გადაწყვეტილება №17983/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17983/2/2022
8.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---------- (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------------- 10.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17983/2/2022).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2022 წლის №007-236 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 193 285 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 96 257
დღგ - 720
მოგების გადასახადი - 149
საშემოსავლო გადასახადი - 95 388
ჯარიმა - 46 867
საურავი - 50 161
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის საქმიანობაა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ძირითადად ტკბილეულის) იმპორტი (-------) და საბითუმო რეალიზაცია. ასევე შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება ექსპორტი (------, -------). აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით რიგ საანგარიშო პერიოდში მიღებული ნაღდი ფულის ოდენობა აღემატება ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ მონაცემებს. სხვაობის თანხა (349 888/0.8) 437 360 ლარი ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად შესაბამის საანგარიშო პერიოდში. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ფიქსაციის აქტები და ვერც არგუმენტირებული პოზიცია.
შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 14.07.2021 წლის №22953 ბრძანება და ამავე თარიღის №002-243 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.12.2021 წლის №42417 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტური მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.12.2021 წლის №42417 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.03.2022 წლის №15494/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მეორე დავის საგნის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 4.03.2022 წლის №15494/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 31.08.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, სადავო საკითხში შემოწმების აქტით დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2022 წლის №23479 ბრძანება და ამავე თარიღის №007-236 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის არგუმენტაცია და მტკიცებულებები. გადაანგარიშების შესახებ დასკვნაში აუდიტორი უთითებს რომ კომპანიას არ გააჩნია ფიქსაციის აქტები. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით წარმოადგენს ფიქსაციის აქტებს. თანხებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 98 040 ლარი დაფიქსირებულია შეცდომით და რეალურად 98.40 ლარი უნდა იყოს დაფიქსირებული საკონტროლო-სალარო აპარატზე. თვალსაჩინოების მიზნით წარმოადგენს აღნიშნულ ქვითარს და ფიქსაციის აქტებს დანართის სახით. საწარმო აქტიურად იყენებს საკონტროლო-სალარო აპარატს, რადგან საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის უმეტესი ნაწილის ამოღება ხდება ნაღდი ფულის სახით. ამ დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც თვის ჭრილში საკონტროლო-სალარო აპარატზე დაფიქსირებული ქვითრების თანხობრივი რაოდენობა არ ემთხვევა ბუღალტერიაში ასახულ მონაცემებს, რადგან დისტრიბუტორმა შესაძლებელია თანხა ფაქტობრივად მიიღოს 31 ივლისს, მაგრამ საწარმოს სალაროში შეიტანოს 2 აგვისტოს, რაც თვის ჭრილში ბუღალტრულ მონაცემებს და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებს შორის იწვევს სხვაობას. შესაბამისად შეუძლებელია ამ ორი მონაცემის ურთიერთშედარება და აღნიშულ შედარებაზე დაყრდნობით საგადსახადო ვალდებულებების/დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა.
ასევე გაუგებარია, აუდიტორი რომელ მონაცემს ენდობა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, ბუღალტრულ პროგრამაში გატარებებს თუ საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებს.
პირველ ნაწილში აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, რიგ შემთხვევებში, თვის ჭრილში საკონტროლო-სალარო აპარატის ზეტების ჯამი აღემატება ბუღალტერიაში ასახულ მონაცემებს, მაგრამ ძირითადად, ბუღალტერიაში ასახული მონაცემები აღემატება საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებს. აუდიტორების მიერ ხდება იმ მონაცემების გათვალიწინება, რომელიც წარმოშობს მეტ საგადასახადო ვალდებულებას. როდესაც ბუღალტრული პროგრამის მონაცემებში დაფიქსირებული თანხის ოდენობა უფრო მაღალია ვიდრე საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები, აუდიტორი ეყრდნობა ბუღალტრულ მონაცემებს, ხოლო როცა საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებია მაღალი, ეყრდნობა საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებს. ჯამში საკონტროლო-სალარო აპარატებზე დაფიქსირებული შეადგენს 8 128 988 ლარს, ხოლო ბუღალტრულ მონაცემებში ფიქსირდება 8 706 409 ლარი. რიგ შემთხვევაში სხვადასხვა სააღრიცხვო მონაცემების გამოყენების შედეგად აუდიტორებმა სალაროში დამატებითი შექმნეს ვირტუალური 349 890 ლარის ნაშთი.
სხვაობა ბუღალტრულ და საკონტროლო-სალარო აპარატებში დაფიქსირებულ მონაცემებს შორის აიხსნება შემდეგი გარემოებით: ბუღალტრულ მონაცემებში სალაროში შეტანილი თანხების აღრიცხვა ხდება არა საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების საფუძველზე, არამედ რეალურად სალაროში შეტანილი თანხის მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში დისტრიბუტორმა შეიძლება 2-3 დღის ან 1 კვირის განმავლობაში ამოღებული თანხები ერთიანად შეიტანოს სალაროში, რაც დღის ჭრილში და თვის ჭრილშიც თავისთავად გამოიწვევს სხვაობას. ასევე, რეალიზაციის 90%-ზე მეტი ხდება სასაქონლო ზედნადებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. ფაქტურის გამოწერისას აღარაა სავალდებულო საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენება, შედეგად დებიტორებისგან ამოღებულ თანხის ნაწილზე, ადამიანური შეცდომის შედეგად არ ხდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენება, მაგრამ მიუხედავად ამისა საწარმოს მიერ სრულად ხდება მიღებული ფულადი სახსრების ბუღალტერიაში ასახვა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. ამდენად, შემოსავლების სამსახურის მხრიდან ოპერაციის შინაარსის შეცვლა არალოგიკურია ორი მნიშვნელოვანი გარემოების გამო:
1. ფაქტია, რომ საწარმო ბუღალტრულ მონაცემებში აფიქსირებს იმაზე მეტ თანხის მიღებას, ვიდრე ეს საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით ფიქსირდება, რაც აქარწყლებს იმის ეჭვს, რომ საწარმო სრულად არ ასახავს მიღებულ ფულად სახსრებს და
2. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის და დავების დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ხდება ორმაგი სტანდარტით, იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტორები ეყრდნობიან იმ მონაცემებს, რომელიც წარმოშობს დამატებით საგადასახადო ვალდებულებას.
დარიცხვის აღნიშნული საფუძველი მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების ლოგიკურ და დასაბუთებულ შეფასებას, შესაბამისად ითხოვს სრულად გაუქმდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ კომპანიის მიერ საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირება ხდებოდა მაქსიმალური სიზუსტით და არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომელიც მიუთითებს რომ თავს არიდებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. აქედან გამომდინარე, ითხოვს საბჭომ იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლებით და გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 4.03.2022 წლის №15494/2/2022 გადაწყვეტილებით მეორე დავის საგნის (საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებსა და ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ მონაცემებს შორის სხვაობის თანხის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვის) ნაწილში გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 4.03.2022 წლის №15494/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 31.08.2022 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ:
საწარმო წარდგენილ (13.05.2022წ., №83376/21-14) განცხადებაში მიუთითებს, რომ საკონტროლოსალარო აპარატის ფისკალურ მაჩვენებლებსა და სალაროში მიღებულ ნაღდ ფულს შორის სხვაობებთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში აუდიტორის მიერ მიწოდებულ ცხრილზე კომპანიას პოზიცია არ წარუდგენია. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანია შემოწმების პერიოდისათვის სალაროში თანხის შეტანას აღრიცხავდა არა საკონტროლო-სალარო აპარატის Z ანგარიშების მიხედვით, არამედ სალაროში ფაქტობრივად შეტანილი ნაღდი ფულის მიხედვით (მაგ. დისტრიბუტორმა თანხა მიიღო 31 ივლისს და საწარმოს სალაროში შეტანილია 2 აგვისტოს), რამაც თვის ჭრილში შეიძლება გამოიწვიოს სხვაობა ბუღალტრულსა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებს შორის. ამასთან აღსანიშნავია, რომ საჩივარში უთითებდა მიღებულ ნაღდ ფულთან მიმართებაში ბუღალტრული მონაცემების მეტობაზე საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებთან შედარებით, თუმცა არც საჩივარში და არც გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ წარდგენილ ზემოაღნიშნულ განცხადებაში, არ ფიქსირდება აღნიშნული გამოწვეულია ჩეკის გაუცემლობით თუ ჩგდ-ით მიღებული თანხებით.