დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 50
2022 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი განსაზღვრავს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დამოკიდებულ პირთა სიის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 3. დამოკიდებული პირი და დამოკიდებულ პირთა სია
1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის შესახებ მონაცემები შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში.
2. დამოკიდებულ პირთა სია გულისხმობს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზას.
მუხლი 4. დამოკიდებულ პირთა სიის წარმოება
1. დამოკიდებულ პირთა სიის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური (შემდგომში - შემოსავლების სამსახური).
2. დამოკიდებულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის (მათ შორის, საქართველოს მოქალაქის, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა) შესახებ მონაცემების შეტანა.
3. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება:
ა) თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განცხადებას დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით, დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით იდენტიფიცირების გზით;
ბ) პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადი შემოსავლების სამსახურში შეიძლება წარდგენილ იქნეს დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის მსურველი პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადება წარდგენილია შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით, დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით იდენტიფიცირების გზით), რაც უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით (დოკუმენტი უნდა შეიცავდეს უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით პირის დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შესახებ მითითებას).
5. შემოსავლების სამსახურის მიერ პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანა ხდება პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანების შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
6. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით.
7. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება ხდება შემოსავლების სამსახურის მიერ:
ა) დამოკიდებული პირისთვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ დოკუმენტს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს დამოკიდებული პირი/ დამოკიდებული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რაც უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით;
ბ) დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიიდან ვადაზე ადრე ამოღების შესახებ მოსამართლის ბრძანების შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
8. დამოკიდებულ პირთა სიაში აისახება დამოკიდებულ პირთა შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი, ხოლო საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა - ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში (მათ შორის, პასპორტში) მითითებული პირის პირადი/მაიდენტიფიცირებელი ნომერი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 16 აპრილის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 22.04.2025წ.
მუხლი 5. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადების წარდგენის, განხილვის, მონაცემების სიაში შეტანისა და სიის გამოყენების წესი
1. დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე განცხადება, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით, დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით იდენტიფიცირების გზით, წარედგინება შემოსავლების სამსახურს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს განცხადების წარმდგენი პირის:
ა) სახელს და გვარს;
ბ) პირად ნომერს, ხოლო საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა - ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში (მათ შორის, პასპორტში) მითითებულ პირის პირად/მაიდენტიფიცირებელ ნომერს;
გ) დასტურს იმის შესახებ, რომ სურს მისი მონაცემები შეტანილ იქნეს დამოკიდებულ პირთა სიაში;
დ) განცხადების წარდგენის თარიღს;
ე) ხელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადება წარდგენილია შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით, დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით იდენტიფიცირების გზით ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის გამოყენებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) განცხადების წარმდგენი პირის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა - ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, პასპორტის) ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადება წარდგენილია შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით, დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით იდენტიფიცირების გზით ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის გამოყენებით;
ბ) უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - თუ განცხადება წარდგენილია უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
4. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციისას, მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახდენს განცხადების წარმდგენი პირის იდენტიფიკაციას.
5. შემოსავლების სამსახური ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ახორციელებს განცხადების წარმდგენი პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანას.
51. პირის მიერ განცხადების შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით, დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით იდენტიფიცირების გზით წარდგენის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, 1 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს განცხადების წარმდგენი პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანას.
6. დამოკიდებულ პირთა სიის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.
7. ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის, აგრეთვე ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამოკიდებულ პირთა სიიდან პირის შესახებ მონაცემების ვადაზე ადრე ამოღების შემთხვევაში, დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირის შესახებ მონაცემები ინახება შესაბამისი გარემოების (მონაცემთა შენახვის ვადის გასვლა/სიიდან მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება) დადგომიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №359 - ვებგვერდი, 31.10.2024წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 16 აპრილის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 22.04.2025წ.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე