გადაწყვეტილება №20774/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.11.2023
№ დოკუმენტი 20774/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20774/2/2023

22 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 6.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20774/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 5.02.2021 წლის №1647 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №006-20 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივნისის №13281 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 770 832 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 372 343

მოგების გადასახადი - 927 653

საშემოსავლო გადასახადი - 444 690

ჯარიმა - 686 271 საურავი - 712 218

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 14 სექტემბრის №27661 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 11 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 17 ნოემბრის №34179 ბრძანება და 18 ნოემბრის №006-647 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 957 635 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2020 წლის 23 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 5.02.2021 წლის №1647 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, კერძოდ, ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულების განსაზღვრის მიზნით, იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური ბიზნესის მწარმოებელ სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების/საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი ფასების მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.02.2021 წლის №1647 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნა, 2.02.2023 წლის №1681 ბრძანება და №006-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 652 553 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 2 770 832 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 10 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 ივნისის №13281 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულება განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით ანალოგიური ბიზნესის მწარმოებელ, სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი ფასების მიხედვით.

გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს არ გააჩნია შეძენის დოკუმენტები, აღნიშნული ხარჯები მიჩნეულ იქნა გაცხადებულ ხარჯად. შედეგად, შემცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებული თანხის ოდენობა, რამაც გამოიწვია დარიცხული თანხების შემცირება მოგების გადასახადში და ხელფასად დაკვალიფიცირებული უპროცენტო სესხის სარგებელზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადში.

ამასთან, გადამხდელის მიერ გაცხადებულ და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის დადებითი სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. რაც შეეხება საწარმოს დირექტორზე სესხად დაკვალიფიცირებულ თანხაზე 20%-იანი საპროცენტო განაკვეთის გამოყენების საკითხს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ თავდაპირველად წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად არ იყო მითითებული აღნიშნული გარემოება, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, შეისწავლეს სხვა გადასახადის გადამხდელების ჯართის შეძენის ფასები, მაგრამ ეს თანხა კი არ ჩათვალეს საწარმოს შეძენის ფასად, არამედ მიღებული თანხის 75%, რატომ? რის საფუძველზე? შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში არ არის მითითება, რომ შესყიდვის ფასი დაადგინეთ სხვა გადამხდელების მონაცემების 75%-ის ოდენობით, ასე რომ 75% უსაფუძვლოდ არის მიყენებული მთლიან შეძენებზე. ალბათ აუდიტის დეპარტამენტმა გამოიყენა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რომელიც მიღებულია და დამტკიცებულია 2011-2012 წლებში და მას შემდეგ გასულია მთელი 11 წელი, ასე რომ აღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელო ვერ პასუხობს დღევანდელი ეკონომიკის განვითარებას და არის რბილად რომ ვთქვათ დრომოჭმული და მისი შინაარსი არ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, მომჩივნის მოთხოვნაა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ სხვა ანალოგიური ბიზნესით დაკავებული პირებიდან მიღებული მონაცემებით დადგენილი ჯართის შეძენის ფასები მთლიანად, 100%-ით იქნას ხარჯად აღიარებული და შესაბამისად მოხდეს მოგების გაანგარიშება და მოგების გადასახადის გადაანგარიშება.

ასევე, არ ეთანხმებიან მიღებული მოგების სესხად გაცემის დროს დაფიქსირებულ 20%-იან წლიურ სარგებელს და აღნიშნული სარგებლის ხელფასად განხილვით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, ვინაიდან სარგებლის 20%-იანი განაკვეთი დადგენილია ფინანსთა მინისტრის 2011 წლის ბრძანებით, რაც ასევე არ არის საბაზრო საპროცენტო განაკვეთი და წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კოდექსთან. სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი და აცხადებს თავის საიტზე. სწორედ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სესხის საბაზრო განაკვეთით უნდა ხდებოდეს სარგებლის გაანგარიშება. შესაბამისად, სესხის სარგებლის ხელფასად დადგენილი თანხაც ექვემდებარება გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 5.02.2021 წლის №1647 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, კერძოდ, ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულების განსაზღვრის მიზნით, იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური ბიზნესის მწარმოებელ სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების/საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი ფასების მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 5 თებერვლის №1647 ბრძანების შესაბამისად, ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულება განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური ბიზნესის მწარმოებელ სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი ფასების მიხედვით. აღნიშნული ხარჯები მიჩნეულ იქნა გაცხადებულ ხარჯად (კომპანიას არ გააჩნია შეძენის დოკუმენტები). შედეგად, ხარჯების გათვალისწინებით, შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებული თანხის ოდენობა, რამაც გამოიწვია დარიცხული თანხების შემცირება მოგების გადასახადში და ხელფასად დაკვალიფიცირებული უპროცენტო სესხის სარგებელზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადში. ვინაიდან გადაანგარიშებით გაიზარდა ფიზიკური პირებისგან ჯართის შეძენაზე გაწეული ხარჯის ოდენობა, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით, საწარმოს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი - 3%.

ამასთან, „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის №39866 ბრძანებით დამტკიცებული №6 დანართის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებულ და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის დადებითი სხვაობა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდ(ებ)ში, განიხილება მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად.

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიიჩნევა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია. შესაბამისად, მომჩივანს გაცხადებული ხარჯის 25 პროცენტზე დამატებით დაერიცხა მოგების გადასახადი. გადაანგარიშების შედეგად საწარმოს შეუმცირდა დარიცხული თანხა 652 553 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 435 036 ლარი და ჯარიმა - 217 517 ლარი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

დავის საგანი

შემოსავლების სამსახურის 5.02.2021 წლის №1647 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 10 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 ივნისის №13281 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ).