გადაწყვეტილება №25530/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25530/2/2025
10 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 29.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25530/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2025 წლის №259-15 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.06.2025 წლის №14044 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 64 906.85 ლარი.
მათ შორის:
დღგ- 42 131.06
ჯარიმა - 21 042.20
საურავი - 1 733.59
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 8 დეკემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელია 2024 წლის 10 დეკემბრიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5180 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის 8 დეკემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოს-ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 27 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოება:
საწარმოს რეგისტრირებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატები და პოს-ტერმინალები , რომლის მიხედვითაც 08.12.2024-01.03.2025 საანგარიშო პერიოდებში ბრუნვა შეადგენს სულ 609 239 ლარს. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს
292 673 ლარს.
გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია-დოკუმენტაცია, კერძოდ ცნობა დაწესებულება(ებ)ში გახსნილი და დახურული ანგარიშების შესახებ და აღნიშნული ანგარიშებიდან ამონაწერები და სხვა. მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა ცნობა მიმდინარე და დახურული ანგარიშების შესახებ ბანკებიდან და ამონაწერები ანგარიშებიდან.
შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 526 734 ლარი, ხოლო სხვაობამ დეკლარირებულთან მიმართებით - 234 061 ლარი. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 მაისის №11005 ბრძანება და ამავე თარიღის №259-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.06.2025 წლის №14044 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ჰყავდა დაქირავებული ბუღალტერი და სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით. ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი არ დავობს დარიცხვის მართლზომიერებაზე, არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არ ცოდნით და ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 8 დეკემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელია 2024 წლის 10 დეკემბრიდან. საწარმოს რეგისტრირებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატები და პოს-ტერმინალები რომლის მიხედვითაც ბრუნვა შეადგენს სულ 609 239 ლარს. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 292 673 ლარს.
შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 526 734 ლარი, ხოლო სხვაობამ დეკლარირებულთან მიმართებით - 234 061 ლარი. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო განმარტავს, რომ პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 275(2); 269(7)