გადაწყვეტილება №20231/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.10.2023
№ დოკუმენტი 20231/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20231/2/2023

16 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 11.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20231/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19423 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის №002-63 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14584 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 850 749 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 411 532

დღგ - 30 208

საშემოსავლო გადასახადი - 381 324

ჯარიმა - 205 763

საურავი - 233 454

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.12.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 14 ნოემბრის №39510 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

1. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, დადგინდა საწარმოს მიერ მიღებული თანხები, ამასთან ჩაითვალა რომ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი სრულად იყო ანაზღაურებული შესაბამის პერიოდებში. ასევე მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი ფულადი სახსრები, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, განხილულ იქნა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი აღემატება შესაბამის პერიოდებში დეკლარირებულ განაცემებს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

3. შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ბრუნვები შედგება ფართების მიწოდებიდან მიღებული/მისაღები შემოსავლებისაგან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული საბანკო ამონაწერების დამუშავებით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავებულია შემოწმებით დადგენილისაგან. კერძოდ, შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ასახული ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით 2019 წლის მაისის თვეში შეადგენს 279 465 ლარს დღგ-ის გარეშე, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 171 068 ლარს, ხოლო 2019 წლის ნოემბრის თვის შემოწმებით დადგენილი ბრუნვა შეადგენს 152 071 ლარს, დეკლარირებული - 92 659 ლარს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, გადამხდელს 2020 წლიდან არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც ახდენს დღგ-ის ჩათვლას. ამასთან, გადამხდელს გადარიცხული აქვს იჯარის ღირებულება. შემოწმებით, განხორციელებული გადახდა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, 2020 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემცირებულ იქნა დღგ-ის ჩათვლილი თანხაც. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 21.04.2022 წლის №10300 ბრძანება და №002-68 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19423 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19423 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 24.04.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 57 865 ლარით, მათ შორის გადასახადი 38 578 ლარით და ჯარიმა 19 287 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 28.04.2023 წლის №9327 ბრძანება და №002-63 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14584 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შესწავლილია გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია (მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის დაფარვის შესახებ), რამაც გავლენა მოახდინა ფულადი სახსრების მოძრაობაზე და შემცირებას დაექვემდებარა აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. რაც შეეხება შპს -----ს დამფუძნებლებზე ბინების გადაცემის ოპერაციას, შემოწმებისათვის წარდგენილია შპს -----ს დამფუძნებელი ფიზიკური პირების განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი თანახმა არიან შპს ------ს მიერ აშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები გადაფორმდეს მათ საკუთრებაში. თუმცა, არ არის წარდგენილი ამ უფლების/თანხმობის წარმოშობის საფუძველი. ამასთან აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში ფიქსირდება 2016 წლის შეთანხმება შპს ------სა და შპს -----ს შორის ვალდებულებების გაუქმებაზე, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია სასყიდლიანი ხელშეკრულებები. რაც შეეხება შპს -----თვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი თანხის მიღებას, დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები გამოწვეულია ორი ფართის რეალიზაციიდან, რაზეც საჯარო რეესტრში არსებული ხელშეკრულებების თანახმად, თანხა ანაზღაურებულია სრულად. ამასთან, შპს ------ს მიერ აღნიშნული ფართები საბოლოოდ გადაფორმებულია შპს -----ს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე. რაც შეეხება, დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, 2019 წლის მაისსა და ნოემბრის თვეში შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები სრულად გაანგარიშებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე. ამასთან, წინა პერიოდში აღნიშნულ რეალიზაციასთან დაკავშირებული ავანსის მიღება და დეკლარირება შემოწმების მონაცემებით არ დასტურდება. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. ასევე, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული იჯარის თანხებისა და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩასათვლელი თანხების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების საკითხი, რის შედეგადაც აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია (მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის დაფარვის შესახებ), რამაც გავლენა მოახდინა ფულადი სახსრების მოძრაობაზე და შემცირებას დაექვემდებარა აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. რაც შეეხება შპს -----ს დამფუძნებლებზე ბინების გადაცემის ოპერაციას, შემოწმებისათვის წარდგენილია შპს -----ს დამფუძნებელი ფიზიკური პირების განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი თანახმა არიან შპს ------ს მიერ აშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები გადაფორმდეს მათ საკუთრებაში. თუმცა, არ არის წარდგენილი ამ უფლების/თანხმობის წარმოშობის საფუძველი. ამასთან აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში ფიქსირდება 2016 წლის შეთანხმება შპს -----სა და შპს -----ს შორის ვალდებულებების გაუქმებაზე, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია სასყიდლიანი ხელშეკრულებები. შემოსავლების სამსახური და აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ 2016 წლის 25 ივლისის შპს -----ს (ს/კ -----) და შპს ------ს შორის შედგა შეთანხმება (იხილეთ საჩივრის დანართი №1), სადაც დაფიქსირდა გაუქმდეს ვალდებულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ------, -----ს გამზირი №----- (ს.კ: ------), აღნიშნული შეთანხმების გაფორმებამდე უძრავ ქონებაზე ფიქსირდებოდა (იხ. საჩივრის დანართი №2; 2016 წლის 25 მაისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ორ გვერდზე, მეორე გვერდზე ყვითელი მარკერით მონიშვნა) „საგანი: დაზუსტებული ფართობი: 1490 კვ.მ. და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა; მხარეები ვალდებულნი არიან შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს არ აქვს უფლება მოახდინოს შეძენილი მიწის ნაკვეთის გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა, გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე“ აქედან გამომდინარე, აღნიშნული შეთანხმებით შპს ------მ შპს ------ს მისცა უფლება, გამოყენებინა მიწის ნაკვეთი თავისი შეხედულებით (ბანკში სესხის უზრუნველსაყოფად და სხვა) ასევე, შპს ------ მოახდენდა მშენებარე ბინების რეალიზაციას სხვადსხვა პირებზე, აღნიშნული შეთანხმებით არ გაუქმებულა შპს, ------ს ვალდებულებები შპს ------ს წინაშე, რომელიც აღებული ჰქონდა მას 2015 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულებით, (იხ. საჩივრის დანართი №3-1; ასევე იხ. საჩივრის დანართი №3-2;) რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ შპს ----- მიიღებდა აშენებული კორპუსიდან 1003.7 კვ.მ. საცხოვრებელი ფართს (მეხუთე სართული სრულად და მეოთხე სართულიდან 400 კვ.მ), აღნიშნული ვალდებულებების არსებობა მტკიცდება შპს -----ს წერილობითი შეტყობინებით, შემოსავლების სამსახურს 2017 წლის 18 მაისს წერილობით აცნობა თუ რა ვალდებულებები და რა ოდენობის ფართი უნდა გადაეცა შპს ------თვის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. (იხ. საჩივრის დანართი №3; აღნიშნული ინფორმაცია მოთხოვნილი იქნა თვითონ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 მაისის №21-05/65357 წერილით, ვინაიდან დაწყებული იყო შპს ------ს გაკოტრების პროცესი) აღნიშნული დოკუმენტებით მტკიცდება ის ფაქტი, რომ 2017 წლის 18 მაისის მდგომარეობით შპს -----ს აქვს ვალდებულებები შპს ------ს მიმართ, რომ უნდა გადასცეს 1003,7 კვ.მ. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, მიწის სანაცვლოდ, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა (რასაც ეთანხმება შემოსავლების სამსახური) აღნიშნული ვალდებულება გაუქმებულად ჩათვალა 2016 წლის 25 ივლისის შეთანხმებით (იხ. საჩივრის დანართი №1), ხოლო რა ვალდებულებები მოიხსნა 2016 წლის 25 ივლისის შეთანხმებით ახსნილია საჩივრის დასაწყისში, აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტემენტის გადაწყვეტილება, რომ ვალდებულება (ბინების გადაცემა მიწის სანაცვლოდ) გაუქმდა 2016 წლის 25 ივლისის შეთანხმებით არასწორია, ვინაიდან აღნიშნული ვალდებულება დასტურდება (იხ. საჩივრის დანართი №3) 2017 წლის 18 მაისის შემოსავლების სამსახურზე მიწერილი წერილით (იხ საჩივრის დანართი №3 და მასზე თანდართული ხელშეკრულებებით, იხ. დანართი №3-1 და №3-2;) ასე, რომ შპს ------ს დამფუძნებლებზე ბინების გადაცემა განხორციელდა მიწის სანაცვლოდ, ასევე, აუდიტის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახურის საჩივრების დეპარტამენტი აფიქსირებს იმ ფაქტს, რომ შპს -----ს დამფუძნებლები აცხადებენ თანხმობას, რომ შპს -----გან მიიღონ ბინები და ხაზს უსვამენ იმას, რომ თუმცა, არ არის წარდგენილი ამ უფლების/თანხმობის წარმოშობის საფუძველი - „აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა შპს -----ს გაკოტრება - ლიკვიდაცია, აღნიშნულ გაკოტრების პროცესში ჩართული იყო შემოსავლების სამსახურიც და შპს ------მა 2017 წლის 18 მაისს წერილობით ანცობა (იხილეთ საჩივრის დანართი №3) შემოსავლების სამსახურს, რომ შპს -----ს ეკუთვნის 1 003,7 კვ.მ. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი. ამის შემდგომ განხორციელდა შპს ------ს გაკოტრება/ლიკვიდაცია, ხოლო მისი მხრიდან შპს ------ზე გადასაცემი ფართები შპს -------ს დამფუძნებლების გადაწყვეტილებით გადაცემული იქნა მის დამფუძნებლებზე, ასევე დამფუძნებლებს აღნიშნული ქონება ეკუთვნოდათ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (რომელიც ძალაში იყო 2021 წლის 1 აპრილამდე და აღნიშნული კანონის მე-20 მუხლით განხორციელდა შპს -----ს გაკოტრება-ლიკვიდაცია,) მე-20 მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებში დაფიქსირებულია: „9. თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. სასამართლო ამ ინფორმაციას არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოვალის ქონება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეგისტრაციის გაუქმებამდე ნაწილდება მის პარტნიორებზე მათი წილის პროპორციულად, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის და მათი გადაწყვეტილების შესაბამისად შპს -----ს დამფუძნებლებს მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ გადაეცათ სწორედ ის 1003,7 კვ.მ. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, ხოლო აღნიშნული გადაცემა განხორცილდა ისე, რომ შპს ------ს არანაირი ფულადი ანაზღაურება არ მიუღია (იხ. საჩივრის დანართები სანოტარო აქტებით დამტკიცებული იმ ფიზიკური პირების განმარტებები) და შესაბამისად შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება გაუქმებას.

2. 24.04.2023 წლის დასკვნაში დაფიქსირებულია ასევე, რომ შპს ------ს (ს/ნ -----) გადაეცა (ელ.ანგარიშ-ფაქტურა №ეა-----, პერიოდი 2019 წლის აგვისტო: ელ ანგარიშ ფაქტურა №ეა----- პერიოდი 2019 წლის ივლისი ელ. ანგარიშ-ფაქტურა №ეა------ პერიოდი 2019 წლის აგვისტო; სამივე ანგარიშ-ფაქტურის მთლიანი ღირებულება შეადგენს 1 296 446.82 ლარს მათ შორის დღგ 197 763,07 ლარი) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, აღნიშნულ ოპერაციაზე თანხები ფულადი სახით არ მიუღია ვინაიდან ჩატარდა ბარტერული ოპერაცია და შპს ------ს მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურები ჩასათვლელი დღგ-ისგან ამოღებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 14 დეკემბრის შემოწმების აქტით ასე, რომ ამ ოპერაციაზეც ფულადი თანხა არ მიუღია აქედან გამომდინარე, არასწორად მიაჩნია საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება და მოითხოვს მოხდეს შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადის გაანგარიშება. რაც შეეხება შპს ------თვის გამოწერილი ფაქტურების შესაბამისი თანხის მიღებას: დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები გამოწვეულია ორი ფართის რეალიზაციიდან, რაზეც საჯარო რეესტრში არსებული ხელშეკრულებების თანახმად თანხა ანაზღაურებულია სრულად, ამასთან შპს ------ს მიერ აღნიშნული ფართები საბოლოოდ გაფორმებულია შპს ------ს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე. გადაანგარიშების დასკვნით აღნიშნულ საკითხებში დამატებით დარიცხული თანხები კორექტირებას არ ექვემდებარება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2019 წლის განმავლობაში შპს -----მა ბარტერული ოპერაციის ფარგლებში შპს -----ზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: (ელ. ანგარიშ-ფაქტურა №ეა------, პერიოდი 2019 წლის აგვისტო, ელ ანგარიშ ფაქტურა №ეა------ პერიოდი 2019 წლის ივლისი, ელ. ანგარიშ-ფაქტურა №ეა------ პერიოდი 2019 წლის აგვისტო. სამივე ანგარიშ ფაქტურის მთლიანი ღირებულება შეადგენს 1 296 446.82 ლარს მათ შორის დღგ 197 763,07 ლარი) აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები შესაბამისი თვეების დღგ-ის დეკლარაციებით დაბეგრილია დღგ-ით და დეკლარირებულია შემოსავლების სამსახურში, შპს -----ს მიერ ისევ ბარტერული ოპერაციის ფარგლებში და ზემოთ დასახელებული ანგარიშ-ფაქტურების ღირებულების გადახდა ფულადი სახით არ მომხდარა, არამედ შპს ------მა გამოწერა შემდეგი ანგარიშ-ფაქტურები, საჩივარს თან ერთვის შპს -----ს განმარტება, რომ შპს ------თვის არანაირი თანხები არ აქვს გადახდილი. შპს ------ს მიერ განხორციელდა 89 კვ.მ. ფართის რეალიზაცია შპს -----ს დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე, ხოლო აღნიშნულმა ფიზიკურმა პირმა ფართის ღირებულება ფულადი სახით გადაუხადა შპს -----ს (იხილეთ საჩივრის დანართი შპს ------ს განმარტება), მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული ოპერაციის შედეგად საშემოსავლო გადასახადი დაარიცხა შპს ------ს საკითხავია საგადასახადო კოდექსის, რომელი მუხლით იხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტმა, გამოდის, რომ ფიზიკურ პირზე რეალიზაციას ახდენს სხვა იურიდული პირი და საშემოსავლო გადასახადის პასუხისმგებლობა ეკისრება შპს ------ს, ასეთ შემთხვევას საგადასახადო კოდექსის არცერთი მუხლი არ განიხილავს, ასევე აუდიტის დეპარტამენტს ყველა შემთხვევაში უნდა ჩაეტარებინა შპს ------ს საგადასახადო შემოწმება (შემოწმების არ ჩატარება თითქმის გამორიცხულია, ვინაიდან შპს -----ს მიერ განხორციელდა იმ ფაქტურების გამოწერა, რომელიც შემდგომ აღიარებული იქნა ფიქტიურ ოპერაციად) და შესაბამისად შპს -----ს შემოწმების შედეგებში შემოწმების აქტში, უნდა ასახულიყო ეს ოპერაციები და არა შპს -----ს შემოწმების შედეგებში. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნაა გაუქმდეს აღნიშნულ ოპერაციაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

3. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 აპრილის დასკვნაში არ არის ასახული მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციები, რომელიც შეეხებოდა შპს ------ს ფულადი ნაკადების შემოსვლას და მის ხარჯვას, შპს ------ს სს ---- ბანკიდან 2016 წელს აღებული აქვს კრედიტი, რომელიც დაფარული იქნა 2019 წლის საანგარიშო პერიოდში, მაგრამ ------ ბანკის კრედიტის დასაფარავად აღებული იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ------გან სესხი 100 000 ლარი, აღნიშნული თანხით დაიფარა 2016 წელს აღებული სს ------ბანკის კრედიტი, ხოლო 2019 წლის ოქტომბერში მოხდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ------გან აღებული სესხის დაფარვა თავის საპროცენტო სარგებლით, აღნიშნული თანხები არ არის გათვალისწინებული აუდიტისა დეპარტამენტის დასკვნაში და 111 111 ლარი დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, არადა აღნიშნული თანხით დაფარულია საკრედიტო დავალიანება და აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია შესაბამის საბანკო ამონაწერებით. ასევე ფულად ხარჯებში არ არის გათვალისწინებული შპს -----ს მიერ საჯარო რეესტრში ფართების გადაფორმებაზე გადახდილი 6 524 ლარი, რომელიც ასევე დაბერილია საშემოსავლო გადასახადით, შპს -----ს ფულად ხარჯებში არ არის გათვალისწინებული შპს ----- (ს/ნ ----) 2019 წლის განმავლობაში გადახდილი თანხები სულ 7000 ლარი. არ არის გათვალისწინებული -----ს მერიის მიერ დაკისრებული ჯარიმა მშენებლობის დარღვევაზე 15 000 ლარი, რომელიც გადარიცხულია საბანკო ანგარიშიდან, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფულადი ხარჯები დადასტურებულია საბანკო ამონაწერებში მასში ეჭვის შეტანის საფუძველი აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონია, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა იგნორირება გაუკეთა წარდგენილ დოკუმენტებს და შპს ------ს დასახელებული და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები დაბეგრა, როგორც გაცემული ხელფასი და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულ თანხებზე მოხდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილობრივ შემცირება, მაგრამ კონკრეტულად რა თანხა იქნა მიღებული დაბეგვრისაგან უცნობია, ვინაიდან აღნიშნული გაანგარიშება არ გადაუგზავნია საგადასახადო ორგანოს, რის გამოც ითხოვს გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად მოხდეს ზემოთ დასახელებული თანხების გადაანგარიშების შესწავლა, ასევე, ხელფასად არის განხილული შპს -----ს მიერ ბიუჯეტში გადახდილი 197 196 ლარი, აღნიშნული თანხა ვინაიდან გადახდილია ბიუჯეტში შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ არ დაექვემდებარა შემცირებას და დატოვეს, როგორც ხელფასი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცემული (დაბეგრილი) ხელფასი დააბრუნა საწარმოს დამფუძნებელმა და შეიტანა ბიუჯეტში, აუდიტის დეპარტამენტის ასეთ ფორმულირებას არ ეთანხმება, შესაძლებელია აღნიშული თანხა განხილული უნდა იქნას გაცემულ სესხად და დაიბეგროს მოგების გადასახადით, ხოლო ბიუჯეტში გადახდის თარიღით მოხდეს მოგების გადასახადის ჩათვლა, ასეთი ფორმულირება კიდევ მისაღები იქნებოდა კომპანიისათვის ვიდრე ხელფასად განხილვა, აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში გადახდილი 197 196 ლარი ამოღებული უნდა იქნას ხელფასის სახით განაცემიდან და დაიბეგროს მოგების გადასახადით. (ფულადი მოძრაობის შესახებ იხილეთ საჩივრის დანართი, შპს -----ს ფულადი შემოსავლების და ხარჯის შესახებ.)