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა განცხადებაში მითითებულია, რომ საწარმოს მიერ მოძიებულია ინფორმაცია გაუქმებულ ჩეკებთან დაკავშირებით. კერძოდ 3.11.2018 წელს DY00128595 საკონტროლოსალარო აპარატზე მიყოლებით დაფიქსირებულია ჯერ 182 364 ლარი, შემდეგ 182 და 364 ლარი ცალცალკე, ასევე 3.06.2019 წელს DY001497495 საკონტროლო-სალარო აპარატზე ერთსა და იმავე წუთზე დაფიქსირებულია 98 040 და 98.40 ლარი. საწარმოს განმარტებით აღნიშნული იძლევა იმის რწმუნებას, რომ პირველი თანხა დაფიქსირებულია შეცდომით. აღნიშნულ თანხებთან დაკავშირებით საწარმოს არ გააჩნია შეცდომით დაფიქსირებული ჩეკის ფიქსაციის აქტები. ამასთან გადამოწმებულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ფიქსირდება სხვა დიდ თანხიანი ჩეკებიც (მაგ. 171 445.9 ლარი - 06.04.2020წ; 57 116.4 ლარი - 27.06.2018წ). გარდა 2018 წლის ნოემბრისა და 2019 წლის ივნისისა, შემოწმებით სხვაობები გამოვლენილია სხვა საანგარიშო პერიოდებშიც. ამასთან, შემოწმების აქტის მიხედვით 2018 წლის ნოემბერში ბუღალტრულსა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებს შორის სხვაობა შეადგენს 74 635 ლარს, როცა საწარმო ამავე პერიოდზე მიუთითებს, რომ შეცდომით დაფიქსირებული აქვს ერთი ჩეკი 182 364 ლარის ოდენობით, ხოლო 2019 წლის ივნისში გამოვლენილი სხვაობა 122 162 ლარია, ხოლო საწარმოს განცხადებით იმავე პერიოდში შეცდომით დაფიქსირებულია ერთი ჩეკი 98 040 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
მომჩივანი განმარტავს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატზე 98 040 ლარი დაფიქსირებულია შეცდომით და რეალურად უნდა იყოს 98.40 ლარი. თვალსაჩინოების მიზნით წარმოადგენს აღნიშნულ ქვითარს და ფიქსაციის აქტებს დანართის სახით. ზოგიერთ შემთხვევაში დისტრიბუტორმა შეიძლება 2-3 დღის ან 1 კვირის განმავლობაში ამოღებული თანხები ერთიანად შეიტანოს სალაროში, რაც დღის ჭრილში და თვის ჭრილშიც თავისთავად გამოიწვევს სხვაობას. ასევე, რეალიზაციის 90%-ზე მეტი ხდება სასაქონლო ზედნადებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. რიგ შემთხვევებში, თვის ჭრილში საკონტროლო-სალარო აპარატის ზეტების ჯამი აღემატება ბუღალტერიაში ასახულ მონაცემებს, მაგრამ ძირითადად, ბუღალტერიაში ასახული მონაცემები აღემატება საკონტროლოსალარო აპარატის მონაცემებს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბჭოს სხდომაზე განმარტეს, რომ შესწავლილია მომჩივნის არგუმენტაციის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაცია რაც ასევე ერთვის საჩივარს და ანალოგიურია გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებებისა, გარდა შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის ფაქტის ფიქსაციის აქტებისა, რომელთან დაკავშირებითაც აუდიტორი მიუთითებს იმავე მსჯელობაზე რაც დასკვნაშია მოცემული, რომ შემოწმების აქტის მიხედვით 2018 წლის ნოემბერში ბუღალტრულსა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებს შორის სხვაობა შეადგენს 74 635 ლარს, როცა საწარმო ამავე პერიოდზე მიუთითებს, რომ შეცდომით დაფიქსირებული აქვს ერთი ჩეკი 182 364 ლარის ოდენობით, ხოლო 2019 წლის ივნისში გამოვლენილი სხვაობა 122 162 ლარია, ხოლო საწარმოს განცხადებით იმავე პერიოდში შეცდომით დაფიქსირებულია ერთი ჩეკი 98 040 ლარის ოდენობით ანუ აღნიშნულ ნაწილში თანხებს შორის თანხვედრა არ არსებობს.
ზემოთ აღიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია რომ 4.03.2022 წლის №15494/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივანი ასევე ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 4.03.2022 წლის №15494/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.