გადაწყვეტილება №23560/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23560/2/2024
25 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 24.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23560/2/2024).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26688 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №161-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26688 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 აპრილის №161-5 საგადასახადო მოთხოვნა; 4. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 მაისის №12352 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №161-6 საგადასახადო მოთხოვნით - 691 508 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 353 665
დღგ - 8 966
მოგების გადასახადი - 63 568
საშემოსავლო გადასახადი - 281 131 ჯარიმა - 176 885
საურავი - 160 958
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 აპრილის №161-5 საგადასახადო მოთხოვნით - 684 995 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 333 758
დღგ - 8 966
მოგების გადასახადი - 49 736
საშემოსავლო გადასახადი - 275 056
ჯარიმა - 166 932
საურავი - 184 305
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26688 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 თებერვლის №2653 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №16001 ბრძანება და 6 ივლისის №161-6 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 691 508 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 1 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.10.2023 წლის №26688 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26688 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.03.2024 წლის დასკვნა, 3.04.2024 წლის №7409 ბრძანება და №161-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 29 860 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 684 995 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 13 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 28 მაისის №12352 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება და მომჩივანიც ადასტურებს წარმოდგენილ საჩივარში, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 მაისის №12352 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 17.06.2024 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 8.07.2024 წელი (მე-20 დღე ემთხვევა უქმე დღეს - კვირა), ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 23.07.2024 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საწარმოს დირექტორი და იმავდროულად დამფუძნებელი გასაჩივრების ვადის პერიოდში იყო ავად. სახლში რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ, 1.07.2024 წელს მიმართა სამედიცინო დახმარების მისაღებად და მისი ავადმყოფობა გაგრძელდა 22.07.2024 წლამდე. შესაბამისად, ვერ შეძლო საჩივრის წარმოდგენა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილი იყო კომპანიის წარმომადგენლის/ადვოკატის მიერ. ვინაიდან საწარმომ ვერ შეძლო საადვოკატო მომსახურების თანხის გადახდა, მასთან შეწყდა ურთიერთობა შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე. ზემოაღნიშნულმა გამოიწვია ვადის დარღვევა. მომჩივანი ითხოვს გასაჩივრების ვადის გაშვება ჩაეთვალოს საპატიოდ და საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს დირექტორმა - ------ემ ექიმს მიმართა 1.07.2024 წელს, დიაგნოზია ორმხრივი ბრონქოპნევმონია. აღნიშნული პირი სტაციონარში არ ყოფილა მოთავსებული.
ამასთან, შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილი იყო კომპანიის წარმომადგენლის -----ის მიერ, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა საწარმოს დირექტორმა. თუმცა, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ადვოკატი ----- კვლავ უწევს მომსახურებას გადასახადის გადამხდელს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები არ შეიძლება გახდეს დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
2. შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №161-6 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 1 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.10.2023 წლის №26688 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26688 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 9.11.2023 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 29.11.2023 წელი, ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 23.07.2024 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 თებერვლის №2653 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №16001 ბრძანება და 6 ივლისის №161-6 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 691 508 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 1 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.10.2023 წლის №26688 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26688 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.03.2024 წლის დასკვნა, 3.04.2024 წლის №7409 ბრძანება და №161-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 29 860 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 684 995 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 13 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 28 მაისის №12352 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
2.აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №161-6 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 1 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.10.2023 წლის №26688 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
1.საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები არ შეიძლება გახდეს დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
2.საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
299,301,305,