4. აუდიტის დეპარტემენტის 2023 წლის დასკვნაში ზერელედ და უსაფუძვლოდ არის განხილული დღგ-ის ის საკითხი, რომელიც ეხებოდა 2019 წლის საანგარიშო პერიოდს, დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტმა დააფიქსირა, „შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი აღნიშნული საკითხი 2019 წლის მაისსა და ნოემბრის თვეში შემოწმებით დადგენილი დღგ-ის ბრუნვები სრულად გაანგარიშებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით, ამასთან, აღსანიშნავია რომ წინა პერიოდში აღნიშნულ რეალიზაციასთან დაკავშირებული ავანსის მიღება და დეკლარირება შემოწმების მონაცემებით არ დასტურდება შესაბამისად შემოწმების აქტით დადგენილი დღგ-ის ბრუნვა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას არ ეთანხმება, იმის გამო, რომ 2019 წლის მაისის და ნოემბრის თვეებში გადაფორმებული ფართები შპს -----მა დღგ-ის დეკლარაციაში ასახა 2019 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვის დეკლარაციებში და მოახდინა მათი დაბეგვრა, მისი მხრიდან დაყენებული იქნა ეს საკითხი აუდიტორების წინაშე, რომ ენახათ შესაბამისი (ივლისი აგვისტო სექტემბერი) თვეები და დარწმუნდებოდნენ, რომ ფართების რეალიზაცია დაბეგრილი იყო დღგ-ით, რა თქმა უნდა მისი მხრიდან დარღვეული იყო მხოლოდ პერიოდის ცვლილება, აუდიტის დეპარტამენტმა მის მიერ მითითებული თვეების დღგ-ის დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი ბრუნვები არ შეისწავლა და სიტყვიერად მიუთითა, რომ აღნიშნული თვეები შემოწმებულია წინა შემოწმების აქტებით და გადამოწმების უფლება არ აქვს, აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ თუ ააშენა და გაყიდა პირობითად: 4000 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და აღნიშნული 4000 კვ.მ. ასახა დღგ-ის დეკლარაციის დასაბეგრ ბრუნვებში, აუდიტის დეპარტამენტი შემოწმების შედეგად (ვინაიდან არ ნახულობს და არ შეისწავლის წინა შემოწმების შედეგებს, რომლის დროსაც საერთოდ არ შეუმოწმებია დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები) ადგენს, რომ კომპანიამ ააშენა 4000 კვ.მ. ფართი, მაგრამ რეალიზაცია მოახდინა 4 500 კვ.მ.-ის და ამ 500 კვ.მ.-ზე ახდენს დღგ-ის დამატებით დარიცხვას. ვინაიდან კომპანიის მიერ მთლიანად აშენებული ფართი რეალიზებულია და ასახულია დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში და ძირითადი თანხა სრულად გადახდილია ბიუჯეტში, აქედან გამომდინარე, მოთხოვნაა, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხელმეორედ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და შეამციროს დღგ-ის თანხა, რომელიც კომპანიას ხელმეორედ დაერიცხა შემოწმების შედეგად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19423 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19423 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 24.04.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ:

