გადაწყვეტილება №26005/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.01.2026
№ დოკუმენტი 26005/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26005/2/2025

13 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ფ/პ "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ფ/პ "-------"-ის 9.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26005/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №011-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 36 884,53 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 36 629

საურავი - 255,53

 

პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021, 2022 და 2023 წლების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 19 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით:

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნის 2021 წლის შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს, ხოლო 2022 წლის შემოსავალმა 100 000 ლარს, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება.

გადასახადის გადამხდელს 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტები. საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამისობაში მოდის დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასებთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა ქონების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №6202 ბრძანება და №011-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის №12879 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და საჩივრის დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით ავტომობილების დაბეგვრის ნაწილში ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 2024 წლის 18 და 24 ივნისს კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივრით და ითხოვა საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო, ასევე აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №011-12 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16216 ბრძანებით საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №011-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16216 ბრძანება დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 4.04.2025 წლის №23672/2/2024 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ მომჩივანმა 4 აპრილს, საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას წარმოადგინა 2025 წლის 1 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც მითითებულია დაზუსტებული ფართობი. მიწის საკადასტრო კოდია №------ 450 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების ჩამონათვალში საერთო ფართი ნაცვლად 670,2 კვ.მ მითითებულია 485,5 კვ.მ. მომჩივნის განმარტებით აღნიშნული წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში სადავო საკითხზე მიღებული იქნება განსხვავებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ (გამოვლენილ) გარემოებად და დაევალა შემოსავლების სამსახურს საჩივრის ხელახლა განხილვა.

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველ მაისს გამართულ სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აპრილის №23672/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და ამავე სამსახურის 5.05.2025 წლის №8710 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ,- სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- ფ/პ "-------" (პ/ნ "-------"), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №011-12 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 8 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები სულ შემცირდა 30 056 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 19 მაისის №011-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20852 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-9 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-16 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-12 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-14 ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-7 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, 97–ე მუხლზე და საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი ახალი შეფასების ექსპერტიზის დასკვნა ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მართალია გათავისუფლდა სანქციისგან და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დარიცხული თანხის გადაანგარიშება, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზის გადაანგარიშებისას მოახდინა მხოლოდ ერთი ქონების ფართის კვადრატულობის კორექტირება, ამასთან კვლავ იხელმძღვანელა ქონების წინა შეფასების დასკვნით და არა ახლა წარდგენილი ალტერნატიული შეფასების დასკვნებიდან, რის გამოც მასზე ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა კვლავ გაანგარიშებულ იქნა გაბერილი და არარეალური ფასებით შედგენილი შეფასების დასკვნით და უგულებელყოფილი იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დავის მსვლელობისას მტკიცებულებების სახით მან წარადგინა 2 სხვადასხვა შემფასებლის მიერ შედგენილი ალტერნატიული შეფასების დასკვნები, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა შეფასების დასკვნაში მითითებული მონაცემებისგან.

შემოსავლების სამსახურმა თავისი 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანების მე-2 ნაწილით დაავალა აუდიტის დეპარტამენტს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს როგორც ალტერნატიული შეფასების დასკვნები, ასევე მათ შორის საჯარო რეესტრის ამონაწერის შესწავლას და არა მარტო საჯარო რეესტრის ამონაწერის შესწავლას. სამწუხაროდ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერი, ხოლო სხვა მტკიცებულებები, კონკრეტულად ალტერნატიული შეფასების დასკვნები უგულებელყოფილი იქნა, თუმცა მისი უგულებელყოფის საფუძველი დასკვნაში მითითებული არაა.

აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ, ქონების შეფასებასთან შედგენილ და მიღებულ დასკვნასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ახალი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, სამშენებლო ნებართვის საფუძველზე მართალია მშენებლობის ნებართვა ქ. "------"-ში, "------"-ზე №80-ში, 450 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გაცემულია 670,2 კვ.მ ფართზე და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშიც მშენებარედ რეგისტრირებულია იგივე 670,2 კვ.მ ფართი, მაგრამ რეალურად მთლიანად აშენებული და ასევე მთლიანად გაქირავებული ფართის რეალური ოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე არაა მიღებული ექსპლოატაციაში რეალურად აზომვითი ნახაზის მიხედვით არის არა 670,2 კვ.2მ ფართობის, არამედ 484,48 კვ.მ ფართის.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ნათლად ჩანს ლიცენზირებული ამზომველის მიერ გაკეთებულ აზომვით ნახაზში, ხოლო შესაბამისად, ქონების შეფასების დასკვნა გაკეთებულია და ქონების გადასახადი დარიცხულია შეფასებულ 670,2 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულებიდან, ხოლო ქონების შეფასება უნდა განხორციელებულიყო არა 670,2 კვ,2 მ ფართზე, არამედ 484,48 კვ.მ ფართზე, შესაბამისად, ქონების გადასახადის დარიცხვა უნდა მომხდარიყო ფაქტიურად აშენებული და გაქირავებული 484,48 კვ.მ ფართის ღირებულებიდან.

დასაბეგრი ბაზა უნდა ყოფილიყო განსაზღვრული ამ ქონების ახალი შეფასების დასკვნიდან და არა ამ ქონების წინა შეფასებით დადგენილი არარეალურად გაბერილი ფასიდან. რომელშიც მარტო 1 საცხოვრებელი სახლის მთლიანი ღირებულება თავის წილ მიწასთან ერთად პრაქტიკულად გაზრდილია თითქმის 2,5 ჯერ.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წინა შემფასებელმა საცხოვრებელი სახლი შეაფასა საცხოვრებელ კორპუსების ბინებზე არსებული ფასებით და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მისი მიწის ფართი არის 450 კვ.მ და მასზე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა გამორიცხულია, ხოლო მიწის ფასი კი განსხვავებულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ფართობის მიწაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის კოეფიციენტს არ იძლევიან, რაც ფასში დიდ სხვაობას იძლევა, ასვე შეუძლებელია, რომ სახლის ეზო ე.წ საზაფხულო ფართი შეფასდეს იგივე ფასით, რითაც ფასდება საცხოვრებელი ფართი, ასევე დამხმარე ფართის და საცხოვრებელი ფართების ფასებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა წინა შეფასების დასკვნაში ასეთი გამიჯვნა გაკეთებული არაა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წინა შემფასებელს სახლის თითოეული კვადრატული მეტრი შეფასებული აქვს 2200 აშშ დოლარის კოეფიციენტის გამოყენებით. ასეთი ფასები მართლაც ფიქსირდება ვაკის რაიონში აშენებულ და გარემონტებულ საცხოვრებელ ბინებზე, მაგრამ ამ ბინებს არ აქვთ ამ ოდენობის საზაფხულო ფართი, ხოლო კიბის უჯრედები და სადარბაზოები საერთო საკუთრებაა და არ შედის ბინის ფართში, ხოლო კერძოდ სახლში ის შედის ბინის საერთო ფართში, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიური გარემოება, რომ როცა საცხოვრებელი კორპუსის მშენებელი ყიდულობს მიწის ნაკვეთს საბაზრო ფასით, ხოლო შემდეგ ამ მიწის ფართზე აშენებს შესაბამისი ხარჯების გაწევით საცხოვრებელ კორპუსს, არემონტებს მას და გარემონტებულ მდგომარეობაში ყიდის საცხოვრებელ ბინის 1 კვ. მეტრს 2 200 აშშ დოლარის ღირებულებით, ამ სარეალიზაციო ფასში მას შეყვანილი აქვს როგორც მის მიერ შეძენილი მიწის ფასი, ასევე მშენებლობის საერთო დანახარჯები, მათ შორის ამ კორპუსის კიბის უჯრედების და სადარბაზოების მშენებლობაზე გაწეული დანახარჯები, რი შედეგადაც მას უკვე ამ ყველა ხარჯის გაწევით გამოჰყავს 1 კვ. მ ფართის თვითღირებულება და შემდეგ უკვე ამის საფუძველზე ადგენს გასაყიდ ფასს, ხოლო მის შემთხვევაში წინა შემფასებელმა ქონების შეფასებისას მიწის ღირებულება შეუფასა საბაზრო ფასით, ხოლო ამავე ბინის კვადრატულობის ღირებულება შეაფასა და განსაზღვრა ისე, რომ 2 200 აშშ დოლარის ფასს საერთოდ არ გამოაკლო მიწის კომპონენტი, რის გამოც მისი სახლის საერთო კვადრატულობა თუ არის 484,48 კვ. მ და მასში კიბის უჯრედების კვადრატულობაც შედის, გამოვიდა, რომ 2021 წლის ბოლოს მდგომარეობით, მისი სახლის ფასი ყოფილა 1388,1 ათას აშშ დოლარზე მეტი, ანუ 1 კვ. მეტრი მათ შორის 1 კვ/მ საზაფხულო ფართიც და 1 კვ. მ კიბის უჯრედიც გამოდის 2860 აშშ დოლარი, ხოლო 2023 წლის ბოლოს კი მათი ფასი 3065 აშშ დოლარი ყოფილა, რაც სრული აბსურდია.

აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენს ალტერნატიული შეფასების დასკვნას.

ანალოგიურად, ამავე შეფასების დასკვნით გაბერილი ფასებით არის შეფასებული სოფელ "------"-ში არსებული სახლიც, რომლის ღირებულებაც 2021 წლის 31 დეკემბრის _ მდგომარეობით თავის მიწის ნაკვეთთან ერთად განსაზღვრეს 481 976 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით თავის მიწის ნაკვეთთან ერთად განსაზღვრეს 595 032 ლარის ოდენობით, ანუ 222,0 ათას აშშ დოლარად და ეს იმ პირობებში, როცა ეს სახლი აშენებულია მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, კერძოდ, ექსპლუატაციაში შესულია 1982 წელს, ის ექსპლუატაციაში იმყოფება 42 წელია და ის არანაირად არ ღირს ასეთი ფასი და ამ სოფელში შეუძლებელია 222,0 ათას აშშ დოლარად ამ საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია, ხოლო მისი რეალური ღირებულებაც აუდიტის ახალი დასკვნით სრულიად განსხვავებულია. კერძოდ, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ამ ქონების ღირებულება მიწის ნაკვეთთან ერთად შეადგენს 409 577 ლარს, ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ამ ქონების ღირებულება მიწის ნაკვეთთან ერთად შეადგენს 357 269 ლარს. შესაბამისად, მიწის ღირებულების გარეშე სახლი შეფასდა 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 166 390 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 145 140 ლარის ოდენობით (სხვაობა გამოწვეულია 2022 წელში 2021 წელთან შედარებით აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გამყარებით). აღნიშნულის გათვალისწინებით ამ ნაწილში 2022 წელს ქონების გადასახადი ზედმეტად აქვს დარიცხული 314 ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წელს 1715 ლარის ოდენობით.

ასევე არარეალური და გაბერილი ფასებით არის შეფასებული ქ. "------"-ში ."------"-ის №51-ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლიც, რომელიც წინა შეფასების დასკვნით 2022 წელს შეფასებულია 952 557 ლარის ოდენობით, ხოლო ახალი შეფასების დასკვნით მისი ღირებულება განსაზღვრულია 854,0 ათასი ლარის ოდენობით, რის გამოც 2023 წლის შედეგებით ზედმეტად აქვს დარიცხული ქონების გადასახადში 788 ლარი. ანალოგიური ცდომილებებია სხვა უძრავ ქონებებთან მიმართებაშიც. კონკრეტულად, ამ მისამართზე მდებარე 2 ავტოფარეხი, რომელთაგან ერთი მის მიერ შეძენილია 2017 წლის ბოლოს 5 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტად, ხოლო მეორე 2018 წლის ბოლოს 6 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით, რაც ჩანს საჯარო რეესტრის მონაცემებშიც, ხოლო ამ ავტოფარეხებიდან პირველი შემფასებლის მიერ შეფასებულია 16 ათასი დოლარის ექვივალენტის ოდენობით, ხოლო მეორე კი 18 ათასი აშშ დოლარის ოდენობით (ანუ გამოდის რომ 3 წელში ავტოფარეხი 3-ჯერ გაძვირებულა, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია). თუ იგი მოინდომებს ამ ავტოფარეხების რეალიზაციას შეუძლებელია პირველი გაიყიდოს 6 ათას აშშ დოლარზე მეტი ოდენობით, ხოლო მეორე 7 ათას აშშ დოლარის ოდენობით, მითუმეტეს როცა თავად ამ ავტოფარეხში არის დიდი ხე, რომლის მოჭრაც აკრძალულია. ეს ფაქტიც ნათელი ილუსტრაციაა იმის, თუ რაოდენ არარეალური და გაბერილი ფასებით იქნა შეფასებული მისი კუთვნილი ქონება. აღნიშნული ორივე გარაჟი სხვა შემფასებლის მიერ შეფასებულია 2021 წლის მდგომარეობით 39 000 ლარად, ხოლო წინა შეფასებით კი 73 193 ლარად, ხოლო 2021 წლის მდგომარეობით შეფასებულია 35 000 ლარად, ხოლო წინა შეფასებით კი 91 326 ლარად (სხვაობა გამოწვეულია 2022 წელში 2021 წელთან შედარებით აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გამყარებით). ამის გამო, 2022 წლის შედეგებით ზედმეტად აქვს დარიცხული ქონების გადასახადში 68 ლარი, ხოლო_2023 წლის შედეგებით - 451 ლარით მეტი.

