გადაწყვეტილება № 97292/1/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 97292/1/2025
16 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 1.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №97292/1/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.04.2025 წლის №23689/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №043-5 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 288 253.3 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 123 535
დღგ - 49 370
საშემოსავლო გადასახადი - 74 165
ჯარიმა - 59 025
საურავი - 105 693.3
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო/სარემონტო მასალებით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 7 521 577 ლარის ღირებულების სასაქონლო
მატერიალური მარაგები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით 2018 წლის 1 იანვრისთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი შეადგენს 119 290 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთი 2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით შეადგენს 583 636 ლარს. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის დებიტორული დავალიანება შეადგენს 65 044 ლარს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დებიტორული დავალიანება შეადგენს 28 205 ლარს, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის კრედიტორული დავალიანება არ უფიქსირდება, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კრედიტორული დავალიანება შეადგენს 31 794 ლარს. საწარმოს არ გააჩნია სააღრიცხვო პროგრამა, გადამხდელი არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობრივ/რაოდენობრივ აღრიცხვას, ვერ იშიფრება საცალოდ/უდოკუმენტოდ რეალიზებული საქონელი, ვერ ხორციელდება საწარმოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ნებისმიერი ეტაპის კონტროლი და შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით წარდგენილი საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ამავე საწარმოს დოკუმენტური ფასნამატები (წლების მიხედვით: 2018 წელს - 19%, 2019 წელს - 19%, 2020 წელს - 25% და 2021 წელს - 21%). შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. საწარმოს ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დადგინდა ფულადი სახსრების ნაშთი 544 022 ლარის ოდენობით. შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2021 წლის №42066 ბრძანება და №043-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11748 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
ამასთან, მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ არსებული ფასნამატის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განესაზღვრა იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11748 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 30 მარტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 141 069 ლარით, მათ შორის გადასახადი 93 499 ლარით, ხოლო ჯარიმა 47 570 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 6.04.2023 წლის №7566 ბრძანება და №043-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14326 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 3.11.2023 წლის №20220/2/2023 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველეყო:
ა) 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (საქონლის ფასნამატის შესახებ ცხრილის) დამატებით შესწავლა, შესწავლისას საჭიროების შემთხვევაში მომჩივნისაგან გამოითხოვოს, ხოლო თავის მხრივ მომჩივანმა წარადგინოს სათანადო ინფორმაცია/მტკიცებულებები;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 3.11.2023 წლის №20220/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2024 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №16726 ბრძანება და №043-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 4.04.2025 წლის №23689/2/2024 გადაწყვეტილებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 1.04.2025 წლის №------ დასკვნა;
3. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს:
ა) 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (საქონლის ფასნამატის შესახებ ცხრილის) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 1.04.2025 წლის №------ დასკვნის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 4.04.2025 წლის №23689/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2025 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №15258 ბრძანება და №043-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშების ეტაპზე შემმოწმებლის მიერ არ იქნა სრულად გათვალისწინებული მის მიერ წარდგენილი დეტალური გაანგარიშებები. მიაჩნია, რომ გაანგარიშება შემმოწმებლის მიერ მოხდა რიგი შეცდომების დაშვებით და ზედაპირულად, შედეგად კი შემმოწმებელს კვლავ უნდა დაევალოს საკითხის სიღრმისეული შესწავლა. კერძოდ კი ეს არგუმენტებია:
შემმოწმებლის გაანგარიშების ცხრილები შედგენილია მთელი რიგი დარღვევებით და შეცდომებით,კერძოდ:
არის გამოყოფილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ჯგუფები;
ზომის ერთეულები არ არის ერთმანეთის შესაბამისი;
ცალკეულ საქონელზე იდენტიფიცირებულია მხოლოდ სარეალიზაციო ფასი და არ არის შეპირისპირებული შესაბამისი შესყიდვის ფასი;
შერჩევაში 40%-მდე მარტო ცემენტის ფასნამატები არის გათვალისწინებული.
შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებულ რეალიზაციაში მოხვედრილია ისეთი ნედლეული და მასალები, რომელიც კომპანიამ გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის და მათი გაყიდვა არ მომხდარა. კერძოდ კი აღნიშნული მასალების გამოყენებით კომპანიამ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 52.06.34.003) საკუთარი ძალებით ააშენა შენობა-ნაგებობა. ვინაიდან, შემმოწმებლებმა არცერთ ეტაპზე არ გაითვალისწინეს აღნიშნული გარემოება და შენობა-ნაგებობაზე გახარჯული მასალები არ ამოიღეს რეალიზაციიდან, იმ სიტყვიერი განმარტების საფუძველზე, რომ თითქოს და ვერ დგინდებოდა შენობა-ნაგებობაზე გახარჯული მასალების მთლიანი ღირებულება (თუმცა ამასთან დაკავშირებით მის მიერ იყო წარდგენილი გაშიფრული ინფორმაცია), 2024 წლის 29 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა დაედგინა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის ღირებულება.
