ბრძანება N 14719

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.06.2023
№ დოკუმენტი 14719
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14719

27.06.2023

სს „---------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: ------------)

2023 წლის 3 მაისის, 5 მაისის და 15 ივნისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა სს „--------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 3 მაისის №80782/1/2023, №80783/1/2023, №80784/1/2023, 5 მაისის №77955/01 და 15 ივნისის №102740/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №006-118 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზაციის საფუძვლით, უძრავი ქონების სარეალიზაციო ღირებულების შეცვლას (გაზრდას) საბაზრო ფასით და სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო შენობა-ნაგებობის ღირებულების დღგ-ით დაბეგვრას.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე არ მომხდარა უძრავი ქონების რეალიზაცია. ასევე, აღნიშნავს, რომ დარღვეულია საბაზრო ფასის დადგენის პრინციპები, რადგან საბაზრო ფასად აღებულია ქონების ღირებულება 2022 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, ხოლო ოპერაცია (ქონების მიწოდება), რომელიც დაიბეგრა ამ საბაზრო ფასით განხორციელდა 2021 წლის 31 მარტს.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს მყიდველებთან, რათა განხორციელდეს ნასყიდობის ფასის კორექტირება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით დადგენილი ფასით. გადამხდელი ითხოვს, რომ თუ არ მოხდება მათი პოზიციის გაზიარება ურთიერთდამოკიდებულ პირებთან მიმართებაში, უნდა მოხდეს სს ---------სა და მყიდველ პირებს შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინება. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს დარიცხული მოგების გადასახადი და მისგან გამოწვეული სანქცია-საურავები, ხოლო რაც შეეხება დღგ-ს, გადამხდელი მიუთითებს, რომ დასაბეგრი ბაზა უნდა განისაზღვროს მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფასის შესაბამისად.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 იანვრის №1117 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს „--------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 24 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 აპრილის №7231 ბრძანება და ამავე თარიღის №006-118 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 892 736 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 598 882 ლარი, ჯარიმა 729 586 ლარი, საურავი 564 268 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

სს „-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1996 წლის 15 ოქტომბერს, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება არ უფიქსირდება, გარდა მის მიერ 2021 წლის 31 მარტს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით (არასაცხოვრებელი)) რეალიზაციისა. საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება საბანკო ანგარიშები, აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №092020622007 საქმეზე, საზოგადოების ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე. შემოწმების პროცესში საგამოძიებო სამსახურის მხრიდან მოწოდებულ იქნა საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, აღნიშნული დოკუმენტაციის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:

2021 წლის 31 მარტს სს „--------“-მა (ს/ნ -------) ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, წევრებისა და დირექტორის ოჯახის წევრებზე) 135 000 ლარად გაყიდა მის საკუთრებაში არსებული 38 321 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული 8 042 კვ.მ შენობა-ნაგებობებით (არასაცხოვრებელი). აღნიშნული უძრავი ქონება შეძენის შემდგომ, შემძენი ფიზიკური პირების მიერ „უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების" საფუძველზე გასხვისდა სს „-------“-ის (ს/ნ -------) სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთ წევრზე და ასევე, სხვა ფიზიკურ პირზე, რომელთა დაკვეთითაც 2022 წლის 26 აგვისტოს მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების შეფასება სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ და მოახდინეს შეფასების ღირებულებით ქონების მათ მიერ დაფუძნებული შპს „-------"-ს საწესდებო კაპიტალში შეტანა. შეფასების დასკვნის მიხედვით განსახილველი 38 321 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის (მასზე დამაგრებული 8 042 კვ.მ შენობა-ნაგებობებით (არასაცხოვრებელი)) საბაზრო ღირებულებაა 2 117 000 აშშ დოლარი, მათ შორის მიწის ღირებულება შეადგენს 1 513 000 აშშ დოლარს, ხოლო შენობა ნაგებობების ღირებულება შეადგენს 604 000 აშშ დოლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით 2021 წლის 31 მარტს სს „-------“-ის (ს/ნ -------) მიერ 135 000 ლარად ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გაყიდული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ლიცენზირებული შემფასებლის დასკვნის შესაბამისად 2021 წლის 31 მარტისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით შეადგენს 7 222 781 ლარს, მათ შორის მიწის ღირებულება შეადგენს 5 162 053 ლარს (1 513 000*3.4118), ხოლო შენობა ნაგებობების ღირებულება შეადგენს 2 060 727 ლარს (604 000*3.4118). აღსანიშნავია, რომ სს „-------“-ს (ს/ნ -------) უძრავი ქონების რეალიზაციით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირება არ განუხორციელებია. შემოწმებით დადგენილი გარემოებების ანალიზის შედეგად გადამხდელს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2021 წლის 31 მარტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების, ასევე, 159-ე მუხლის და 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად შემოწმების შედეგად სს „-------“-ის (ს/ნ -------) მიერ რეალიზებულ უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობა 7 087 781 ლარი (7 222 781ლარს-135 000ლარი) დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე რეალიზებული შენობა ნაგებობების საბაზრო ღირებულება დღგ-ს გარეშე 1 746 379 ლარი (2 060 727 ლარი/1.18) დაიბეგრა დღგ-ით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:

ა.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი თანახმად საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:

ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;

გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზაციის საფუძვლით, უძრავი ქონების სარეალიზაციო ღირებულების შეცვლას (გაზრდას) საბაზრო ფასით. გადამხდელი მიუთითებს, რომ ვინაიდან უძრავი ქონების მიწოდება მოხდა 2021 წლის 31 მარტს, ხოლო ამავე უძრავი ქონების შეფასება განხორციელდა 2022 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, საგადასახადო შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული შეფასების დასკვნის შედეგად დადგენილი საბაზრო ფასის დაბეგვრის მიზნებისთვის გამოყენება არღვევს საბაზრო ფასის დადგენის პრინციპებს. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას მის მიერ წარმოდგენილი დასკვნა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 27 თებერვლის №003265423 დასკვნა უძრავი ქონების შეფასების შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 27 თებერვლის №003265423 დასკვნა უძრავი ქონების შეფასების შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზაციის საფუძვლით, უძრავი ქონების სარეალიზაციო ღირებულების შეცვლას (გაზრდას) საბაზრო ფასით და სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო შენობა-ნაგებობის ღირებულების დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება არ უფიქსირდება, გარდა მის მიერ 2021 წლის 31 მარტს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით (არასაცხოვრებელი)) რეალიზაციისა. გადამხდელის მიერ 135 000 ლარად ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გაყიდული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ლიცენზირებული შემფასებლის დასკვნის შესაბამისად 2021 წლის 31 მარტისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით შეადგენს 7 222 781 ლარს, მათ შორის მიწის ღირებულება შეადგენს 5 162 053 ლარს (1 513 000*3.4118), ხოლო შენობა ნაგებობების ღირებულება შეადგენს 2 060 727 ლარს (604 000*3.4118). აღსანიშნავია, რომ გადამხდელს უძრავი ქონების რეალიზაციით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირება არ განუხორციელებია. შემოწმებით დადგენილი გარემოებების ანალიზის შედეგად გადამხდელს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2021 წლის 31 მარტიდან.

შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ რეალიზებულ უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობა 7 087 781 ლარი (7 222 781ლარს-135 000ლარი) დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე რეალიზებული შენობა ნაგებობების საბაზრო ღირებულება დღგ-ს გარეშე 1 746 379 ლარი (2 060 727 ლარი/1.18) დაიბეგრა დღგ-ით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 27 თებერვლის №003265423 დასკვნა უძრავი ქონების შეფასების შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 19(1), 18, 96"ა", 97(1"ა"), 981(4"ა"), 159(1"ა"), 163(1), 164(7), 43(4).