ასევე არარეალური და გაბერილი ფასებით არის შეფასებული ქ. "------"-ში . "------" №51-ში მდებარე სარდაფიც, რომელიც წინა შეფასების დასკვნით 2021 წელს შეფასებულია 222 965 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წელს შეფასებულია 247 739 ლარის ოდენობით, ხოლო ახალი შეფასების დასკვნით მისი ღირებულება განსაზღვრულია 2021 წელს 124 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წელს 108 000 ლარის ოდენობით (სხვაობა გამოწვეულია 2022 წელში 2021 წელთან შედარებით აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გამყარებით), რის გამოც 2022 წლის შედეგებით ზედმეტად აქვს დარიცხული ქონების გადასახადში 198 ლარი, ხოლო 2023 წელს - 1118 ლარი.

აღნიშნული ფაქტობრივი და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას და ქონების გადასახადის გადათვლას ახალი შეფასების დასკვნების და, სადაც შეფასება გაკეთებულია ზუსტი კვადრატულობიდან და რეალური ფასების გათვალისწინებით.

ყველა ზემოთაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე და ახალი შეფასების დასკვნებზე დაყრდნობით, 2022 წლის შედეგებით ზედმეტად დარიცხული ქონების გადასახადი შეადგენს 3879-1438=2 441 ლარს, ხოლო 2023 წლის შედეგებით ზედმეტად დარიცხული ქონების გადასახადი შეადგენს 20567-6390=14 177 ლარს, ჯამში 16 618 ლარს.

ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ახალი ფაქტობრივი გარემოებები და 2022-2023 წლების ქონების გადასახადის გადათვლა მოხდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მხრიდან დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს:

ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №011-2 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანების მე-3 ნაწილი და სრულად და სწორად აღსრულდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანება წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილში და დამატებით შემცირდეს ქონების ძირითადი გადასახადი 16 618 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 5.05.2025 წლის №8710 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №011-12 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 8 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, აღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით) განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების პირველადი შეფასებიდან, შემოწმების მიერ განისაზღვრა ერთი კვადრატული მეტრის ფასი წლების მიხედვით და გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული მაჩვენებელი საჯარო რეესტრში დაფიქსირებული, განახლებული, ფართობის ქონების ღირებულების დათვლისთვის. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიხედვით განხორციელდა დარიცხული ჯარიმისა/საურავის (გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის) შემცირება.

აღნიშნულზე, დარიცხული თანხები სულ შემცირდა 30 056 ლარით და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 19 მაისის №011-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20852 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

სადავო ბრძანებაში შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანება, რომლის თანახმადაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის სრულყოფილად აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანება, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა მხოლოდ ქონების ფართობის ცვლილების საკითხი, თუმცა არ განხორციელებულა გადასახადის გადამხდელის მიერ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსთვის წარდგენილი უძრავი ქონების ღირებულების ახალი შეფასების დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მისი გათვალისწინება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20852 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი ახალი შეფასების ექსპერტიზის დასკვნა ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20852 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ახალი ფაქტობრივი გარემოებები და 2022-2023 წლების ქონების გადასახადის გადათვლა მოხდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნის 2021 წლის შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს, ხოლო 2022 წლის შემოსავალმა 100 000 ლარს, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება. გადამხდელს 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტები.გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამისობაში მოდის დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასებთან. შედეგად, გადამხდელს სსკ-ის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა ქონების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).