გადაწყვეტილება №28291/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2026
№ დოკუმენტი 28291/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28291/2/2026

03 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 15.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28291/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 28.01.2026 წლის №1213 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 აგვისტოს №007-239 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 1 ოქტომბრის №21564 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 196 400.51 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 114 100.62

ჯარიმა - 57 050.32

საურავი - 25 249.57

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ----- ვაჭრობა. მომჩივანი საქონლის შემოტანას ძირითადად ახორციელებს იმპორტის გზით ----დან, ----დან და -----დან. ამასთან, უფიქსირდება ადგილობრივი შეძენაც.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ივნისის №13381 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. პროგრამა შეიცავს ხარვეზებს. საგადასახადო ორგანო საბუღალტრო პროგრამას დაეყრდნო მხოლოდ საქონლის მიღების და დოკუმენტური რეალიზაციების ჩამოწერების ნაწილში. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ჯამურად გაცემული ხელფასის ოდენობა შეადგენს 48 951 ლარს.დივიდენდი არ აქვს გაცემული, ხოლო 2023 წლის ოქტომბრიდან აღარ გასცემს ხელფასსაც. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12850 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. 2025 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 7 730 ლარი. ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების დანართ №9-ზე („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ") დაყრდნობით შესწავლილ იქნა ნაღდი ფულის მოძრობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებულმა არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 573 061 ლარი. აღნიშნული თანხა ჩათვლილ იქნა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 დეკემბრის №26586 ბრძანება და №007-325 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 228 106.49 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 16 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 28 იანვრის №1213 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით (საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები), დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 იანვრის №1213 ბრძანება 28.01.2026 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. მომჩივანი ითხოვდა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭოს 6.02.2026 წლის №26529/2/2026 (რეგ. 10.02.2026 წელი; №--) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.01.2026 წლის №1213 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2026 წლის დასკვნა, 26.08.2026 წლის №19156 ბრძანება და №007-239 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 43 747 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 196 400.51 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 15 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 1 ოქტომბრის №21564 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე,გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხვას არ ეთანხმება ნაწილობრივ. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ ხარჯებში სრულად არ იქნა გათვალისწინებული მომწოდებელი კომპანიებისთვის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები. გარდა ზემოაღნიშნული საკითხისა, სრულად ეთანხმება შემოწმების აქტით დამატებით დარიცხულ თანხებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა მომჩივნის მიერ არ იქნა ჩადენილი განზრახ, იგი გამოწვეულია საგადასახადო კოდექსის არასრულყოფილად ცოდნით. კერძოდ, აღნიშნული თანხების დაბეგვრა გადასახადის გადამხდელის მიერ იგეგმებოდა ერთიანად 2025 წლის ბოლოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ სრულყოფილად არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 იანვრის №1213 ბრძანება. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ხარჯებში გაუთვალისწინონ პროდუქციის შეძენისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები სრულად. შესაბამისად, შეუმცირონ დირექტორის ხელფასად დაბეგრილი თანხები და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. ასევე, ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდეს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავისგან, ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევა არ იქნა ჩადენილი განზრახ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 იანვრის №1213 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით (საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები), დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2026 წლის დასკვნიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია და გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, წარდგენილი მტკიცებულებებით დაზუსტდა კომპანიის მიერ არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული გადახდები. აღნიშნულზე დაყრდნობით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი შემცირდა 116 659 ლარით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 43 747 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 29 165 ლარი და ჯარიმა - 14 582 ლარი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც შემოსავლების სამსახურში და არც დავების განხილვის საბჭოში არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც გავლენას მოახდენდა გადაანგარიშების შედეგებზე და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან, აღნიშნული საკითხი 28.01.2026 წელს გასაჩივრებული იყო დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 6.02.2026 წლის №26529/2/2026 (რეგ. 10.02.2026 წელი; №---) გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. მოცემულ ეტაპზე საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 28.01.2026 წლის №1213 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოში მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო საბჭოს სხდომას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 28.01.2026 წლის №1213 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №1213 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13381 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. პროგრამა შეიცავს ხარვეზებს. საგადასახადო ორგანო საბუღალტრო პროგრამას დაეყრდნო მხოლოდ საქონლის მიღების და დოკუმენტური რეალიზაციების ჩამოწერების ნაწილში. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ჯამურად გაცემული ხელფასის ოდენობა შეადგენს 48 951 ლარს.დივიდენდი არ აქვს გაცემული, ხოლო 2023 წლის ოქტომბრიდან აღარ გასცემს ხელფასსაც. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №12850 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. 2025 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 7 730 ლარი. ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების დანართ №9-ზე („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ") დაყრდნობით შესწავლილ იქნა ნაღდი ფულის მოძრობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებულმა არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 573 061 ლარი. აღნიშნული თანხა ჩათვლილ იქნა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №26586 ბრძანება და №007-325 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 228 106.49 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №1213 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №1213 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. მომჩივანი ითხოვდა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭოს №26529/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №1213 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №19156 ბრძანება და №007-239 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 43 747 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 196 400.51 ლარი.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 1 ოქტომბრის №21564 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №1213 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);