გადაწყვეტილება №24170/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2025
№ დოკუმენტი 24170/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24170/2/2024

20 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 22.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24170/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.12.2023 წლის №21180/2/2023 (რეგ. 13.02.2024წ. 03/10728) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2024 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 24.09.2024 წლის №20866 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 24.09.2024 წლის №006-438 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 107 476.57 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 58 314

დღგ - 20 672

მიწის გადასახადი (სასოფლო) – (-86)

საშემოსავლო გადასახადი - 37 739

ქონების გადასახადი - (-11)

ჯარიმა - 24 290

საურავი - 24 872.57

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სატრანსპორტო გადაზიდვები საქართველოში, ძირითადად საკუთარი სატვირთო ავტომობილებით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სასახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 19.10.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 15.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ:

- მეწარმე შესრულებული მომსახურების ღირებულებაზე წერს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რომლის მიხედვითაც შედგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტირებისა და საბანკო მონაცემების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მეწარმეს საბანკო ანგარიშებზე ერიცხება სატრანსპორტო მომსახურების თანხები, რაზეც დოკუმენტი არ არის გამოწერილი და არც შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში არ აქვს ასახული. შემოწმების შედეგად ბანკით მიღებული ზედმეტი შემოსავალი დაექვემდებარა დაბეგვრას. გამოვლენილ სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლით.

- გადასახადის გადამხდელი საქმიანობისთვის 2020 წლის ოქტომბრიდან (რეგისტრაციის თარიღი) 2021 წლის მარტამდე იყენებდა სხვადასხვა ავტომობილებს, ხოლო 2021 წლის თებერვალში შეიძინა ორი სატვირთო ავტომობილი მისაბმელით, რის შემდეგაც ძირითადად გადაზიდვის მომსახურებას ასრულებს მის საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომობილებით. გადასახადის გადამხდელმა, ორგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემმოწმებელს არ წარუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტების შეფასება. ამ გარემოების საფუძველზე, საგადასახდო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, მათ შორის, მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის მეშვეობით სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულ გადაზიდვებს. შედარებით გამოვლინდა ისეთი გადაზიდვები, რომლებიც არ არის დაფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ დღგ-ში დეკლარირებული მონაცემები ძირითადად ეყრდნობოდა გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, დადასტურდა ისეთი გადაზიდვების არსებობა, რაც გადამხდელს ასახული არ ჰქონდა გამოწერილ დოკუმენტებში და შესაბამისად, დეკლარირებულ მონაცემებში. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების შესაფასებლად პირველ რიგში გამოყენებულია სატრანსპორტო სასაქონლო ზედნადებში მითითებული გადაზიდვის ღირებულება, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში გამოყენებულია იმავე პერიოდებში გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფასები გადაზიდვის დისტანციების მიხედვით. შესაბამის პერიოდებში მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების და ერთობლივი შემოსავლების გაზრდა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლით.

- გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემმოწმებლისთვის არ იქნა წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ხარჯვა. შემოწმებისთვის წარდგენილი ფრაგმენტული მონაცემებით ცნობილი გახდა მხოლოდ გამოყენებული საწვავის ხარჯვის ნორმის შესახებ (45ლ 100 კმ-ზე). ამ და სხვა (მ.შ. გადამხდელის მიერ გამოწერილ საფებში მითითებული სატრანსპორტო გადაზიდვების დისტანციების შესახებ) მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობა და ღირებულება. საწვავის შეძენაზე გაწეული სხვა ხარჯები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, დაექვემდებარა ამოღებას შესაბამისი პერიოდების გამოქვითვებიდან. გარდა ამისა, შესაბამის შემცირებას დაექვემდებარა ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლით.

- გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც მითითებულია გამოქვითვები. მეწარმემ შემმოწმებელს არ წარუდგინა გამოქვითვების დეტალური გაშიფვრა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და სხვა ცნობილი მონაცემების საფუძველზე განხორციელდა გამოქვითვების კორექტირება, რამაც გამოიწვია სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №20273 ბრძანება და ამავე თარიღის №006-425 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 7.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.10.2023 წლის №24825 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 27.10.2023 და 12.12.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 28.12.2023 წლის №21180/2/2023 (რეგ. 13.02.2024წ. 03/10728) გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 6.10.2023 წლის №24825 ბრძანება. გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ოთხივე დავის საგანთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტების/დოკუმენტების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 28.12.2023 წლის №21180/2/2023 (რეგ. 13.02.2024წ. 03/10728) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 17.09.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა სულ შემცირდა 42 200 ლარით, მათ შორის გადასახადი 28 175 ლარით და ჯარიმა 14 025 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 24.09.2024 წლის №20866 ბრძანება და ამავე თარიღის №006-438 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ტვირთების გადაზიდვას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდა საკუთრებაში არსებული ორი სატვირთო ავტომანქანის მეშვეობით. მაღალი დატვირთვის პირობებში, გაიზრდა სატვირთო მანქანების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები. იმისთვის, რომ კლიენტებთან ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო (მოგეხსენებათ ამ სფეროში მნიშვნელოვანია სტაბილური პარტნიორობა), უწევდა სხვა სატვირთოების ქირაობა. უმეტეს შემთხვევაში სატვირთო ავტომანქანებს ქირაობდა მისი ოჯახის წევრებისგან. ასეთ შემთხვევებში ანგარიშსწორება ცხადია საბაზრო ფასით ხდებოდა, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი სარგებლობდნენ მისი მომსახურებით. ანგარიშსწორება ხდებოდა უნაღდო ანგარიშსწორების გზით, საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, დანიშნულებაში კი მიეთითებოდა „ტრანსპორტირების ღირებულება“, როგორც აღმოჩნდა მისი ოჯახის წევრებს (ისევე როგორც ინტერნეტ ბანკით მოსარგებლეთა უმრავლესობას) შექმნილი ჰქონდათ გადარიცხვის შაბლონი, რათა ერთი ტიპის გადარიცხვები სწრაფად მომხდარიყო, რომლის დანიშნულებაშიც მითითებული იყო „ტრანსპორტირების ღირებულება“, რომელიც უნდა გამოეყენებინათ მომსახურების ღირებულების ჩარიცხვის დროს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს შაბლონი გამოყენებული აქვთ პირადი გადარიცხვის შესრულების დროსაც. არასწორი დანიშნულებით მის ანგარიშზე სულ ჩარიცხულია 11 780 ლარი. აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ოჯახის წევრებისგან პირადი დანიშნულებით ჩარიცხული აქვს 50 000 ლარამდე თანხა, რაზეც შემოსავლების სამსახურს კითხვები არ ჰქონია. არგუმენტად, რომ სადავო თანხები არასწორი დანიშნულებით არის ჩარიცხული და საქმე აქვს შეცდომასთან, შეგვიძლია მოვიშველიოთ მარტივი ლოგიკა, გადასახადისგან თავის არიდება და შემოსავლების დამალვა რომ მქონოდა განზრახული, ერთ ჭერ ქვეშ მცხოვრები ოჯახის წევრები ამ თანხებს საბანკო ანგარიშზე კი არ ჩაურიცხავდნენ, არამედ მისცემდნენ ხელზე და კითხვებიც არ იქნებოდა.

მომსახურების გაწევა ხდებოდა ინვოისებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის გზით, როგორც საგადასახადო შემოწმების მიერ წარდგენილი გაანგარიშებებით ირკვევა, არის გარკვეული ტიპის ცდომილებები. არის შემთხვევები, როდესაც ტვირთის გადაზიდვის დამკვეთი არის ერთი კომპანია, ხოლო ტვირთის გადაზიდვისას ზედნადებში მიმღები ან გამგზავნი არის სხვა პირი. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს გადაზიდვების სფეროს სპეციფიურობასთან, კერძოდ გადაზიდვის მომსახურება შეიძლება იყიდოს ერთმა პირმა, თუმცა მას არავინ და არაფერი ზღუდავს ამავე სატრანსპორტო რეისით სხვა კომპანიებსაც მისცეს უფლება ტრაილერზე განათავსოს მისი ტვირთი. არის შემთხვევები როცა რამდენიმე პირი იყოფს ტრანსპორტირების გადასახადს, თუმცა მომსახურების შემძენად ერთი პირი ფიქსირდება. მსგავსი შემთხვევები შემოწმებამ მეტწილად გაითვალისწინა, თუმცა დარჩენილია რამდენიმე მსგავსი ოპერაცია და ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სრულად მოახდინოს მსგავსი საკითხების მის სასარგებლოდ გადაწყვეტა.

