გადაწყვეტილება №19593/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19593/2/2023
13 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 3.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19593/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2827 ბრძანების აღსრულების შედეგები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №085-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აპრილის №8418 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 133 989 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 65 883
დღგ - 15 525
მიწის გადასახადი (სასოფლო) – 25
მოგების გადასახადი - 34 278
საშემოსავლო გადასახადი - 16 055
ჯარიმა - 32 639
საურავი - 35 467
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 19 მარტის №7914 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს შეძენილი აქვს 179 843 ლარის ღირებულების მომსახურება შპს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------). საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით სრულად აქვს გადახდილი აღნიშნული პირებისგან შეძენილი მომსახურების ღირებულება და შემცირებული აქვს სალაროს ნაშთი. შემოწმების მიმდინარეობისას შპს „-------“ უფლებამოსილი პირის განმარტების და შპს „-------“ დირექტორის მიერ მიწოდებული ბუღალტრული ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ კომპანიას გადახდილი აქვს მხოლოდ 61 700 ლარი გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად მიღებული განმარტებისა და მესამე პირისგან წარდგენილი ბუღალტრული ბარათის საფუძველზე, საწარმოს მიერ სალაროს ნაშთის შემცირება განხილულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ პირზე - დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, შემოწმებით, პროცენტის თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №41072 ბრძანება და №085-24 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 127 013 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 16 ივნისის №15290 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 27.06.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.10.2022 წლის №16971/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №15290 ბრძანება და საჩივარი პირველი სადავო საკითხის ნაწილში დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2023 წლის 16 თებერვლის №2827 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას სრულად გაითვალისწინოს შპს „-------“-ს და შპს „-------“ შორის გაფორმებულ შედარების აქტში მითითებული თანხა და მოახდინოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2827 ბრძანება 28.02.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 27.04.2023 წლის №18989/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს:
- მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, გათვალისწინებულ იქნას შპს „-------“ და შპს „-------“-ს შორის გაფორმებული ჩგდ;
- წინა პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2827 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2023 წლის დასკვნა, 21.02.2023 წლის №3220 ბრძანება და 22.02.2023 წლის №085-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 4 205 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 133 989 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 28 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმა 2023 წლის 18 აპრილის №8418 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მომჩივნის მიერ, შემოწმების და დავის წარმოების ეტაპზე, წარდგენილი ყველა დოკუმენტი/მტკიცებულება შემოსავლების სამსახურის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი სადავო საკითხი, რაც თავდაპირველი საჩივრით არ ყოფილა სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მნიშვნელოვანია ის საკითხი თუ შემოსავლების სამსახური რატომ ენდო შპს „-------“ მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, როდესაც მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება კომპანიის პოზიციის ნამდვილობა. შემოსავლების სამსახური არ ენდო ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტს, რომელიც მომჩივნის მიერ იქნა წარდგენილი, არ ენდო ბანკის გადარიცხვის ქვითარს და ენდობა მხოლოდ შპს „-------“ დირექტორის სიტყვიერ პოზიციას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნებისმიერი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰქონდეს იურიდიულად გამართული და შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული. შპს „-------“ მიღებული აქვთ შედარების აქტი, რაც ადასტურებს, რომ შპს „-------“ მიღებული აქვს მომსახურების საფასური სრულად. რაც შეეხება შპს „-------“, ის დოკუმენტი - ჩგდ, რომელიც მომჩივანმა წარადგინა შემოსავლების სამსახურში, აღნიშნულმა ორგანომ არაფრად მიიჩნია, რის უფლებაც მას არ ჰქონდა.
ადმინისტრაციულ ორგანოს თუ ეჭვი შეეპარა წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაში, მას უნდა მოეთხოვა მხარისთვის ან თავად ჩაეტარებინა ექსპერტიზა ხელმოწერის ნამდვილობაზე და დაედასტურებინა იყო თუ არა დოკუმენტი შპს „-------“ დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული. აღნიშნულ საკითხზე შპს „-------“ და შპს „-------“-ს შორის დავა მიმდინარეობს სასამართლოში და იმის გამო რომ შპს „-------“-ს როგორც ანგარიშებზე, ასევე ქონებაზე ედო ყადაღა, მხარეთა შორის გაფორმდა მორიგების აქტი. ჩგდ, რომელიც სასამართლოში იყო წარდგენილი, თავად სასამართლოსაც კი არ გაუხდია სადავოდ და ამ თანხის გადახდის ფაქტი უდავო ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა, ხოლო შემოსავლების სამსახური აღნიშნულს მიიჩნევს არარა დოკუმენტად.
მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ თუკი შემოსავლების სამსახური შემოწმების პერიოდში შეხვდა ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციას სხვადასხვა კომპანიების, რატომ არ შევიდა იგი შპს „-------“ კომპანიაში შესამოწმებლად. შპს „-------“ 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი თავად მუშაობს შემოსავლების სამსახურში და შესაბამისად მისი კომპანიის პოზიცია მეტად გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურმა, ვიდრე შპს „-------“-ის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები.
არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის პოზიციას, ვინაიდან შპს „-------“ დაკავშირებული საკითხი ყოველი საჩივრის წარდგენის დროს არის სადავო.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2827 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას სრულად გაითვალისწინოს შპს „-------“-ს და შპს „-------“ შორის გაფორმებულ შედარების აქტში მითითებული თანხა და მოახდინოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად სრულად იქნა გათვალისწინებული შპს „-------"-ს და შპს „-------" შორის გაფორმებულ შედარების აქტში მითითებული თანხა. შესაბამისად, 13 900 ლარით დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დირექტორზე სესხად გაცემული თანხა. შედეგად, შემცირდა დარიცხული გადასახადები და დაკისრებული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოს 27.04.2023 წლის №18989/2/2023 გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, გაითვალისწინოს შპს -------“ და შპს „-------“-ს შორის გაფორმებული ჩგდ. აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელის არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს გარკვეული ღირებულების მომსახურება 2 შპს-გან . საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით სრულად აქვს გადახდილი აღნიშნული პირებისგან შეძენილი მომსახურების ღირებულება და შემცირებული აქვს სალაროს ნაშთი. შემოწმების მიმდინარეობისას დგინდება, რომ საწარმოს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი აქვს მხოლოდ ნაწილი. კომპანიის მიერ სალაროს ნაშთის შემცირება განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 18 აპრილის 8418 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(3-ზ); 101;