გადაწყვეტილება №27701/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27701/2/2026
23 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ის 1.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27701/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2026 წლის №006-145 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.06.2026 წლის №12959 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 57 616,75 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 36 179,00
ჯარიმა - 18 089,00
საურავი - 3 348,75
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. გადასახადის გადამხდელად და დღგის გადამხდელად რეგისტრირებულია 2025 წლის 24 იანვარს.
აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.03.2025 წლიდან 1.11.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2026 წლის №006-145 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.06.2026 წლის №12959 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების მიხედვით გამოვლინდა სხვაობა საზოგადოების მიერ გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებით დასაბეგრ ბრუნვასა და დღგ-ის დეკლარაციებში ასახულ მონაცემებს შორის. გამოვლენილ სხვაობებზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, მომჩივნის პოზიციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანს არ წარუდგენია შესაბამისი არგუმენტები და მტკიცებულებები, მათ შორის ანგარიშ-ფაქტურების განაშთვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მის არგუმენტს, რომ ანგარიშ-ფაქტურების გამოწერისას ადგილი ჰქონდა გარკვეულ შეცდომებს, ასევე განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დადასტურებულია მეორე მხარეების მიერ და ასახულია შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2025 წელს კომპანიას ჰყავდა სულ 2 დამკვეთი: შპს „------“ (ს/ნ ------) და შპს „-------“ (ს/ნ ------------).
შპს „------მ“ (ს/ნ ---------) 2025 წლის მარტის თვეში შეუსრულა 70 481 ლარის სამშენებლო სამუშაოები და ამავე პერიოდში ჩაერიცხა 80 481 ლარი, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს ღირებულება 70 480,8 ლარი (რაზეც გამოიწერა ფაქტურა ეა-------) და ავანსის სახით მიღებული თანხა 10 000 ლარი (რაზეც გამოწერილია ფაქტურა ავ--------). 2025 წლის აპრილის თვეში შეასრულა 50 000 ლარის სამშენებლო სამუშაოები, რაზეც ასევე გამოიწერა ფაქტურა ეა-------, რომელიც უნდა დაწყვილებულიყო 2025 წლის მარტის თვეში გამოწერილ ავ------ ფაქტურასთან. შპს „--------ის“ მიერ ანგარიშფაქტურების გამოწერის დროს დაშვებულია შეცდომა შპს „----“-თან (ს/ნ ----) მიმართებით, კერძოდ გარდა ზემოაღნიშნული ფაქტურებისა 2025 წლის მარტის თვეში გამოწერილია კიდევ ერთი ეა----- ფაქტურა 80 480,8 ლარზე, რომელიც არ არის წაშლილი და აუდიტის დეპარტამენტის მიერ სწორედ ეს ფაქტურა იქნა განხილული ამ პერიოდში დამატებით დასაბეგრ ბრუნვად.
მეორე დამკვეთს წარმოადგენს შპს „------“ (ს/ნ -----), რომელთანაც სხვადასხვა პერიოდში გაფორმებულია ფორმა №2-ები, რომლის მიხედვითაც დამკვეთი პერიოდულად ახდენდა ანაზღაურებას. აღნიშნულ კომპანიასთანაც დაშვებულია უზუსტობები ანგარიშ-ფაქტურების გამოწერისას, ზოგიერთ შემთხვევაში ფაქტურის გაწერას ახდენდა ჩარიცხვის პროპორციულად, ზოგ შემთხვევაში შესრულების პროპორციულად, ხოლო ზოგ შემთხვევაში გაწერილი ფაქტურა არ ემთხვევა არც ჩარიცხვას, არც შესრულებას და საჭიროებს დაზუსტებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით და ამის საფუძველზე დაუკორექტირა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს გადასახადის გადამხდელთან/წარმომადგენელთან ერთად საკითხის შესწავლას, ვინაიდან შპს -----ს შორის გაფორმებული ფორმა №2-ები და შედარების აქტები განსხვავდება გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებისგან, რომელიც იწვევს როგორც დასაბეგრი ოპერაციის დროის, ასევე თანხის ცვლილებას 2025 წლის საანგარიშო პერიოდში.
აქვე აღნიშნავს, 2026 წლის 9 ივნისს წარმოადგინეს შუამდგომლობა 2026 წლის 10 ივნისს ჩანიშნული დავის გადადების თაობაზე, რადგან დირექტორს სურდა თავად დასწრებულიყო დავის პროცესს და თავად გაეკეთებინა კომენტარი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესახებ, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა 2026 წლის 10 ივნისს განიხილა საჩივარი გადამხდელის წარმომადგენლის გარეშე და არ დააკმაყოფილა საჩივარი იმ მოტივით, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა საჩივარზე დართული მტკიცებულებები.
საჩივარზე დართულია ის დოკუმენტური მტკიცებულებები, რაც საჩივარშია მითითებული, მათ შორის ფორმა №2-ები, მიღება-ჩაბარების აქტები და შედარების აქტები, რომელიც მთლიანად ცვლის დაბეგვრის ობიექტის სურათს. ასევე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საჭიროა მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით დარიცხული ძირითადი გადასახადისა და სანქციის კორექტირება შემცირების გზით.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან მითითებულის გათვალისწინებით, დავის განმხილველ ორგანოს ყურადღებას მიაქცევს, იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდნენ სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა- საურავი).
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ითხოვს გაუქმდეს 2026 წლის 29 აპრილის №006-145 საგადასახადო მოთხოვნა თანმდევი აქტებით და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს შპს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და სანქციის სახით დარიცხული თანხების შემცირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ სადავო დარიცხვა განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით გამოვლინდა სხვაობები საზოგადოების მიერ ელექტრონულად გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებით დასაბეგრ ბრუნვასა და წარმოდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში ასახულ მონაცემებს შორის. გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით.
მომჩივნის განმარტებით, 2025 წელს კომპანიას ჰყავდა მხოლოდ ორი დამკვეთი: შპს „-----“ და შპს „------“. შპს „---------თან“ მიმართებით, 2025 წლის მარტში შეცდომით არის გამოწერილი დამატებითი ანგარიშ-ფაქტურა (№ ეა-----) 80 480.8 ლარზე, რომელიც არ გაუქმებულა და აუდიტის მიერ არასწორად იქნა მიჩნეული დამატებით დასაბეგრ ბრუნვად. შპს „---თან“ ურთიერთობაშიც ანგარიშ-ფაქტურები გაცემულია არათანმიმდევრულად და არ შეესაბამება არც ჩარიცხვებს და არც შესრულებულ სამუშაოებს. ამასთან, ფორმა №2-ები, მიღებაჩაბარებისა და შედარების აქტები არ ემთხვევა გამოწერილ ფაქტურებს, რაც იწვევს როგორც დასაბეგრი ოპერაციის დროის, ისე თანხის არასწორ განსაზღვრას.
მომჩივანს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არსებითად ცვლის დაბეგვრის სურათს, რის გამოც აუცილებელია საკითხის ხელახალი შესწავლა და მისი შედეგების გათვალისწინებით დარიცხული ძირითადი გადასახადის კორექტირება შემცირების მიმართულებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 29.04.2026 წლის №006-145 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 57 616,75 ლარი, მათ შორის, ჯარიმა 18 089,00 ლარი და საურავი 3 348,75 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილებზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.06.2026 წლის №12959 ბრძანება;
3. პირველ დავის საგანთან დაკავშირებით:
ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბართზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.03.2025 წლიდან 1.11.2025 წლამდე პერიოდი.საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებულ ინფორმაციის მიხედვით გამოვლინდა სხვაობები საწარმოს მიერ ელექტრონულად გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებით დასაბეგრ ბრუნვასა და წარმოდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში ასახულ მონაცემებს შორის. გამოვლენილ სხვაობებზე გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-145 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №12959 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან,მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(„ა“ და ,,ბ“); 163(1.2); 164(1); 269(7); 275(2.21. 22);