გადაწყვეტილება №22944/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.07.2024
№ დოკუმენტი 22944/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22944/2/2024

31 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---ს“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 23.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22944/2/2024).

 

დავის საგანი:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №006-677 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7169 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 278 882 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 755 417

დღგ - 151 019

მოგების გადასახადი - 57 703

საშემოსავლო გადასახადი - 546 695

ჯარიმა - 453 531

საურავი - 69 934

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს ძირითადი საქმიანობაა ლითონის კონსტრუქციების, ალუმინის კარ-ფანჯრების, პროფილების, ტიხრების, მინა პაკეტების, მოაჯირების დამზადება და მონტაჟი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14089 და 19 დეკემბრის №31967 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოწმების პროცესში, საწარმოს პირველადი დოკუმენტების და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, სალდირებულად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს სხვაობის თანხაზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №32705 ბრძანება და №006-677 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 278 882 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 6 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 2 აპრილის №7169 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7169 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ზედმეტად ჰქონდა დაბეგრილი შემოსავლები, შესრულებული სამუშაოს, გაყიდული საქონლის და მიღებული ავანსების გათვალისწინებით და შესაბამისი გამოწერილი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე დღგ-ის გადასახდელი თანხა მცირდება 44 879 ლარით, ხოლო შემოწმებით განხორციელდა 12 366 ლარის დამატებით დარიცხვა, თუმცა გაუგებარია რაზე დაყრდნობით განხორციელდა დამატებით 57 245 ლარის დარიცხვა. შემოწმების პერიოდში შემმოწმებლების მხრიდან არ მომხდარა აღნიშნული სხვაობის განხილვა. დანართის სახით წარმოადგენს კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებს და ანგარიშ-ფაქტურებს. მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მოთხოვნა №066-677 და ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის ბრძანება №7169 იმ ნაწილში რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3 საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის პირველადი დოკუმენტები და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, სალდირებულად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს სხვაობის თანხაზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ზედმეტად ჰქონდა დაბეგრილი შემოსავლები. შესრულებული სამუშაოს, გაყიდული საქონლის და მიღებული ავანსების გათვალისწინებით და გამოწერილი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე დღგ-ის გადასახდელი თანხა მცირდება 44 879 ლარით, ხოლო შემოწმებით განხორციელდა 12 366 ლარის დამატებით დარიცხვა. დანართის სახით წარმოადგენს კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებს და ანგარიშფაქტურებს.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, მომჩივნის არგუმენტაციის და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესაფასებელია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7169 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში, საწარმოს პირველადი დოკუმენტების და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, სალდირებულად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს სხვაობის თანხაზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №006-677 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 6 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 2 აპრილის №7169 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7169 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესაფასებელია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164.