ბძანება N 4167

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.02.2019
№ დოკუმენტი 4167
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4167

26/02/2019

შპს -------

(მის: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 31 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი N5) განიხილა შპს ------- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება 2018 წლის 1 ოქტომბრის N094-177 „საგადასახადო მოთხოვნას“.

გადამხდელი არ ეთანხმება რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის (მცირე მეწარმეები) გადახდილი მომსახურების საფასურის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ვინაიდან აღნიშნული პირები რეგისტრირებულნი არიან გადასახადის გადამხდელებად და თავად ახდენენ დეკლარირებას.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 12 აპრილის №8414 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ------- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2018 წლის 19 სექტემბერს შედგა შპს ------- “-ს საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 1 ოქტომბრის N 27593 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 1 ოქტომბრის N 094-177 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა სულ 1274690,82 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 709756 ლარით, ჯარიმა 373934 ლარით და საურავი 191000,82 ლარით.

შემოწმების აქტის თანახმად საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სამონტაჟო და საშუამავლო მომსახურების ხარჯები. გადამხდელის განმარტებით:

1. სამონტაჟო მომსახურებას უწევს ფიზ. პირები, რომელთა ძირითადი ნაწილი 2015 წელს რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. აღნიშნულ პირებთან საზოგადოებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფიზ. პირი ვალდებულია 48 საათის განმავლობაში გამოცხადდეს საწარმოს მიერ მითითებულ მისამართზე (მომხმარებელი უკავშირდება შპს ------- ის სატელოფონო ცენტრს) და მოახდინოს საქონლის შეკეთება/მონტაჟი. ხელშეკრულების პირობით, ფიზ. პირი მომსახურების მიმღებთან უნდა გამოცხადდეს შემკვეთის შპს ----- ის მიერ განსაზღვრული სამუშაო ფორმით.

2. საშუამავლო მომსახურება გულისხმობს ფიზ. პირების მიერ საწარმოსთვის საქონლის რეალიზაციაში დახმარებას (მყიდველის მიყვანას). გადამხდელს აღნიშნულ ფიზ. პირებთან (მცირე მეწარმეებთან) ასევე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება. საწარმო ზემოხსენებულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს აგრეთვე იყენებს დიდი მოცულობის სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას. საწყის ეტაპზე (ფიზ. პირების მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე) საწარმო მომსახურების საკომპენსაციო თანხის გადახდისას ახდენდა საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაბევრას (ნაწილი ამ ფიზიკური პირებისა წარმოადგენდნენ შპს ------- ის დაქირავებულ პირებს), ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემდეგ აღარ ახორციელებს საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულებას და ფიზ. პირები თვითონვე ახდენენ მიღებული შემოსავლების დეკლარირებას 5%-იანი განაკვეთით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულების თანახმად მომსახურების საკომპენსაციო თანხის 95%-ის გადახდა ხდება მომსახურების გაწევის მომენტში, ხოლო დარჩენილი 5%-ის მომდევნო საანგარიშო პერიოდის მარტში.

შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა მომსახურების გამწევი ფიზ. პირების მიერ დეკლარირებული შემოსავლები. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ უმრავლესობა ფიზ. პირების მიერ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით მიღებული შემოსავლები წარმოადგენს მხოლოდ შპს -- გან მიღებულ თანხებს. აღნიშნული პირების ნაწილს აგრეთვე უფუქსირდება ხელფასის სახით მიღებული წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლები. სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ" პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

აღნიშნული დებულებისა და ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საწარმოსა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს (იმ პირების, რომლებსაც ხელფასისა და შპს --- -გან მიღებული შემოსავლების გარდა სხვა არსებითი შემოსავლები არ უფიქსირდებათ)

შორის ურთიერთობა განხილულ იქნა, როგორც დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობა.

სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. შესაბამისად, ზემოხსენებულ

ფიზ. პირებზე გაცემული თანხები განხილულ იქნა როგორც ხელფასის სახით განაცემი და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით.

საჩივარში დასმულ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი სსკ-ის 154-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად: „გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ „დ“ ქვეპუნქტის თანახმად : საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა“.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;

გ) შემოსავლის გადამხდელის სახელით გადასახადისა და სანქციების თანხა შეიძლება გადაიხადოს შემოსავლის მიმღებმა.