აუდიტის დეპარტამენტმა ნაწილობრივ შეამცირა მე-3 სადავო საკითხით გამოწვეული საგადასახადო ვალდებულება, გადაანგარიშებისას გათვალისწინებულია საწვავის ხარჯი სატვირთო მანქანების მიერ ტრანსპორტირების დაწყების ადგილამდე გავლილ მანძილებზე. მისი თხოვნის მიუხედავად არ არის გათვალისწინებული საქალაქთაშორისო მანძილების მისეული გაანგარიშება, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტირების პერიოდში არსებულ გზებს, კერძოდ აღნიშნულ პერიოდში არ იყო შესული ექსპლოატაციაში ჩქაროსნული გზების ნაწილი. ჩქაროსნული გზების დასრულების შემდეგ შემცირდა მანძილი ქალაქებს შორის, შესაბამისად, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ხელახლა მოახდინოს სადავო საკითხის შესწავლა.

ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით კიდევ ერთხელ შეისწავლოს სადავო საკითხები მისი მონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭოს 28.12.2023 წლის №21180/2/2023 (რეგ. 13.02.2024წ. 03/10728) გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ოთხივე დავის საგანთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტების/დოკუმენტების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 28.12.2023 წლის №21180/2/2023 (რეგ. 13.02.2024წ. 03/10728) გადაწყვეტილებაში მომჩივანი მიუთითებდა შემდეგს:

პირველ დავის საგანთან დაკავშირებით მომჩივანი განმარტავდა, რომ როგორც აღმოჩნდა მისი ოჯახის წევრებს ინტერნეტ ბანკში შექმნილი ჰქონდათ გადარიცხვის შაბლონი, რათა ერთი ტიპის გადარიცხვები სწრაფად მომხდარიყო, რომლის დანიშნულებაშიც მითითებული იყო „ტრანსპორტირების ღირებულება“, რომელიც უნდა გამოეყენებინათ მომსახურების ღირებულების ჩარიცხვის დროს. თუმცა, აღმოჩნდა რომ ეს შაბლონი გამოყენებული ჰქონდათ ასევე, პირადი გადარიცხვის შესრულების დროსაც ანუ არასწორი დანიშნულებით მის ანგარიშზე სულ ჩარიცხულია 11 780 ლარი.

მე-2 დავის საგანთან დაკავშირებით მომჩივანი განმარტავდა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ტვირთის გადაზიდვის დამკვეთი არის ერთი კომპანია, ხოლო ტვირთის გადაზიდვისას ზედნადებში მიმღები ან გამგზავნი არის სხვა პირი. სასაქონლო ზედნადებში მონაცემებს ავსებს საქონლის გამყიდველი და ადრესატია საქონლის მიმღები. აღნიშნულის გამო მოკლებულია შესაძლებლობას გაიგოს ხომ არ მომხდარა სასაქონლო ზედნადების გამოწერისას რაიმე შეცდომა. ასევე, სავსებით შესაძლებელია მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომრის მითითება სასაქონლო ზედნადებში ისე, რომ მისთვის ეს არასდროს გახდეს ცნობილი.

მე-3 დავის საგანთან დაკავშირებით მომჩივანი განმარტავდა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საწვავის ხარჯის გაანგარიშება განხორციელდა სასაქონლო ზედნადებებში მითითებული, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის მანძილის მიხედვით. აღნიშნული მიდგომით შეუძლებელია სრული სურათის აღდგენა, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული ტრანსპორტირების საწყის ადგილამდე მისვლის მანძილი.

მე-4 დავის საგანთან დაკავშირებით მომჩივანი განმარტავდა, რომ სხვადასხვა პერიოდში მცირე მეწარმეებისგან მიღებული აქვს სატვირთო ავტომობილების შეკეთების მომსახურებები, რაზეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის გამოწერილი. ასევე, გამოქვითვას ექვემდებარება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გადახდილი ჯარიმები. შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

საბჭოს 28.12.2023 წლის №21180/2/2023 (რეგ. 13.02.2024წ. 03/10728) გადაწყვეტილების აღსრულებაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 17.09.2024 წლის დასკვნით ირკვევა, რომ:

პირველ და მე-4 დავის საგნებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს დამატებით არგუმენტები/დოკუმენტები არ წარუდგენია.

მე-2 დავის საგანთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინებით ნაწილობრივ დაკორექტირდა/შემცირდა აღნიშნულ საკითხში დამატებით დარიცხული გადასახადები.

მე-3 დავის საგანთან დაკავშირებით გადამხდელმა ელექტრონული სახით წარადგინა ცხრილი, სადაც გაზრდილია მანძილი ლოკაციებს შორის, ასევე მითითებულია ამ ლოკაციაზე მისასვლელი მანძილი და აღნიშნული მაძილების ჯამი დამატებით გაზრდილია 10%-ით. წარდგენილი მონაცემების შესწავლით გათვალისწინებულია დამატებით ის გავლილი კმ-ები, რაც ინდივიდუალურად სატვირთო მანქანას სჭირდებოდა კონკრეტული გადაზიდვების მიხედვით ტრანსპორტირების დაწყების ადგილამდე მისასვლელად, ასევე მოხდა ისეთი შემთხვევების გათვალისწინება, რომელიც ტექნიკურად არ იყო შემოწმებისას გათვალისწინებული გადაზიდვის ზედნადებებში მისამართის არ არსებობის ან/და არასრულად არსებობის გამო. გადაანგარიშებით ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკორექტირდა/შემცირდა აღნიშნულ საკითხში დამატებით დარიცხული გადასახადები.

მომჩივანი წარმოადგენს იგივე სახის არგუმენტებს რაზეც საბჭოს ნამსჯელი და გადაწყვეტილება მიღებული აქვს იმ გადაწყვეტილებით რომელის აღსრულებასაც მომჩივანი სადავოდ ხდის. ასევე, მე-2 და მე-3 სადავო საკითხზე მიუთითებს რომ:

- არის შემთხვევები როცა რამდენიმე პირი იყოფს ტრანსპორტირების გადასახადს თუმცა მომსახურების შემძენად ერთი პირი ფიქსირდება. მსგავსი შემთხვევები შემოწმებამ მეტწილად გაითვალისწინა, თუმცა დარჩენილია რამდენიმე მსგავსი ოპერაცია და ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სრულად მოახდინოს მსგავსი საკითხების მის სასარგებლოდ გადაწყვეტა.

- მისი თხოვნის მიუხედავად არ არის გათვალისწინებული საქალაქთაშორისო მანძილების მისეული გაანგარიშება, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტირების პერიოდში არსებულ გზებს, კერძოდ აღნიშნულ პერიოდში არ იყო შესული ექსპლოატაციაში ჩქაროსნული გზების ნაწილი. ჩქაროსნული გზების დასრულების შემდეგ შემცირდა მანძილი ქალაქებს შორის, შესაბამისად ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ხელახლა მოახდინოს სადავო საკითხის შესწავლა.

