გადაწყვეტილება №17478/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.12.2022
№ დოკუმენტი 17478/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17478/2/2022

01.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 1.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 13.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17478/2/2022).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, ჩადენილი განმეორებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.07.2022 წლის №CB1350873 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20881 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.07.2022 წლის №CB1350873 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომ. „----------“) გადამოწმების დროს (1.07.2022 წ. 12:21 სთ) გამოვლინდა 8 800 ლარის საბაზრო ღირებულების წყლის ტუმბოების და ჰიდროფობების ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.

აღნიშნული ოქმით მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.08.2022 წლის №20881 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 286-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.07.2022 წლის №CB1350873 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1.07.2022 წელს შპს „----------“-ის დაქირავებულმა მძღოლმა მოახდინა შპს „----------“-ს შეძენილი საქონლის მიწოდება მისამართზე - „----------“ ელექტრონული სასაქონლო ზედნადები №„----------“. კერძოდ: სასაქონლო კოდი 1610 01575, წყლის ტუმბო, 50WQD1.1QG - 10 ცალი, 6 000 ლარის ღირებულების; სასაქონლო კოდი 1610 00848, წყლის ტუმბო 65WQ2.2QG, 2 ცალი, 2 200 ლარის ღირებულების.

გადაზიდვა მოხდა ავტომობილით - სახელმწიფო ნომერი „----------“; საქონლის დაწყების ადგილია - „----------“; „----------“ -ზე საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაჩერდა აღნიშნული ავტომობილი. მოითხოვეს საბუთების შემოწმება. საგადასახდო კონტროლის მიზნით განხორციელდა შემოწმება. დაიწყეს ავტომობილის ბორტზე არსებული შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მისაწოდებელი საქონლის დათვლა.

სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონელი და ზედნადებში ასახული რაოდენობა ერთმანეთთან თანხვედრაში იყო. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ზედნადების გააქტიურების თარიღი და დრო იყო 01.07.2022, 11:16 სთ. (დანართი: 1 ზედნადების სქრინი ). ხოლო, ტრანსპორტირების დაწყების თარიღი და დრო იყო 1.07.2022, 12:48 სთ (დანართი: 2 ანგარიშფაქტურა). ზედნადების გააქტიურებისა და ტრანსპორტირების დაწყების დროის სხვაობის მიზეზს. კომპანია შპს „----------“ (ს/ნ ----------) სარგებლობს ქსელური საბუღალტრო პროგრამა ორისით. ზედნადებების შექმნა, ხოლო შემდეგ ატვირთვა ხდება საბუღალტრო პროგრამიდან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე. 29.03.2022 წელს გამოწერილი ოქმის №CB1298219 საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებისას მიეცა გაფრთხილება.

დაიწყეს პროგრამის ტექნიკური პრობლემის მოგვარება პროგრამა ორისის ტექნიკურ ჯგუფთან. ტექნიკური პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე - (რაც კონკრეტულად გულისხმობდა თითოეულ სავაჭრო-დებიტორ ორგანიზაციასთან პროგრამულად გადამოწმებას თუ რამდენად სწორად გადაჰქონდა ზედნადების გააქტიურებისა და ტრანსპორტირების დაწყების თარიღი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე), მოხდა ხელმეორედ გადაამოწმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.

ფაქტია, რომ დროში სხვაობა გამოწვეულია პროგრამული ხარვეზით. კერძოდ, პროგრამა ორისს შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) ამ კონკრეტულ ორგანიზაციებზე ჰქონდა ჩამახსოვრებული ტრანსპორტირების დაწყების გააქტიურების თარიღი/დრო 01.07.2022 12:48 საათი, რაც გახდა ჯარიმის გამოწერის მიზეზი (დანართი 3: ანგარიშ-ფაქტურის სქრინი.) მტკიცებულებების სახით წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის მომხმარებლის პირადი გვერდიდან შპს „----------“-ს (ს/კ ----------) მიწოდებული საქონლის რეესტრს, სადაც ტრანსპორტირების დაწყების დრო პროგრამას ჩამახსოვრებული აქვს და იმეორებს 12:48 საათი. (დანართი 4: საქონლის მიწოდების რეესტრი) მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ პროგრამის ტექნიკური ხარვეზი გამოსწორებულია. საჩივრის დაწერის საფუძველია მეწარმისთვის მინიჭებული უფლება, არგუმენტირებული მიზეზების გამო დაიწყო დავის წარმოება სამართლიანი შედეგის დადგომის იმედით. შემოსავლების სამსახურმა წარდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა და 3.08.2022 წლის №20881 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.07.2022 წლის №CB1350873 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20881 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამკტიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:

ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;

ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. საქმზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომ. „----------“) გადამოწმების დროს (1.07.2022 წ. 12:21 სთ) გამოვლინდა 8 800 ლარის საბაზრო ღირებულების წყლის ტუმბოების და ჰიდროფობების ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.

ამასთან აღნიშნულ საქონელზე დაგვიანებით გამოწერილია ელ. სასაქონლო ზედნადები №„----------“, რომლის გააქტიურების დროდ მითითებულია 12:48 სთ.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან განხორციელდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, სახეზეა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.