გადაწყვეტილება №18713/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2023
№ დოკუმენტი 18713/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18713/2/2023

9.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --------------- (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

დავის საგანი:

1. უარი გასაჩივრების ვადის აღდგენაზე;

2. ქონებაზე ყადაღის დადება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2021 წლის №007-486 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 11.08.2022 წლის №011-3839 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება;

3. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33800 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

36 330 ლარი. მათ შორის:

გადასახადი - 20 610

დღგ - 14 513

საშემოსავლო გადასახადი - 6 097

ჯარიმა - 10 616

საურავი - 5 104

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტკბილეულით, ყავით, ჩაით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.--.2018 წლიდან 1.--.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.11.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 15.12.2021 წლის №38861 ბრძანება და 15.12.2021 წლის №007-486 საგადასახადო მოთხოვნა. ასევე, მომჩივნის მიმართ 11.08.2022 წელს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №011-3839 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება.

აღნიშნული აქტები 13.09.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.12.2022 წლის №33800 ბრძანებით საჩივარი არ აკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. უარი გასაჩივრების ვადის აღდგენაზე

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანი 25.11.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, 15.12.2021 წლის №38861 ბრძანებას და 15.12.2021 წლის №007-486 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 15.12.2021 წელს.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის აღდგენაზე, წარდგენილია 13.09.2022 წელს.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მისი გაცნობის შემდეგ, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შემოსავლების სამსახურში არ ყოფილა წარდგენილი საჩივარი, საგადასახადო დავა წარმოებული არ ყოფილა და მითითებულ დავის საგანთან მიმართებით არ არსებობს დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, წარდგენილ საჩივარში მითითებული გარემოებებით მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის საქმეზე წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის შესაბამისად, ვადის აღდგენის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამდენად, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო საგადასახადო მოთხოვნა ვერ გაასაჩივრა იმის გამო, რომ ბუღალტერი რომელიც აწარმოებდა მის საქმიანობას ამ პერიოდში იყო ცუდად (კოვიდის გამო იმყოფებოდა ამბულატორიულად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ) და გამორჩა მისთვის ეცნობებინა, თუ როდის მოხდა პორტალზე აღნიშნული დოკუმენტების განთავსება.დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს დავის განხილვის პროცესში.

რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის მიერ სადავო დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გაუსაჩივრებლობას, განმარტავს, რომ არ იცოდა ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყების შესაძლებლობაზე და ამიტომაც გაასაჩივრა ყადაღის ბრძანება.

მომჩივანი მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე და აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზის (ბუღალტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების) გამო ითხოვს აღდგეს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა.ამასთან აღნიშნავს, რომ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი და პირნათლად იხდის კუთვნილ გადასახადებს.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილების თანახმად: პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

10. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მომჩივანი სადავო საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის აღდგენას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ბუღალტერს, რომელიც აწარმოებდა მის საქმიანობას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები (კოვიდის გამო იმყოფებოდა ამბულატორიულად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ) და გამორჩა მისთვის ეცნობებინა, თუ როდის მოხდა პორტალზე აღნიშნული დოკუმენტების განთავსება. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მომჩივანმა წარმოადგინა შპს ------- სეროლოგიური კვლევის შედეგი, რომლის მიხედვით, ----- -----ის (პ/ნ ------) SARS-CoV-2 ანტიგენის სწრაფი ტესტით ნიმუშის აღება განხორციელდა 7.11.2021 წელს და კვლევის შედეგი იყო დადებითი (Positive).

სადავოს არ წარმოადგენს, რომ მომჩივანი სადავო აქტებს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 15.12.2021 წელს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 13.09.2022 წელს.

მომჩივნის არგუმენტს, რომ სადავო აქტს გაეცნო ბუღალტერი და არ პირადად ის, დავების განხილვის საბჭო ვერ მიიჩნევს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სადავო აქტის ჩაბარება და გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო, თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მომჩივანმა გასაჩივრების ვერცერთ ეტაპზე ვერ შეძლო დაესაბუთებინა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის საქმეზე წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის შესაბამისად, ვადის აღდგენის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. ქონებაზე ყადაღის დადება

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს 11.08.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 18 724 ლარი და საურავი 745.68 ლარი.

აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 11.08.2022 წლის №011-3839 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში რიცხულ ქონებას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 241-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, 4 შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის 11.08.2022 წლის №011-3839 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს 11.08.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მომჩივანს 11.08.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 11.08.2022 წლის №011-3839 ბრძანების გამოცემა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.