ბრძანება N 21910
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21910
07 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის” (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 31 ივლისის
საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს „---ს” (ს/ნ ---) №130185/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2023 წლის 7 ივლისის №125-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად დარჩენილი თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ 700-მდე ფერმერისგან განხორციელებულია 1971 შესყიდვის ოპერაცია, ჯამში 16 890 720 ლარის ღირებულების. აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია-შესყიდვის რეესტრი, რომლის მიხედვით იდენტიფიცირდება მომწოდებლები, ასევე სანოტარო წესით დამოწმებული აქტები. აცხადებს, რომ აუდიტორის მოთხოვნის შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა იმ რაოდენობის სანოტარო წესით დამოწმებული შესყიდვის აქტები, რამდენიც იყო მოთხოვნილი. მიუთითებს, რომ შესყიდვის ყველა აქტი არის სანოტარო წესით დადასტურებული, შესაბამისად, მითითება მათი ნამდვილობის საეჭვოობის შესახებ უსაფუძვლოდ მიაჩნია. აცხადებს, რომ დასკვნა არ შეიცავს მითითებას თუ რაში მდგომარეობდა არსებითობის პრინციპი, რომლითაც შეირჩა კონკრეტული შესყიდვის დოკუმენტები, არ არის მითითება თუ კონკრეტულად რომელი, რამდენი, რომელი პირისგან შესყიდვის შესახებ აქტები იქნა შერჩეული. აცხადებს, რომ შესყიდვის აქტებში ასახული ინფორმაციის არანამდვილობა ნიშნავს დოკუმენტების გაყალბებას, რისი გაკეთებაც სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტებში აბსოლუტურად შეუძლებელია, რადგან დოკუმენტზე მისი მხარეების ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ ბუღალტერიის წარმოება ხორციელდებოდა დადგენილი წესის შესაბამისად და არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. ითხოვს 2021 წლის 28 დეკემბრის N125-47 და 2023 წლის 7 ივლისის N125-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №3909 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 27 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,1. შპს „---ის” (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებული იქნება სანოტარო წესით (წარმოსადგენი მტკიცებულებები შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან).
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №3909 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 22 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 ივლისის №125-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელს მოსთხოვა შესყიდვის აქტების (არსებითობის პრინციპით შერჩეული) სანოტარო წესით დამოწმება. შპს ,,---ის’’ მიერ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილ იქნა ნოტარიულად დამოწმებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების ნაწილი. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა საგამოძიებო ორგანოს, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ შესყიდვის აქტებში მითითებული ინფორმაცია არ დადასტურდა. შესაბამიასდ, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №125-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასათან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების პროცესში, საწყის ეტაპზე, როდესაც გადამხდელის მიერ მოწოდებულ იქნა შესყიდვების რეესტრის ელექტრონული ფორმა, შემოწმების ჯგუფის მიერ განხორციელდა ფასების გადამოწმება მომწოდებლებთან, სატელეფონო გასაუბრების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა არ ადასტურებდა საქონლის მიწოდების ფაქტს, ნაწილი საერთოდ უარყოფდა აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას, ხოლო ნაწილი კი აფიქსირებდა შესყიდვის აქტებში მითითებულისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ ფასს.
შემოწმების ჯგუფის მიერ ფიზიკურ პირებთან გასაუბრებისას კითხვა დაისვა არამხოლოდ აღნიშნული კომპანიისთვის საქონლის მიწოდებასთან/მიწოდებული საქონლის ღირებულებასა და რაოდენობასთან დაკავშირებით, არამედ, დაკონკრეტებულ იქნა, ზოგადად ამ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, რა იყო მიწოდების ფასი (წლების მიხედვით საშუალოდ). აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ გამორკვეულ იქნა, დაახლოებით რა რაოდენობის მოსავალი ჰქონდა ფერმერს სეზონის განმავლობაში. ეს გარემოება განსაკუთრებულად საყურადღებოა, ვინაიდან, თითოეულ ფიზიკურ პირს ერთჯერადად საკმაოდ დიდი რაოდენობის საქონელი აქვს მიწოდებული კომპანიისთვის (მაგ.: 15 ტონა, 20 ტონა, 50 ტონა და მეტი), რაც საეჭვოს ხდის ოპერაციის ნამდვილობას, ვინაიდან მათი ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებას, განმარტავს, რომ სეზონზე ამ რაოდენობის მოსავალი არ უფიქსირდება.
შემოწმების მიერ, შემდეგ ეტაპზე, ფიზიკური პირების ნაწილისაგან გამოთხოვილ იქნა წერილობითი ახსნა-განმარტება. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების მიხედვით, მათი 77% არ ადასტურებს საქონლის მიწოდების ფაქტს, ამასთან, მათგან ნაწილი საერთოდ უარყოფს არათუ შპს „---ის’’ საქონლის მიწოდებას, არამედ, ზოგადად აღნიშნული საქმიანობის განხორციელების ფაქტს. აგრეთვე, მოწოდებულ ინფორმაციებში არის შემთხვევები, როდესაც ფიზიკური პირები ადასტურებენ საქონლის მიწოდებას, თუმცა აფიქსირებენ მნიშვნელოვნად განსხვავებულ ფასს. ფიზიკური პირები სატელეფონო საუბარში აფიქსირებდნენ არსებითად დაბალ ფასებს, რაც ემთხვეოდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ მონაცემებს (სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები საქართველოში, ფასი ფერმის კართან).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შემდგომ ეტაპზე, მოთხოვნილ იქნა შესყიდვის აქტების ნოტარიულად დამოწმება. გადასახადის გადამხდელის მიერ ნოტარიულად დამოწმებულ იქნა შეძენილი საქონლის 13%. გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №3909 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელს დამატებით მოსთხოვა შესყიდვის აქტების (არსებითობის პრინციპით შერჩეული) სანოტარო წესით დამოწმება. კერძოდ, გაგზავნილ იქნა 200 შესყიდვის აქტი, საიდანაც დამოწმებულ იქნა 104 მათგანი, (მოთხოვნილის 52%). ჯამში, გადასახადის გადამხდელის მიერ დამოწმებულ იქნა შეძენილი საქონლის 33%, როგორც საგადასახადო შემოწმების, ასევე გადაანგარიშების ეტაპზე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის
ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა საგამოძიებო ორგანოს, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმადაც (5 პირის გამოკითხვის ოქმი), აღნიშნულ შესყიდვის აქტებში მითითებული ინფორმაცია არ დადასტურდა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №3909 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილვას თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უკვე არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „---ის” (ს/ნ ---) №130185/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „---ის” (ს/ნ ---) საჩივარი 2023 წლის 7 ივლისის №125-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „---ის” (ს/ნ ---) საჩივარი 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად დარჩენილი თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
გადამხდელი ითხოვს 2021 წლის 28 დეკემბრის N125-47 და 2023 წლის 7 ივლისის N125-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №3909 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 22 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 ივლისის №125-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ვინაიდან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უკვე არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე №130185/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ზ); 302 (6); 304 (21);