გადაწყვეტილება №20897/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.01.2024
№ დოკუმენტი 20897/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20897/2/2023

31 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 25.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20897/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2023 წლის №005-120 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21488 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 35 478.37 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 10 183

დღგ - (-38 605)

მოგების გადასახადი - 34 738

საშემოსავლო გადასახადი - 12 694

ქონების გადასახადი - 1 356

ჯარიმა - 10 183

საურავი - 15 112.37

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ალუმინის კარ-ფანჯრების დამზადება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 10 183 ლარის ოდენობით და ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2023 წლის №005-120 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 15 112 ლარით, ხოლო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ ასლი და ამონაწერები

საბანკო ანგარიშებიდან. შედეგად, გამოვლინდა ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებები და გაუნაშთავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც დღგ-ით დაბეგრილი არ იყო შესაბამის საგადასახადო პერიოდში. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;

გადამხდელი მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის და საბუღალტრო პროგრამის მიხედვით დგინდება, რომ 2022 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში გაცემულია დივიდენდი, რაც დაბეგრილი არ იყო საშემოსავლო და მოგების გადასახადებით. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 97-ე, 98-ე, 130-ე და 154-ე მუხლებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აღნიშნული გადასახადები და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად გამოვლინდა დაქირავებულ პირებზე განაცემები, რაც დაბეგრილი არ იყო საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით;

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა 2020 და 2021 წლების ძირითადი საშუალებების საწყისი და საბოლოო საბალანსო ღირებულებები. შედეგად, კორექტირებას დაექვემდებარა დასაბეგრი ქონების წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება და საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი, ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 26.07.2023 წლის №18234 ბრძანება და ამავე თარიღის №005-120 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 10.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.08.2023 წლის №21488 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელმა ითანამშრომლა შემმოწმებელთან და წარადგინა სრულყოფილი საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, სადაც თავად დაირიცხა გადასახადები და აღიარა დანაშაული. აუდიტორი კი დაეთანხმა ყველა საკითხში. ითხოვს მოეხსნას სანქციები, ხოლო გადასახადს გადაიხდის 10 სამუშაო დღეში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2023 წლის №005-120 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21488 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ალუმინის კარ-ფანჯრების დამზადება. შემოწმების პროცესში შედეგად, გამოვლინდა ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებები და გაუნაშთავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც დღგ-ით დაბეგრილი არ იყო შესაბამის საგადასახადო პერიოდში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. გადამხდელი მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის და საბუღალტრო პროგრამის მიხედვით დგინდება, რომ 2022 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში გაცემულია დივიდენდი, რაც დაბეგრილი არ იყო საშემოსავლო და მოგების გადასახადებით. შემოწმების შედეგად, გადამხდელს დაერიცხა აღნიშნული გადასახადები და შეეფარდა ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად გამოვლინდა დაქირავებულ პირებზე განაცემები, რაც დაბეგრილი არ იყო საშემოსავლო გადასახადით.გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა 2020 და 2021 წლების ძირითადი საშუალებების საწყისი და საბოლოო საბალანსო ღირებულებები. შედეგად, კორექტირებას დაექვემდებარა დასაბეგრი ქონების წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადიი, ასევე შეეფარდა ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;272(2);275(2,21,22);269(7)