3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:

ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:

„1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით“.

სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქმის არსებითი გამოკვლევის მიზნით აუდიტის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გამოიკვეთა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. საწარმო მომუშავეს აწვდის ინფორმაციას შესასრულებებლი დავალების შესახებ, ასევე შესასრულებელი ადგილის (მისამართის შესახებ). ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მომუშავე ვალდებულია მიღებული დავალება შეასრულოს 48 საათის განმავლობაში.

2. მომუშავის საქმიანობა არის სპეციფიური (გათბობა-გაგრილების სისტემის მონტაჟი და შეკეთება), შესაბამისად საწარმო ძირითადად ხელშეკრულებას აფორმებს ისეთ პირებთან ვისაც გააჩნია სპეციალური ცოდნა. ამასთან, მომუშავეს ვალდებულია მომსახურების განხორციელების დროს იცოდეს სრული ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, მისი მახასიათებლები და ასევე დაიცვას მონტაჟის პირობები ინსტრუქციით დადგენილი წესებით. აღნიშნული ინფორმაციის მიღება კი მხოლოდ საწარმოდან არის შესაძლებებლი. ზემოხსენებული შეიძლება ჩაითვალოს სწავლებად.

3. მომსახურება გაწეული უნდა იქნეს მომუშავის მიერ. თუ მომუშავე გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს დავალების შესრულებას, საწარმო უკავშირდება სხვა მომუშავეს და ა.შ.

4. თუ საწარმოს შესასრულებელი სამუშაო (დაკვეთა - მაგალითად, მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობაში გათბობა-გაგრილების სისტემის სრული

მონტაჟი) საჭიროებს რამდენიმე სპეციალისტს, მაშინ საწარმო დავალებას აძლევს რამდენიმე მომუშავისგან შემდგარ ჯგუფს.

5. თუ მომუშავეს დავალება მიღებული არ აქვს, არ ექვემდებარება საწარმოს მიერ დაწესებულ სამუშაო სააათებს.

6. ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მომუშავემ სამუშაოებისას უნდა დაიცვას მონტაჟის პირობები ინსტრუქციით დადგენილი წესებით.

7. მომუშავის ვალდებულებაა კვირაში ერთხელ აწარმოოს ნაწილების ნაშთის ანგარიშგება, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა საწარმოს საფინანსო განყოფილებაში.

8. ანაზღაურება გაიანგარიშება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

9. დამქირავებელი უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულების პროცესში დაზიანებული ნაწილების მიწოდებას.

10. მომუშავის მიერ დანახარჯების გაწევა არ ფიქსირდება.

11. იმის გათვალისწინებით, რომ მომუშავის მიერ ფაქტობრივად ხარჯების გაწევა არ ხდება, ის დაცულია ზარალისგან. გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი შეცდომით, ინსტრუქციით გათვალისწინებული პირობების გაუთვალისწინებლობით დაზიანდა საწარმოს კლიენტის ქონება. ამ შემთხვევაში საწარმო უფლებამოსილია დაუქვითოს თანხიდან გამოწვეული ზიანის ღირებულება.

12. შემოწმების პროცესში დაქირავებულად დაკვალიფიცირდა ის პირები, ვისაც უფიქსირდება მხოლოდ შპს ----- -გან მიღებული შემოსავლები.

13. იმ დაშვებით, რომ შემოწმების პროცესში დაქირავებულად დაკვალიფიცირდა ის პირები, ვისაც უფიქსირდება მხოლოდ შპს ----- გან მიღებული შემოსავლები, შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსენებული პირები არ ახორციელებენ მომსახურების სხვა პირებისთვის შეთავაზებას.

14. დამქირავებელს აქვს მომუშავის გაშვების, გათავისუფლების უფლება. ამასთან, სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს დამქირავებელს აქვს მომუშავის გაშვების, გათავისუფლების უფლება.