შესაბამისად, მოითხოვს შემმოწმებელს დაევალოს, რომ გაითვალისწინოს ექსპერტიზის დასკვნა და შენობა-ნაგებობაზე გახარჯული მასალები ამოიღოს რეალიზაციიდან, შესაბამისად დაკორექტირდეს (შემცირდეს) დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის თანხის დარიცხვები, სანქციის თანხებთან ერთად.
აღნიშნული არგუმენტებიდან და სხვა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად თვლის, რომ შემმოწმებლების გაანგარიშებები არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების შესახებ არასწორია და შესაბამისად, არასწორია ის დარიცხვაც, რაც განხორციელდა შესამოწმებელ 1.01.2018-1.07.2021 პერიოდის დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში, სანქციების თანხებთან ერთად.
შესაბამისად, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება. და რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს მასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა და მის მიერ წარდგენილი ფასნამატების ცხრილის თანმიმდევრულად და მისი ჩართულობით შესწავლა, შედეგად არასწორად დარიცხული გადასახადების შემცირება.
გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭოს 4.04.2025 წლის №23689/2/2024 გადაწყვეტილებით:
1.საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2.მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1.04.2025 წლის №002046925 დასკვნა;
3. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს:
ა) 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (საქონლის ფასნამატის შესახებ ცხრილის) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 1.04.2025 წლის №002046925 დასკვნის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 4.04.2025 წლის №23689/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2025 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით:
1. გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა დამატებით საჩივარში დასმული საკითხების შესწავლა, კერძოდ 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (საქონლის ფასნამატის შესახებ ცხრილის) დამატებით შესწავლა. წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით გადამხდელის მიერ 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე გაშიფრულია მთლიანი რეალიზაციიდან 713 034 ლარიდან, 351 034 ლარის რეალიზაცია, ხოლო გადაანგარიშებით გაიშიფრა 407 758 ლარის საქონლის რეალიზაცია, ხოლო 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე მთლიანი რეალიზაციიდან 365 762 ლარიდან, გადამხდელის მიერ გაშიფრულია 38 052 ლარის საქონლის რეალიზაცია, გადაანგარიშებით გაიშიფრა 62 174 ლარის საქონლის რეალიზაცია. აღნიშნული ცხრილი გადაგზავნილი აქვს გადამხდელზე თუმცა დამატებით არგუმენტები არ წარუდგენია. გადაანგარიშებით მიღებული მონაცემები იდენტურია გადამხდელზე დარიცხული ვალდებულებების, შესაბამისად 2025 წლის 25 ივნისის დასკვნით გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი;
2. გადაწყვეტილების შესაბამისად წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 1.04.2025 წლის №002046925 დასკვნა, დასკვნის მიხედვით დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ხორნაბუჯში, 52.06.34.003 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის მშენებლობაზე, განმცხადებლის მიერ მითითებული მასალების ღირებულებამ წარდგენილი მასალათა შესყიდვის, საპროექტო დოკუმენტაციის და ობიექტზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 158 407.84 ლარი. საგადასახადო შემოწმებით ზემოაღნიშნულ მშენებლობაზე სრულადაა მიკუთვნებული ექსპერტიზის მიხედვით გაწეული დანახარჯები, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას/შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა საჩივრის ზეპირ განხილვაში მიეღო მონაწილეობა. უშუალოდ საჩივრის განხილვის დაწყებამდე, სატელეფონო საშუალებით გამართული კომუნიკაციის შედეგად, მას არ მოუთხოვია საჩივრის განხილვის გადადება და თანხმობა განაცხადა საჩივრის მის გარეშე განხილვაზე.
ამასთან, საბჭო მხედველობაში იღებს ზემოაღნიშნულ დასკვნაში წარმოდგენილ ინფორმაციას და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი საჩივარში ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივანი მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 4.04.2025 წლის №23689/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 4.04.2025 წლის №23689/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №043-5 საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო/სარემონტო მასალებით. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 7 521 577 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური მარაგები.შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის კრედიტორული დავალიანება არ უფიქსირდება, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კრედიტორული დავალიანება შეადგენს 31794 ლარს. საწარმოს არ გააჩნია სააღრიცხვო პროგრამა, გადამხდელი არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობრივ/რაოდენობრივ აღრიცხვას, ვერ იშიფრება საცალოდ/უდოკუმენტოდ რეალიზებული საქონელი, ვერ ხორციელდება საწარმოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ნებისმიერი ეტაპის კონტროლი და შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საწარმოს ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დადგინდა ფულადი სახსრების ნაშთი. შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 4.04.2025 წლის №23689/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
269(7)