გადაწტვეტილება №27211/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.06.2026
№ დოკუმენტი 27211/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27211/2/2026

30 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,5.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 23.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27211/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 5.03.2025 წლის №3808 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2026 წლის №006-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.04.2026 წლის №8714 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 758 933.77 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 311 534

დღგ - 117 848

მოგების გადასახადი - 136 332

საშემოსავლო გადასახადი - 57 354

ჯარიმა - 155 769

საურავი - 291 630.77

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა გზების მშენებლობა, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გზით, თუმცა უფიქსირდება, ასევე კერძო პირებისთვის მომსახურების გაწევაც.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:

1. შემოწმების პროცესში საწარმომ წარადგინა ბუღალტრული პროგრამა (ორისი) 2019 წლის შემდგომ პერიოდებზე, რომლის მიხედვითაც პირს შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად საწესდებო კაპიტალში უფიქსირდება 458 017 ლარი, საიდანაც შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიიდან გატანილი აქვს 229 420 ლარი. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდამდე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და ფულის მოძრაობის ანალიზი. ამასთან, პირმა ვერ წარმოადგინა კომპანიაში თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ამონაწერი, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული კრების ოქმი). შემოწმებისას განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. შედეგად, ხანდაზმულ პერიოდში საწესდებო კაპიტალის შევსება არ დადასტურდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაუქმებულ იქნა დამფუძნებლის მიმართ საწესდებო კაპიტალის სახით ვალდებულება საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

2. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის, გამოყენებულია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია. შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მიღებული და გაწეული მომსახურება/საქონლის მიწოდება თითოეული ტენდერის მიხედვით და აღმოჩნდა, რომ პირი ქვეკონტრაქტორებისგან მიღებული მომსახურების თანხით აჭარბებს მის მიერ იმავე ტენდერში გაწეული მომსახურების ღირებულებას. განხორციელდა ქვეკონტრაქტორი პირების (შპს „------“ (ს/ნ „-------“), შპს „-------“ (ს/ნ „-------“)) საქმიანობის შესწავლა და დადგინდა, რომ აღნიშნულ პირებს არ უფიქსირდებოდათ საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. შესაბამისად, მათ ვერ ექნებოდათ საკმარისი რესურსი ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის დოკუმენტები, რომლებიც არ წარმოადგენდა გაწეული მომსახურებების ფარგლებში შეძენილს, ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 -ე და 175-ე მუხლების თანახმად, პირის მიერ გაწეული ხარჯი, რომელიც დაიდენტიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად, დაიბეგრა მოგების გადასახადით და მასზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2024 წლის №27445 ბრძანება და №039-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28463 ბრძანებით, საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28463 ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 იანვრის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 29.01.2025 წლის №006-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.03.2025 წლის №3808 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.03.2025 წლის №3808 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 29 იანვარს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 3.02.2026 წლის №2102 და №006-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.04.2026 წლის №8714 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილსა და 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულ გარემოებებზე, და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზეც არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ტენდერში მონაწილეობისას უნდა გაითვალოს შესაძლებლობები სწორად, გააკეთდეს სწორი ანალიზი, განსაზღვროს ტენდერში მონაწილეობის ზღვრული ფასი, რომლის შემდგომაც ფასის დაწევა კომპანიისათვის წამგებიანია. შესაძლოა ოპტიმისტური მოლოდინების გამო, დაუშვა შეცდომა მაგალითად გაიზარდოს მასალა ნედლეულისა და მომსახურეობის ფასებმა და ამის გამო იზარალო, მაგრამ ტენდერში გამარჯვებულმა უნდა შეასრულოს სატენდერო პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში დისკვალიფიკაციის გამო აღარ იქნება შესაძლებელი მომავალში ტენდერებში მონაწილობა. გარდა ამისა არსებობს სხვა მიზეზი ტენდერი მოიგო ისეთ ფასად რომ ჩამოიცილო პოტენციური კონკურენტები, იმ მოტივით რომ მომავალში კონკურენტი არ გეყოლება. ამიტომაც მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის აღნიშნული არგუმენტაცია მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეყრდნობა ეკონომიკურ საფუძვლებს.

სამეწარმეო კანონმდებლობა ითვალისწინებს რომ ეკონომიკური სამიანობისას შეიძლება მიიღო მოგება ან ზარალი, შესაბამისად ზარალის შემთხვევისას არ ითვლება რომ კომპანიამ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით ხარჯები არ გასწია. შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში იზიარებს იმ პოზიციას რაც აუდიტის დეპარტამენტს ჰქონდა მოცემული შემოწმების აქტში, კერძოდ: ქვეკონტრაქტორი პირების - შპს „-------" და შპს „------" საქმიანობის შესწავლა და დადგინდა, რომ აღნიშნულ პირებს არ უფიქსირდებოდათ მომჩივანის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა და შესაბამისად, მათ ვერ ექნებოდათ საკმარისი რესურსი ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებისთვის. შედეგად, და ამიტომ არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნის თანახმად, დარიცხული თანხების კორექტირება. ამ საკითხთან დაკავშირებით ავღნიშნავთ შემდეგს: შემოსავლების სამსახურს ბრძანებით პასუხი უნდა გაეცა შემდეგ კითხვებზე: შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) და შპს „------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის შესწავლა რა ფორმით განხორციელდა? -აღნიშნული კომპანიებიდან გამოთხოვილი იქნა თუ არ შესაბამისი დოკუმენტაცია?- წარმოადგინეს თუ არა ახსნა-განმარტებები?-ამ ორი ქვეკონტრაქტორების მიერ მასზედ მიწოდებული მომსახურეობის შესაბამისად გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები არის თუ არა დეკლარირებული და თანხები ბიუჯეტში გადახდილი?-ჩატარებული არის თუ არა ამ ორგანიზაციებში საგადასახადო შემოწმება და რა შედეგებით დასრულდა? კომპანიამ აუდიტის დეპარტამენტისაგან 2023 წლის 12 ივლისს წერილობით გამოითხოვა სსკ–ის 41–ე მუხლის შესაბამისად ინფორმაცია/დოკუმენტაცია საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული სრული მასალები/დოკუმენტაციის მოწოდების შესახებ მათ შორის:

შპს „-------“ -ის (ს/ნ „-------“) და შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის შესწავლის ანგარიში და ამ ანგარიშთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (იხ.დანართი) სამწუხაროდ აღნიშნულ წერილზე პასუხი არ მიუღია. ამ ეტაპზე ითხოვს შემოსავლების სამსახურს დაევალოს აღნიშნული ინფორმაციის, როგორც საბჭოსათვის წარდგენა, ასევე მისთვის მიწოდება, რომ შეძლოს დამატებითი არგუმენტაციის წარმოდგენა. გარდა ამისა მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი, რა შუაშია კეთილსინდისიერი გადამხდელი, რომელმაც მიიღო მომსახურება, რომელიც შემდგომში მიაწოდა მის დამკვეთს, თუ ქვეკონტრაქტორმა გაწეული ხარჯი სრულად დოკუმენტურად არ დაადასტურა, არ დაადეკლარირა ხელფასები, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სრულად ამისათვის დამკვეთს უნდა მოეთხოვოს პასუხი თუ ქვეკონტრაქტორს. თუ ასეთი შემთხვევა არსებობს, მაშინ საგადასახადო ორგანომ უნდა დააყენოს ქვეკონტრაქტორის პასუხისმგებლობა და დააკისროს შესაბამისი გადასახადები. ამიტომაც მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების არგუმენტაცია ამ ნაწილში მის კომპანიასთან მიმართებით ეწინააღმდეგება, როგორც მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას, ასევე საქართველოს კონსტიტუციას. მიაჩნია რომ პასუხისმგებლობა ეკისრება იმ კომპანიას ვინც ჩაიდინა კონკრეტული საგადასახადო გადაცდომა. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის არგუმენტს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზეც არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ შეესაბამება რეალობას რადგანაც როგორც გასაჩივრების ეტაპზეც და ასევე გადაანგარიშების დრო შემოსავლების სამსახურში წარდგენილი აქვს სათანადო დოკუმენტაცია, რომლის გათვალიწინებაც სამწუხაროდ არ მოხდა. ამ ეტაპზე მტიცებულების სახით წარმოადგენს ამ ორი ქვეკონტრაქტორი პირისაგან მიღებულ მომსახურეობის ამსახველ დოკუმენტაციას, ასევე ამ მომსახურების მისი დამკვეთისადმი (მუნიციპალიტეტისათვის) მიწოდების დოკუმენტაციას.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „--------“-ისაგან და შპს -------“ -ისაგან მიღებული მომსახურება, მიწოდებული აქვს დამკვეთისადმი, რაზედაც არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებიც. წარმოდგენილი მტკიცებულებების სახით ცალსახად დასტურდება, რომ დამკვეთისაგან მიღებული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯები დაკავშირებულია მისი კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან, შესაბამისად მიაჩნია, რომ დღგ-სა და მოგების გადასახადებში განხორციელებული დარიცხვა გასაუქმებელია.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე და 53-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოდ ქცეული ბრძანება და აქტები არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას და მითითებას იმ ნორმატიულ სამართლებრივ აქტზე, რაც საფუძველი გახდა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის საფუძველზე სახეზეა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის საფუძველზე მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფლდეს კომპანიის საჩივარი და ბათილად უნდა გამოცხადდეს სადავო აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის დასკვნაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, სადავოდ ხდის ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, დასკვნის შედეგებს და მოითხოვს გადაანგარიშება მოხდეს რეალური გაანგარიშების საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.04.2026 წლის №8714 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის საფუძველზე სახეზეა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის საფუძველზე მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფლდეს კომპანიის საჩივარი და ბათილად უნდა გამოცხადდეს სადავო აქტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად საწესდებო კაპიტალში საფარმოს უფიქსირდება 458 017 ლარი, საიდანაც შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიიდან გატანილი აქვს 229 420 ლარი. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდამდე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და ფულის მოძრაობის ანალიზი. ამასთან, პირმა ვერ წარმოადგინა კომპანიაში თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტები.

შემოწმებისას განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. შედეგად, ხანდაზმულ პერიოდში საწესდებო კაპიტალის შევსება არ დადასტურდა.შემოწმების მიერ გაუქმებულ იქნა დამფუძნებლის მიმართ საწესდებო კაპიტალის სახით ვალდებულება სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

2.შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მიღებული და გაწეული მომსახურება/საქონლის მიწოდება თითოეული ტენდერის მიხედვით და აღმოჩნდა, რომ პირი ქვეკონტრაქტორებისგან მიღებული მომსახურების თანხით აჭარბებს მის მიერ იმავე ტენდერში გაწეული მომსახურების ღირებულებას. განხორციელდა ქვეკონტრაქტორი პირების საქმიანობის შესწავლა და დადგინდა, რომ აღნიშნულ პირებს არ უფიქსირდებოდათ საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. შესაბამისად, მათ ვერ ექნებოდათ საკმარისი რესურსი ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის დოკუმენტები, რომლებიც არ წარმოადგენდა გაწეული მომსახურებების ფარგლებში შეძენილს, ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად.სსკ-ის 97-ე, 982 -ე და 175-ე მუხლების თანახმად, პირის მიერ გაწეული ხარჯი, რომელიც დაიდენტიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად, დაიბეგრა მოგების გადასახადით და მასზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

302(6).