ამასთან, საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე მნიშვნელოვანი ნაწილი შემმოწმებელმა გაითვალისწინა, რაც შეეხება დარჩენილ საკითხებს მდგომარეობს შემდეგში, ოჯახის ოთხი წევრი ახორციელებს სატრანსპორტო გადაზიდვებს, არის შემთხვევები როცა ხსენებული პირები, თავად არ არიან მითითებული სასაქონლო ზედნადებებში, მაგრამ მითითებულია მათი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ნომერი. ამდენად, აღნიშნულ შემთხვევებს, როდესაც გადაზიდვა არ არის მის მიერ შესრულებული, ვერ აკონტროლებს და არც არის ცნობილი მისთვის ასეთი სასაქონლო ზედნადებების ოდენობა. შესაბამისად, რთულია ამტკიცოს, რომ ეს გადაზიდვა მას არ განუხორციელებია. ასევე, ოჯახის წევრებისგან, რომლებიც ახორციელებენ ანალოგიურ საქმიანობას, ფიქსირდება შემთხვევები, რომ ტვირთი ჰქონდა ერთს, რომლის ყველა სატრანსპორტო საშუალება დაკავებული იყო და მეორეს უთანხმდებოდა გაეწია მომსახურება თავისუფალი სატრანსპორტო საშუალებით, აღნიშნულ მომსახურებაზე ერთმანეთზე გამოწერილი აქვთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მაგრამ სასაქონლო ზედნადებში სხვა პირია (შპს კოკა-კოლა ან შპს სპარი) მითითებული, შესაბამისად, მონაცემები არ ემთხვევა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახულ მონაცემს. ასეთი სახით, ოჯახის წევრებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია 15 000 ლარზე. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა ოთხივე ოჯახის წევრის ოპერაციები შეისწავლოს ერთად და მარტივად მოხდება დაკავშირება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების. რაც შეეხება, გადაზიდვის პუნქტებს შორის მანძილებს, სატრანსპორტო საშუალებები არის ძველი და მოიხმარს მეტ საწვავს, ამასთან, ქალაქებს შორის მანძილი, დარიცხვის პერიოდზე, იყო მეტი ვიდრე ავტობანის მშენებლობის შემდეგ. სატრანსპორტო საშუალებებს უწევდათ შემოვლითი გზების (ავტობანის მშენებლობის გამო) გავლა, რაც ზრდიდა მათ მიერ განვლილ მანძილს.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მომჩივნის ოჯახის წევრისგან, ფიზიკური პირი -------, შემოსავლები მიღებულია საბანკო გადარიცხვით, დანიშნულებით - სატრანსპორტო მომსახურება. ამ პერიოდში არ ფიქსირდება მათ შორის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია მომჩივნის მიერ მიღებულ შემოსავალში. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა და შემმოწმებელი დაეყრდნო ინფორმაციას გადაზიდვებზე, რომლებშიც მონაწილეობდა მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები და შეადარა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დეკლარირებულ თანხას. შემოწმების ეტაპზე შედარდა გადაზიდვები, რომლის ერთ რომელიმე მხარეს წარმოადგენდა მომჩივანი და მითითებული იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში, აღნიშნულით გაინაშთა ის სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც მითითებულია მონაწილე მხარედ მომჩივნის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მეორე, დავის, ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ცხრილები, რომელსაც დაეყრდნო შემმოწმებელი და გაითვალისწინა ისეთი შემთხვევები, რომ სასაქონლო ზედნადებში არცერთ მხარედ არ იყო მითითებული მომჩივანი, მაგრამ როგორც აღნიშნა მესამე მხარემ გაუწია მომსახურება და აღნიშნული მიდგომით გაინაშთა მესამე მხარის მითითებით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები. რაც შეეხება საწვავს, დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ლოკაციებს შორის „შუამავალი“ მანძილის შესახებ ინფორმაცია, მაგალითად თბილისსა და ბათუმს შორის გადაზიდვისას დააზუსტა საწყის და საბოლოო წერტილებს შორის ზუსტი ინფორმაცია, ასევე გაითვალისწინა შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალება მეორე დღეს იმავე პუნქტიდან არ ბრუნდებოდა უკან და უნდა დაბრუნებულიყო სხვა ქალაქიდან (მაგალითად ბათუმის ნაცვლად ზუგდიდიდან), ასევე, აღნიშნული მანძილების ჯამი დამატებით (შემოვლითი გზის მანძილი და ა.შ.) გაზრდილია 10%-ით. აღნიშნული გაანგარიშებით 2021 წელს გამოვლინდა გამოუყენებელი საწვავის ხარჯი, ხოლო შემდეგ შესამოწმებელ პერიოდებში შემოწმების შედეგად გაანგარიშებული საწვავის ხარჯი აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი საწვავის ხარჯს.

მომჩივანი არგუმენტებს ასევე, მიუთითებს დარიცხვის არამართლზომიერებაზე, რაზეც საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილებით ნამსჯელი აქვს და საჩივარი მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაციის დამატებით შესწავლა/ანალიზი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 28.12.2023 წლის №21180/2/2023 (რეგ. 13.02.2024წ. 03/10728) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.12.2023 წლის №21180/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

- გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტირებისა და საბანკო მონაცემების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მეწარმეს საბანკო ანგარიშებზე ერიცხება სატრანსპორტო მომსახურების თანხები, რაზეც დოკუმენტი არ არის გამოწერილი და არც შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას. მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზით გამოვლინდა ისეთი გადაზიდვები, რომლებიც არ არის დაფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში, დადასტურდა ისეთი გადაზიდვების არსებობა, რაც გადამხდელს ასახული არ ჰქონდა გამოწერილ დოკუმენტებში და შესაბამისად, დეკლარირებულ მონაცემებში. მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების და ერთობლივი შემოსავლების გაზრდა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

- გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებლისთვის არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ხარჯვა. საწვავის შეძენაზე გაწეული ხარჯები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, დაექვემდებარა ამოღებას შესაბამისი პერიოდების გამოქვითვებიდან. გარდა ამისა, შესაბამის შემცირებას დაექვემდებარა ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

- გადასახადის გადამხდელს შემმოწმებელს არ წარუდგინა გამოქვითვების დეტალური გაშიფვრა, რაც მითიტებული აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. შემოწმების მიერ განხორციელდა გამოქვითვების კორექტირება, რამაც გამოიწვია სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 28.12.2023 წლის №21180/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)