ბრძანება N 12640

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.06.2026
№ დოკუმენტი 12640
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12640

09 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,-----” (ს/ნ -----) (მის: ----- )

2026 წლის 22 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 ივნისის სხდომაზე (ოქმი N 46) განიხილა შპს ,,-----” (ს/ნ -----) 2026 წლის 22 მაისის N 102532/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 აპრილის N 002-51 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და მიუთთებს საურავის დათვლისას სავარაუდოდ დაშვებულ ტექნიკურ ხარვეზზე, შესაბამისად, ითხოვს დარიცხული საურავის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4164 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის N 002-223 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. „შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4164 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 21 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 32 886 ლარით. გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 27 აპრილის N 002-51 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4164 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით, რომლის გათვალისწინებითაც განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებებების შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4164 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებებების შემცირება.

ამასთან, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს N 4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილების (ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან) შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21 . საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან“. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე საურავის დარიცხვის ავტომატიზაციის პროცესები უზრუნველყოფილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების შესაბამისად და შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. ასევე, 2019 წლიდან საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე გპაბ-ზე საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან (სავადო თარიღიდან) 3 წლის გასვლის თარიღიდან. გპაბ-ზე გადახდილი თანხით იფარება თავდაპირველად წარმოქმნილი დავალიანება, შემდეგი თანმიმდევრობით ძირითადი დავალიანება, სანქცია, საურავი. ასევე გპაბ-ზე დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში, იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში. საურავის გამოთვლისას მონაწილეობას იღებს როგორც აღიარებულ, ასევე დროებით ბარათებზე გატარებული ოპერაციები (ნაერთი ბარათი).

ამდენად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დაანგარიშება ხდება პროგრამულად, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N 13446 ბრძანებით განსაზღვრული წესით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება და რა ნაწილში მოხდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საურავის არამართლზომიერი დარიცხვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საურავის დარიცხვა და კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში მისი ასახვა განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,-----” (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული საურავის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურმა საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გადასახადის გადამხდელს ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაავალა. წარმოდგენილი დასკვნის შესწავლის შემდეგ საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები და წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საურავის დარიცხვა და კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში მისი ასახვა განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272(21); 304(21)