გადაწყვეტილება №19806/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.07.2023
№ დოკუმენტი 19806/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19806/2/2023

13.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 29.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19806/2/2023).

 

დავის საგანი:

ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე დავის დაწყებაზე უარის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2021 წლის №070-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10584 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 99 123 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 57 878

დღგ - 40 766

მიწა - არასასოფლო - 2 499

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 12

საშემოსავლო გადასახადი - 5 184

ქონების გადასახადი - 9 417

ჯარიმა - 28 511

საურავი - 12 734

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 28.06.2021 წლის აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2021 წლის №070-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.10.2021 წლის №33536 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს მიმართა საჩივრით, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2021 წლის №070-5 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10584 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2021 წლის №070-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10584 ბრძანება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე დავის დაწყებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი აცხადებს, რომ გამოიკვეთა ახალი გარემოება, კერძოდ, კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე შემოწმებულ პერიოდებზე 2023 წლის მარტის თვეში გაგზავნილ იქნა დაზუსტებული დეკლარაციები, რაც უკავშირდება -------- არამართლზომიერ ქმედებებს, ერთპიროვნულ, არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც არ გამოხატავს კომპანიის ოფიციალურ პოზიციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2021 წლის №070-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს ,,-------“ (ს/ნ ------) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2021 წლის №070-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 10.08.2021 წელს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 22.10.2021 წლის №33536 ბრძანებით დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ ------) 20.04.2023 წლის №80473/1/2023 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2021 წლის №070-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, 8.07.2021 წლის №22124 ბრძანება და №070-5 საგადასახადო მოთხოვნა ამავე თარიღში აისახა კომპანიის საგადასახადო ვებპორტალზე და 9.07.2021 წელს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაიხსნა შეტყობინება.

საგადასახადო შემოწმების შედეგად, კომპანიისთვის დამატებით დარიცხული გადასახადის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საგადასახადოს ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიას ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 86 389 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადების გაანგარიშებისათვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი კომპანიის მიერ აუდიტორებისთვის რელევანტური ინფორმაციის წარუდგენლობა გახდა.

მომჩივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფლობს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილი იყო შემოწმების ფარგლებში, თუმცა მისთვის უცნობი მიზეზებით, არ მიეწოდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს. შესაბამისად, მიაჩნია, რომ არამართლზომიერია საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დაფიქსირებული საბოლოო შედეგები.

კამერალური საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში კომპანიის დირექტორის პოზიციას იკავებდა --------, რომელიც უშუალოდ არ ყოფილა ჩართული აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ურთიერთობის პროცესში. საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ნაწილში, კომპანიის ინტერესებს წარადგენდა --------, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები და რომელიც მიმდინარე მდგომარეობით, უკვე გათავისუფლებულია დაკავებული პოზიციიდან.

ხსენებული პირის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გაცნობის შემდგომ, კომპანიის ხელმძღვანელობას მიეწოდა არასრული და არაზუსტი ინფორმაცია. კერძოდ, ------- კომპანიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული დარიცხვები იყო უსაფუძვლო, არასამართლიანი და საჩივარი წარადგინა დადგენილ ვადაში. კომპანიას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიმდინარეობდა საგადასახადო დავის პროცესი და მოლოდინი ჰქონდა, რომ არამართლზომიერად დარიცხული თანხები დაექვემდებარებოდა შემცირებას.

საგადასახადო ორგანოსგან საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული პროცესის მნიშვნელოვანი ვადით გაჭიანურების გამო, მესამე მხარის (დაქირავებული კონტრაქტორები) ჩართულობით დაიწყო კომპანიამ ხსენებული საკითხების შესწავლა. შედეგად, დადგინდა, რომ გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით მათთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს და საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული თანხები აღარ ექვემდებარებოდა კორექტირებას/შემცირებას.

გარდა ამისა, 2023 წლის მარტის თვეში, ცნობილი გახდა დამატებითი ახალი გარემოება. კერძოდ, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებისგან მიიღო კომპანიამ ინფორმაცია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან (დირექტორთან) შეთანხმების გარეშე, შემოწმებულ პერიოდებზე (მათ შორის, 2019 წელი) გაგზავნილ იქნა დაზუსტებული დეკლარაციები, როგორც დღგ-ის, ისე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ეს არამართლზომიერი ქმედებებიც უკავშირდება ------- ერთპიროვნულ, არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებას და არ გამოხატავს კომპანიის ოფიციალურ პოზიციას.

გათვალისწინებული უნდა იქნას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობა, მათ შორის საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევა, გამოწვეულია კომპანიის წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი და არაკომპეტენტური ქმედებებით, რომლებიც კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი არ ყოფილა. საგადასახადო შემოწმებას დაქვემდებარებულ პერიოდში, მომჩივნის მიერ განხორციელებული ყველა სამეურნეო ოპერაცია გამჭვირვალეა, დასტურდება შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციით და აღრიცხულია სათანადო წესით. მიმდინარე მდგომარეობით, ზემოთ ხსენებული პასუხისმგებელი პირი გათავისუფლებულია დაკავებული პოზიციიდან და კომპანიის ხელმძღვანელობა მზად არის საგადასახადო ორგანოს მიაწოდოს ყველა საჭირო და მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებული კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამ ნაწილში, ითხოვს, მხედველობაში იქნას მიღებული წინამდებარე საჩივარში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტაცია.

შედეგად, ითხოვს გადაანგარიშდეს აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტსა და 8.07.2021 წლის №070-5 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული დამატებით დარიცხული თანხები (ძირითადი გადასახადი 57 878 ლარი, ხოლო ჯარიმა 28 511 ლარი). აღნიშნულის საფუძველზე, შემოწმებას დაქვემდებარებული პერიოდისთვის, სამართლიანად მოხდება კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების და ფინანსური სანქციების გაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 2023 წლის მარტის თვეში, ცნობილი გახდა ახალი გარემოება. კერძოდ, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებისგან მიიღო კომპანიამ ინფორმაცია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან (დირექტორთან) შეთანხმების გარეშე, შემოწმებულ პერიოდებზე (მათ შორის, 2019 წელი) გაგზავნილ იქნა დაზუსტებული დეკლარაციები, როგორც დღგ-ის, ისე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

საქმის გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოდგენს ისეთ გარემოებებს ან მტკიცებულებებს, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 299- ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10584 ბრძანებით მომჩივანს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე დავის დაწყებაზე უარი ეთქვა მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე დავის დაწყებაზე უარის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2021 წლის №070-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.10.2021 წლის №33536 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი. მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს მიმართა საჩივრით, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2021 წლის №070-5 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო. შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10584 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2021 წლის №070-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10584 ბრძანება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე დავის დაწყებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №10584 ბრძანებით მომჩივანს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე დავის დაწყებაზე უარი ეთქვა მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(6)(7).