 

ამასთან, სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს

იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელთა საუძველზეც შემოწმების მიერ საწარმოსა და ფიზ. პირებს შორის ოპერაციები განხილულ იქნა, როგორც დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობა: შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სამონტაჟო და საშუამავლო მომსახურების ხარჯები. გადამხდელის განმარტებით:

1. სამონტაჟო მომსახურებას უწევს ფიზ. პირები, რომელთა ძირითადი ნაწილი 2015 წელს რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. აღნიშნულ პირებთან საზოგადოებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფიზ. პირი ვალდებულია 48 საათის განმავლობაში გამოცხადდეს საწარმოს მიერ მითითებულ მისამართზე (მომხმარებელი უკავშირდება შპს ----- ის სატელოფონო ცენტრს) და მოახდინოს საქონლის შეკეთება/მონტაჟი. ხელშეკრულების პირობით, ფიზ. პირი მომსახურების მიმღებთან უნდა გამოცხადდეს შემკვეთის (შპს -----) მიერ განსაზღვრული სამუშაო ფორმით.

2. საშუამავლო მომსახურება გულისხმობს ფიზ. პირების მიერ საწარმოსთვის საქონლის რეალიზაციაში დახმარებას (მყიდველის მიყვანას). გადამხდელს აღნიშნულ ფიზ. პირებთან (მცირე მეწარმეებთან) ასევე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება. საწარმო ზემოხსენებულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს აგრეთვე იყენებს დიდი მოცულობის სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას.

საწყის ეტაპზე (ფიზ. პირების მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე) საწარმო მომსახურების საკომპენსაციო თანხის გადახდისას ახდენდა საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაბევრას (ნაწილი ამ ფიზიკური პირებისა წარმოადგენდნენ შპს ----- დაქირავებულ პირებს), ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემდეგ აღარ ახორციელებს საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულებას და ფიზ. პირები თვითონვე ახდენენ მიღებული შემოსავლების დეკლარირებას 5%-იანი განაკვეთით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულების თანახმად მომსახურების საკომპენსაციო თანხის 95%-ის გადახდა ხდება მომსახურების გაწევის მომენტში, ხოლო დარჩენილი 5%-ის მომდევნო საანგარიშო პერიოდის მარტში. ასევე არსებობს ამონაწერი სააღრიცხვო მონაცემებიდან და საწარმოს მიერ წარმოდგენილი განაცემთა შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ შპს ----- ზემოხსენებულ პირებზე ანაზღაურებულ თანხებს მცირე მეწარმედ რეგისტრაციის მომენტამდე განიხილავდა როგორც ხელფასის სახით განაცემი.“

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შემმოწმებელს ჰქონდა საკმარისი საფუძველი სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით შეეცვალა ოპერაციის ფორმა შინაარსის მიხედვით და აღნიშნული პიროვნების მიერ შესრულებული მომსახურება განეხილა ხელფასად. ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- -ს საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი ვ. გორგასლის ქ. N16), ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხვ. მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმეებისთვის გადახდილი მომსახურების საფასურის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს უფიქსირდება სამონტაჟო და საშუამავლო მომსახურების ხარჯები.

გადამხდელის განმარტებით:

1. სამონტაჟო მომსახურებას უწევს ფიზიკური პირები, რომელთა ძირითად ნაწილს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. ხელშეკრულების მიხედვითაც ფიზიკური პირი ვალდებულია 48 საათის განმავლობაში, განსაზღვრული სამუშაო ფორმით უნდა გამოცხადდეს საწარმოს მიერ მითითებულ მისამართზე და მოახდინოს საქონლის შეკეთება/მონტაჟი.

2. საშუამავლო მომსახურება გულისხმობს ფიზიკური. პირების მიერ საწარმოსთვის საქონლის რეალიზაციაში დახმარებას (მყიდველის მიყვანას).

საწარმო აღნიშნულ პირებზე მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემდეგ აღარ ახორციელებს საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულებას.

შემოწმების მიერ საწარმოსა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს შორის ურთიერთობა განხილულ იქნა, როგორც დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობა. გაცემული თანხები განხილულ იქნა როგორც ხელფასის სახით განაცემი და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შემმოწმებელს ჰქონდა საკმარისი საფუძველი სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით შეეცვალა ოპერაციის ფორმა შინაარსის მიხედვით. ამდენად, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 154(1).