გადაწყვეტილება №20326/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20326/2/2023
07 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 19.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20326/2/2023).
დავის საგანი:
უძრავი ქონების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №006-533 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13532 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 131 423 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 88 097
დღგ - 88 041
ქონების გადასახადი - 56
ჯარიმა - 43 326
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საზოგადოების საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და ფართების რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 4.06.2008 წლის №228 ბრძანებით დამტკიცებული სამშენებლო ნებართვის საფუძველზე გაიცა ნებართვა შპს ------ს (ს/ნ -----) დირექტორზე ------ს სახელზე. ხოლო შპს -----ს (ს/ნ -----) სახელზე მშენებლობის ნებართვა გაიცა (მოწმობა სმ -----) 15.05.2015 წელს, რომლის საფუძველზე გადამხდელს სრულად სასტუმროს ტიპის მშენებლობაზე აქვს გაცემული ნებართვა. შემოწმების პროცესში ქ. ------ს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მრავალბინიანი სახლი (ძველი საკადასტრო კოდი ------, ხოლო ახალი საკადასტრო კოდი ------) ისევ წარმოადგენს თუ არა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტს. მერიის 1.04.2022 წლის №06-1422091242 წერილით დგინდება, რომ აღნიშნულ ობიექტს უარი ეთქვა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე. შემოწმება დაეყრდნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შემოწმების პროცესში გამოთხოვილ და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას.
გადამხდელი ახდენს ფართების რეალიზაციას, რაც არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნასყიდობის ხელშეკრულებების) და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის (გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით) გათვალისწინებით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №006-533 საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №006-64940 შეტყობინება და აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №006-533 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13532 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №006-533 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველ და მე-8 ნაწილებზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი ახდენდა ფართების რეალიზაციას, რაც არ ჰქონდა ასახული და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.
შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შემოწმების პროცესში გამოთხოვილი და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, განხორციელებულ ოპერაციებზე დღგ-ის ნაწილში შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ქ. -----ს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის წერილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ ფართების სახით მიწოდებული უძრავი ქონება (ობიექტი) არ არის შეტანილი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი საჩივრით. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სახეზე არაა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის ყველა პირობა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შეღავათით მოსარგებლეთა ნუსხაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა ------ს საქალაქო სასამართლოში და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელია რაიმე სახის გადასახადის დარიცხვა. გარდა აღნიშნულისა, ბრძანებაში მითითებულია შემოწმების პროცესში ქ. ------ს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მრავალბინიანი სახლი (ძველი საკადასტრო კოდი ------, ხოლო ახალი საკადასტრო კოდი -----) ისევ წარმოადგენს თუ არა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტს. მერიის 1.04.2022 წლის №06-1422091242 წერილით დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებული ნუსხაში არ არის შეტანილი.
აღნიშნული წერილი ------ს მუნიციპალიტეტის მერიიდან კომპანიას არ გადაცემია და შესაბამისად უნდა გადაეცეს ხსენებული წერილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის 18.12.2021 წლამდე მოქმედი რედაქციის, მე-80 და 81-ე ნაწილების თანახმად:
79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის, თუ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტში განთავსებულ უძრავ ქონებაზე, როგორც მშენებარე ობიექტზე, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენზე, ამ ქონების მიწოდებასთან დაკავშირებით ქონების მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება მიიჩნევა უძრავი ქონების მიწოდების ნაწილად, ხოლო მიწოდების დროდ სამშენებლოსამონტაჟო მომსახურების დასრულების მომენტი ჩაითვლება.
80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.
81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 4.06.2008 წლის №228 ბრძანებით დამტკიცებული სამშენებლო ნებართვის საფუძველზე გაიცა ნებართვა შპს ------ს (ს/ნ -----) დირექტორზე ------ს სახელზე. ხოლო შპს -----ს (ს/ნ ------) სახელზე მშენებლობის ნებართვა გაიცა (მოწმობა სმ ------) 15.05.2015 წელს, რომლის საფუძველზე გადამხდელს სრულად სასტუმროს ტიპის მშენებლობაზე აქვს გაცემული ნებართვა. ------ს მუნიციპალიტეტის მერიის 1.04.2022 წლის №06- 1422091242 წერილით დგინდება, რომ შეღავათების გამოსაყენებლად განსაზღვრული ობიექტების ნუსხაში აღნიშნული მრავალბინიანი სახლი არ არის შეყვანილი. გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს ფართები, რაც არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დღგ-ის დარიცხვა გამოწვეულია იმით, რომ შეღავათის მოსარგებლეთა სიაში აღარ ირიცხებოდა ობიექტი. გადასახადის გადამხდელმა მშენებლობა დაიწყო 2008 წელს, რა დროსაც ნებართვა აღებული იყო საცხოვრებელი ბინების მშენებლობაზე, თუმცა 2012 წელს მიმართა ------ს მერიას და მოითხოვა პროექტის ცვლილება, სასტუმროს ტიპის შენობის მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მიწა, რომელზეც მიმდინარეობდა მშენებლობა, მოქცეული იყო ------ს ტერიტორის საზღვრებში და იმ ტერიტორიაზე აკრძალული იყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ამის თაობაზე მიეცა წერილობითი გაფრთხილება კომპანიას და 2012 წელს გადასახადის გადამხდელმა უკვე იცოდა, რომ პროექტის ცვლილება გამოიწვევდა აღნიშნული შეღავათის დაკარგვას, თუმცა 2012 წელს მაინც განხორციელდა ცვლილება პროექტში და 2013 წლიდან ახალი პროექტის და ნებართვის მფლობელი არის მომჩივანი. მომჩივანი არ ეთანხმება ნუსხიდან ობიექტის ამოღებას და აღნიშნა, რომ სასამართლოში მიმდინარეობს დავა. შემოწმების დროს აღნიშნული ინფორმაცია გამოთხოვილია ------ს მერიიდან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ მიწოდებული უძრავი ქონება არ არის შეყვანილი შეღავათების გამოსაყენებლად განსაზღვრული ობიექტების ნუსხაში და აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადით დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
უძრავი ქონების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
საზოგადოების საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და ფართების რეალიზაცია. შემოწმების პროცესში შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მრავალბინიანი სახლი ისევ წარმოადგენს თუ არა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტს. მერიის 1.04.2022 წლის №06-1422091242 წერილით დგინდება, რომ აღნიშნულ ობიექტს უარი ეთქვა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე. შემოწმება დაეყრდნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შემოწმების პროცესში გამოთხოვილ და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას.
გადამხდელი ახდენს ფართების რეალიზაციას, რაც არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. შემოწმების მიერ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნასყიდობის ხელშეკრულებების) და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის (გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით) გათვალისწინებით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ მიწოდებული უძრავი ქონება არ არის შეყვანილი შეღავათების გამოსაყენებლად განსაზღვრული ობიექტების ნუსხაში და აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადით დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(79)(80)(81).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა")(8).