გადაწყვეტილება №25047/2/2025
📄 სრული ტექსტი
№25047/2/2025
05 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 10.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25047/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26500 ბრძანების აღსრულების შედეგები - დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.01.2025 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №2661 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №085-1 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 21.03.2025 წლის №5290 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 203 291.35 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 120 555
ჯარიმა - 61 419
საურავი - 21 317.35
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის 1302.2024 წლის №2984 და 28.03.2024 №6780 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 13.02.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა „ფინაში“, რომლის მონაცემებით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის (1.01.2021 წელი) უფიქსირდება შემდეგი სახის ბუღალტრული ნაშთები: ვალდებულებები საწარმოს პერსონალის წინაშე 66 000 ლარი (აღნიშნული ვალდებულება სრულად იფარება საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში) და აკუმულირებული ზარალი 65 137 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას საანგარიშო პერიოდის საწყის ნაშთად დაფიქსირებული თანხების რეალურობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილია 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდში ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, 1.01.2021 წელს დაფიქსირებული საწარმოს ვალდებულება ჩათვლილია ნულად, ხოლო საწარმოს მიერ ვალდებულების გასასტუმრებლად გაცემული თანხები - ხელფასის სახით განაცემად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (გაიზარდა) საშემოსავლო გადასახადი, ასევე მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2024 წლის №16182 ბრძანება და 9.07.2024 №085-20 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 7.08.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.09.2024 წლის №20389 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.11.2024 წლის №24075/2/2024 (29.11.2024წ. 03/88434) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20389 ბრძანება; საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 17.12.2024 წლის №26500 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26500 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 28.01.2025 წლის დასკვნის საფუძველზე შემცირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები სულ 25 538 ლარით, მათ შორის, გადასახადი 17 025 ლარით და ჯარიმა 8 513 ლარით.
დასკვნიდან ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებების (2020 წლის საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული პროგრამა, გადასახადის გადამხდელის წარდგენილი ახსნა-განმარტება, სალაროს გასავლის ორდერები, შესყიდვის აქტები) ანალიზი, რომლის შედეგად ჩაითვალა, რომ შესამოწმებელ პერიოდზე გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამაში 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით დაფიქსირებული ვალდებულება წარმოადგენდა რეალურ ბუღალტრულ ნაშთს. აღნიშნულმა გამოიწვია საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება) საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
გადაანგარიშების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.02.2025 წლის №2661 ბრძანება და ამავე თარიღის №085-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.03.2025 წლის №5290 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, განხორციელდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებების (2020 წლის საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული პროგრამა, ახსნა-განმარტება, სალაროს გასავლის ორდერები, შესყიდვის აქტები) ანალიზი, რომლის შედეგად ჩაითვალა, რომ შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამაში 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით დაფიქსირებული ვალდებულება წარმოადგენდა რეალურ ბუღალტრულ ნაშთს. აღნიშნულმა გამოიწვია შემოწმებით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება) საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, საჩივარში მითითებული აქვს ისეთი სადავო საკითხი, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, გათავისუფლდეს დაკისრებული გადასახადებისაგან სრულად ან ჩამოეწეროს დაკისრებული ჯარიმა, საურავი და დაეკისროს მხოლოდ ძირი თანხის გადახდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26500 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ხოლო ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26500 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 28.01.2025 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებების (2020 წლის საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული პროგრამა, გადამხდელის წარდგენილი ახსნა-განმარტება, სალაროს გასავლის ორდერები, შესყიდვის აქტები) ანალიზი, რომლის შედეგად ჩაითვალა, რომ შესამოწმებელ პერიოდზე გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამაში 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით დაფიქსირებული ვალდებულება წარმოადგენდა რეალურ ბუღალტრულ ნაშთს. აღნიშნულმა გამოიწვია საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება) საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი არგუმენტს შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26500 ბრძანების აღუსრულებლობაზე ან არასწორად/არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლზე და ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას, რასთან დაკავშირებით საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26500 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26500 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, გათავისუფლდეს დაკისრებული გადასახადებისაგან სრულად ან ჩამოეწეროს დაკისრებული ჯარიმა, საურავი და დაეკისროს მხოლოდ ძირი თანხის გადახდა.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა „ფინაში“, რომლის მონაცემებით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის (1.01.2021 წელი) უფიქსირდება შემდეგი სახის ბუღალტრული ნაშთები: ვალდებულებები საწარმოს პერსონალის წინაშე 66 000 ლარი და აკუმულირებული ზარალი 65 137 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას საანგარიშო პერიოდის საწყის ნაშთად დაფიქსირებული თანხების რეალურობის დადგენის მიზნით, გადამხდელისგან მოთხოვნილია 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდში ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, 1.01.2021 წელს დაფიქსირებული საწარმოს ვალდებულება ჩათვლილია ნულად, ხოლო საწარმოს მიერ ვალდებულების გასასტუმრებლად გაცემული თანხები - ხელფასის სახით განაცემად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადი, ასევე მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26500 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
269(7).