1. კომპანიის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებული ბინების ნაწილი მიწოდებულია/გადაფორმებულია შპს -----ს (ს/ნ -----) დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული განპირობებული იყო შპს ------ს გაკოტრებით. შემოწმებისათვის წარდგენილია შპს ------ს დამფუძნებელი ფიზიკური პირების განცხადება, რომლის მიხედვით ისინი თანახმა არიან შპს -----ს მიერ აშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები გადაფორმდეს მათ საკუთრებაში. თუმცა, არ არის წარდგენილი ამ უფლების/თანხმობის წარმოშობის საფუძველი. ამასთან აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში ფიქსირდება 2016 წლის შეთანხმება შპს -----სა და შპს ------ს შორის ვალდებულებების გაუქმებაზე, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია სასყიდლიანი ხელშეკრულებები. რაც შეეხება შპს -----თვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი თანხის მიღებას, დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები გამოწვეულია ორი ფართის რეალიზაციიდან, რაზეც საჯარო რეესტრში არსებული ხელშეკრულებების თანახმად, თანხა ანაზღაურებულია სრულად. ამასთან, შპს ------ს მიერ აღნიშნული ფართები საბოლოოდ გადაფორმებულია შპს --------ს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადაანგარიშების დასკვნით, აღნიშნულ საკითხებში დამატებით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

2. შემოწმებით დადგენილი დამატებით დაბეგრილი ხელფასის ოდენობა გაანგარიშებულია პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე (საბანკო ამონაწერების) დაყრდნობით და მასზე გავლენას ვერ მოახდენდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ ბიუჯეტში შეტანილი თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი აღემატებოდა შესაბამის პერიოდებში დეკლარირებულ განაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. გარდა აღნიშნულისა, გადამხდელის მიერ წარდგენილია დამატებითი დოკუმენტაცია (მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის დაფარვის შესახებ), რამაც გავლენა მოახდინა ფულადი სახსრების მოძრაობაზე და შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

3. შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი. 2019 წლის მაისსა და ნოემბრის თვეებში შემოწმებით დადგენილი დღგ-ის ბრუნვები სრულად გაანგარიშებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდში აღნიშნულ რეალიზაციასთან დაკავშირებული ავანსის მიღება და დეკლარირება შემოწმების მონაცემებით არ დასტურდება. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

4. შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული იჯარის თანხებისა და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩასათვლელი თანხების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების საკითხი. აღნიშნულის შესწავლის და ანალიზის შედეგად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 57 865 ლარით, მათ შორის გადასახადი 38 578 ლარით და ჯარიმა 19 287 ლარით.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირ განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ სადავოდ ხდის 24.04.2023 წლის დასკვნით დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19423 ბრძანების შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი არგუმენტების და დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების, დამატებით საფუძვლიანად შესწავლა არ მომხდარა, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მისი დასწრების გარეშე და ისე მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14584 ბრძანება;

3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19423 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი ფულადი სახსრები განხილულ იქნა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი აღემატება შესაბამის პერიოდებში დეკლარირებულ განაცემებს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

3. დადგინდა, რომ საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავებულია შემოწმებით დადგენილისაგან. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, გადამხდელს 2020 წლიდან არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც ახდენს დღგ-ის ჩათვლას. ამასთან, გადამხდელს გადარიცხული აქვს იჯარის ღირებულება. შემოწმებით, განხორციელებული გადახდა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, 2020 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემცირებულ იქნა დღგ-ის ჩათვლილი თანხაც. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადები და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"ბ").