტზე). გადაანგარიშებით მოხდა იმ შეძენების გათვალისწინება სრულად, რაზეც გადამხდელმა წარადგინა გამყიდველი ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, ხოლო რაზეც ვერ მოხდა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, შეძენების იმ ნაწილში ხარჯების კორექტირება არ განხორციელდა.

მომჩივანი არ ეთანხმებოდა აღსრულების შედეგებს და ითხოვდა დამატებით წარდგენილი სანოტარო აქტების საფუძველზე მომხდარიყო შესყიდვების ხარჯების გადაანგარიშება და დარიცხული თანხების შემცირება.

შემოსავლების სამსახურის 2.08.2024 წლის №17999 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.08.2024 წლის №17999 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2024 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2024 წლის №066-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.11.2024 წლის №23713 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გამოქვითვებში არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ წარდგენილი სანოტარო აქტების ნაწილში მოცემული ხარჯები.

შესყიდვების გაუთვალისწინებლობა გულისხმობს შესყიდვის დამადასტურებელი არასრულყოფილი დოკუმენტის (მოცვის შესყიდვის აქტი) არსებობას. სრულყოფილად შევსებული აქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 1) ოპერაციაში მონაწილე მხარეების სრული იდენტიფიცირება; 2) ოპერაციის მოხდენის თარიღი; 3) დოკუმენტის ნომერი;4) ოპერაციის სრული აღწერილობა რაოდენობისა და ფასების მითითებით; 5) მხარეთა ხელმოწერები. ფიზიკური პირის მიერ რაიმე სახის სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია მხოლოდ შემსყიდველი მეწარმე სუბიექტისთვის წარმოადგენს აღრიცხავდეს. ფიზიკური პირები მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენენ საგადასახადო კუთხით დაბეგვრას, შესაბამისად, გარკვეულ პერიოდის გასვლის შემდეგ რეალიზაციის ფაქტი მისთვის კარგავს აქტუალობას, რაც არ გამორიცხავს მისი მხრიდან არასწორ ინტერპრეტირებას ან დეტალების აღწერის ფაქტს. ამასთან, გამყიდველი ფიზიკური პირების მოძიება საკმაოდ რთული და დროში გაწელილი პროცესია, შესაბამისად, შესაძლებლობის მიხედვით ხდება მათგან ახსნაგანმარტებების მიღება. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს მეწარმის მიერ დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის უფლებას. ორგანიზაციულად რთულია შესყიდვის აქტებში მოცემული პირების სრულად, მოკლე დროში ფიზიკურად მოძიება, ამდენად მოცემულ საჩივარს თან ერთვის გამყიდველი ფიზიკური პირების ნაწილის ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები, შეძენილი მოცვის პერიოდის, რაოდენობის, ღირებულების მითითებით. წარმოდგენილი სანოტარო აქტების საფუძველზე მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 12.09.2024 წლის დასკვნიდან დგინდება შემდეგი:

შემოწმების შედეგად შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, გამყიდველი ფიზიკური პირების სათანადო წესით ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები, მომჩივნის მიერ სადავო პერიოდში შეძენილი მოცვის პერიოდის, რაოდენობის და ღირებულების მითითებით (სულ 15 შესყიდვის აქტზე). გადაანგარიშებით, შემოწმებისას გათვალისწინებულია შეძენები, რომლებზეც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო გამყიდველი ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები. შეძენების ის ნაწილი, რაზეც ვერ მოხდა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა გათვალისწინებული.

გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე არგუმენტი/მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2.08.2024 წლის №17999 ბრძანება.

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 2.08.2024 წლის №17999 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

ამდენად, საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №17999 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 9.06.2023 წლიდან 15.12.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №066-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.მომჩივანი არ ეთანხმებოდა გაწეული ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე და აღნიშნულის გათვალისწინებით, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.ზემოაღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 160 197 ლარი, მათ შორის გადასახადი 106 798 ლარი, ხოლო ჯარიმა 53 399 ლარი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №066-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №17999 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №066-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №23713 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 1 „გ“);