ბრძანება N 1905

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2023
№ დოკუმენტი 1905
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1905

06.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ქ. ----------)

2022 წლის 24 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 24 აგვისტოს №153821/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 აგვისტოს №001-150 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის ბრძანება, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მომჩივანი გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხებს:

1. არ ეთანხმება საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გაწეული სატრანსპორტო მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვას. ასევე არ ეთანხმება აღნიშნულ ნაწილში ჯარიმების დარიცხვას და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

2. ითხოვს საქველმოქმედო ხარჯებზე, კერძოდ, „STOPCOV“ ფონდში გადარიცხული 3 000 ლარის მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზიდან ამოღებას;

3. არ ეთანხმება შემოწმების მიერ სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15620 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 21 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ „STOPCOV“ დანიშნულებით გადარიცხული თანხის (3000 ლარი) მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

 

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15620 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 21 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 1 058 ლარით, მათ შორის, გადასახადი 529 ლარით და ჯარიმა 529 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 5 აგვისტოს №001-150 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15620 ბრძანების შესაბამისად, გადამხდელის მიერ „STOPCOV“ დანიშნულებით გადარიცხული თანხის (3000 ლარი) მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას. კერძოდ, გადასახადი შემცირდა 529 ლარით, ხოლო ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას, შემცირებული გადასახადების ოდენობით შემცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმების ოდენობა.

 სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შესწავლილ იქნა გადამხდელის მონაწილეობით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, კერძოდ, განისაზღვრა სალაროში ყოველი პერიოდის შესაბამისად არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობები, ასევე, დაანგარიშდა შესაბამის პერიოდებში ნაშთების გონივრული ოდენობები (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით). ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ზემოხსენებული მეთოდური მითითება არ ახდენს გავლენას შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე. ამდენად, დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური საჩივარში დასმულ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 2022 წლის 20 ივნისის №15620 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ხოლო რაც შეეხება მე-2 სადავო საკითხს, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელის მიერ „STOPCOV“ დანიშნულებით გადარიცხული თანხის (3000 ლარი) მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

ამასთან, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად დათვლილი საგადასახადო ვალდებულებები არსებითად არ განსხვავდებოდა (მცირედით იზრდებოდა) შემოწმების შედეგებისგან, ამდენად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოება

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15620 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. №15620 ბრძანების შესაბამისად, გადამხდელის მიერ გადარიცხული თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას. სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შესწავლილ იქნა გადამხდელის მონაწილეობით, ანალიზის შედეგად დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(21)