გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

სათამაშო ბიზნესი 31.10.2024
№ დოკუმენტი 27
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2024 წლის 31 ოქტომბერი

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

1. დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტები:

ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;

ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;

გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;

დ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.

 

მუხლი 2

1. დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი.

 

მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 იანვრის №4 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 200230000.35.161.016306).

 

მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე