ბრძანება N 13227
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13227
17 ივნისი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2026 წლის 5 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 ივნისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 5 ივნისის №102700/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის №006-84 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადამხდელი აღნიშნავს, რომ ნედლეულისა და სხვა სმფ-ების შეძენას ახორციელებს ძირითადად დღგ-ის გადამხდელი კომპანიებისგან, შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში დღგის გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან წარმოეშობა კუთვნილი დღგ-ის ჩათვლის უფლება. განმარტავს, რომ აუდიტორის მიერ საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშებისას სრულად არ განხორციელდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში ასახვა, ვინაიდან ჯერ კიდევ სრულად არ იყო მიღებული ფაქტურები, რადგან დროულად არ ხდება კომპანიის კონტრაგენტი პირების მიერ გამოწერა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს მომწოდებლებისგან მიღებული/მისაღები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე კუთვნილი დღგ-ის ჩათვლას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საწარმო ახორციელებს სარესტორნო მომსახურებას, აღნიშნული საქმიანობიდან შემოსავლების ძირითადი ნაწილის მიღება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კერძოდ, ტერმინალის გზით. აღნიშნავს, რომ შემოწმების მონაცემები შედარებულ იქნა ფაქტობრივ მონაცემებთან, რის შედეგადაც გამოვლინდა უზუსტობები, კერძოდ, ცალკეულ პერიოდებში შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება ფაქტობრივი მონაცემებისგან. ამასთან, ტერმინალებისა და სალარო აპარატის საშუალებით მიღებული შემოსავლების გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული დაბრუნებული თანხები, რითაც შემცირდებოდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელი ითხოვს შემოწმების შედეგად შეფარდებული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 აგვისტოს №18629 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს მ.შ. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;”
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 აგვისტოს №18629 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 18 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 41 252 ლარი, მათ შორის, გადასახადი 27 501 ლარი, ჯარიმა 13 751 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 19 მარტის №006-84 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 აგვისტოს №18629 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახალი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. მიღებული (დასადასტურებელი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა შემოწმების მიერ განხორციელდა „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ 27 501 ლარი და ჯარიმა 13 751 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ახალი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რის საფუძველზეც განხორციელდა დღგის ჩათვლა და საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით არ ფიქსირდება ისეთი ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს სადავო საკითხებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი ითხოვს მომწოდებლებისგან მიღებული/მისაღები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე კუთვნილი დღგ-ის ჩათვლას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელი ითხოვს შემოწმების შედეგად შეფარდებული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა წარმოადგინა ახალი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა შემოწმების მიერ განხორციელდა ინსტრუქციისა და ბრძანების შესაბამისად.შედეგადაც გადამხდელს შეუმცირდა დღგ 27 501 ლარი და ჯარიმა 13 751 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).