გადაწყვეტილება №23754/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.09.2024
№ დოკუმენტი 23754/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23754/2/2024

26 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 20.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23754/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №22863/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2024 წლის №005-121 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 160 714 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 79 122

ჯარიმა - 40 111

საურავი - 41 481

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.08.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობა), ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა 2-ები) ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წელს დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის.

დადგინდა, რომ 2020 წლის 14 სექტემბერს კომპანიასა და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი 1 921 923 ლარის სამუშაოს შესრულებაზე, აქედან 1 523 370.9 ლარი დაბეგრილია შესამოწმებელ პერიოდამდე. გადასახადის გადამხდელს 2020 წლის ოქტომბერში დაბეგრილი აქვს სექტემბრის თვეში შესრულებული მომსახურება. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2020 წლის სექტემბრის თვეში გაიზარდა 103 252 ლარით, ხოლო 2020 წლის ოქტომბრის თვეში შემცირდა. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით. გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33374 ბრძანება და №005-236 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.03.2024 წლის №6505 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6505 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული სადავო საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 7.06.2024 წლის №22863/2/2024 გადაწყვეტილებით, პირველ სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული სამუშაოების და შესაბამისად დასაბეგრი ოპერაციის სექტემბრის თვეში განხორციელებულად მიჩნევა არამართლზომიერად ჩაითვალა. ოპერაციის განხორციელების პერიოდად მიჩნეული იქნა ოქტომბრის თვე, ვინაიდან ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელებულია, აქტი შედგენილია და სამუშაოების შესრულება ორივე მხარის მიერ დადასტურებულია ოქტომბრის თვეში. ამ პერიოდში დამკვეთმა მიიღო, ხოლო შემსრულებელს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.

საბჭოს 7.06.2024 წლის №22863/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას და გადაანგარიშების შედეგად, შემცირდა დღგ-ში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა 1 858.5 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 19 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი (№91510/1/2024), აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2024 წლის №005-121 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 20.08.2024 წლის №81131-21-04 წერილით, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ:

საგადასახადო ორგანო ან/და დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს არ დააკისროს საგადასახადო სანქცია ან იგი გაათავისუფლოს დაკისრებული საგადასახადო სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა ჩაიდინა კეთილსინდისიერმა გადასახადის გადამხდელმა. გადასახადის გადამხდელი ქმედების მიმართ უნდა იყოს კეთილსინდისიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდარღვევა შეცდომამ (არცოდნამ) გამოიწვია. თუმცა, ნებისმიერი შეცდომის დაშვება არ ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერი იყო ქმედების მიმართ. შეცდომა დაშვებული უნდა იყოს წინდახედულობის ნორმის დაცვის პირობებში. თუ შეცდომა განპირობებულია ქმედებისადმი გადასახადის გადამხდელის გულგრილი (დაუდევარი) დამოკიდებულებით, გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება.

ნორმაში მითითებული არ არის „სამართლებრივი შეცდომა“, „ფაქტობრივი შეცდომა“ ან „ტექნიკური შეცდომა“. შესაბამისად, შეცდომა შეიძლება იყოს ფაქტობრივი (მათ შორის ტექნიკური) და სამართლებრივი. ფაქტობრივია შეცდომა, როდესაც გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს წარმოდგენილი ქმედების შემადგენლობის ობიექტური ნიშნები, ხოლო სამართლებრივია შეცდომა, როდესაც გადასახადის გადამხდელს გაცნობიერებული არ აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა.

ფაქტობრივი შეცდომის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი კეთილისინდისიერად ჩაითვლება, თუ გადასახადის გადამხდელს დაცული აქვს წინდახედულობის ნორმები, მაგრამ სამართალდარღვევა მაინც მოხდა. კეთილსინდისიერება სახეზეა, როდესაც გადასახადის გადამხდელს წინდახედულობის ფარგლებში შესრულებული აქვს თავისი ვალდებულება, მაგრამ მესამე პირის მიზეზით ან სხვა გარემოების ძალით ამ წინდახედულობის გამოჩენამ ვერ უზრუნველყო ქმედების მართლზომიერება.

მაგალითად, გადასახადის გადამხდელმა შეიძინა ერთი საქონელი, რომელზეც გამოიწერა სასაქონლო ზედნადები, მაგრამ ტრანსპორტირებისას მიმწოდებლის მიზეზით შეფუთვაში აღმოჩნდა სხვა საქონელი, რაც ამ სხვა საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად ითვლება. სამართლებრივი შეცდომის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად ჩაითვლება, თუ გადასახადის გადამხდელს კანონი არ აქვს დაცული მისი არასწორი გაგების მიზეზით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება ე.წ. კლასიკური საგადასახადო ვალდებულებების (დეკლარაციის წარდგენა, სასაქონლო ზედნადების გამოწერა და ა.შ.) დარღვევებთან დაკავშირებით. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეიძლება იქნეს მიჩნეული, როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია „საშუალო“ გადასახადის გადამხდელისათვის კანონის კონკრეტული ნორმის გაგების სირთულით. ამგვარ ნორმებად შეიძლება, მაგალითად, მიჩნეულ იქნეს ნორმები, რომელთაც თვით საგადასახადო ორგანო ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებამდე სხვადასხვაგვარად იყენებდა.

საკასაციო სასამართლო საგადასახადო კოდექსის მიხედვით აღნიშნავს, რომ კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საგადასახადო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისგან განსხვავებით, პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საგადასახადო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.

საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 269–ე მუხლის მე–7 ნაწილით. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს გადასახადის გადამხდელის შეცდომის არასამართლებრივი, ანუ ყოფითი გაგებით განმარტება-გამოყენების პრაქტიკაში დამკვიდრებას და განმარტავს: მოცემულ შემთხვევაში, კანონის მიზანს წარმოადგენს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

სამართლებრივი შეცდომა შეუძლებელია გავაიგივოთ კანონის არცოდნასთან, რომელსაც ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ პირმა საერთოდ არ იცოდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული და კანონით დადგენილი წესით ძალაში შესული კანონის არსებობის შესახებ მაშინ, როდესაც უნდა სცოდნოდა და ობიექტურად შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ.

სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებაა სწორად გაიანგარიშოს გადასახადი, ხოლო გადასახადების გადახდის სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობის, როგორც ზოგადი, ასევე კონკრეტული გადასახადების გამოანგარიშებისა და გადასახადთან დაკავშირებული სპეციალური ნორმებით.

გადასახადის გადახდის ვალდებულება ორი დამოუკიდებელი, მაგრამ ამავდროულად თანმიმდევრული და ურთიერთდაკავშირებული ნაწილისაგან შედგება - გადასახადის გამოანგარიშება და მისი გადახდა. ანუ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ინფორმაციის კანონიერებაზე პასუხისმგებელია უშუალოდ გადასახადის გადამხდელი. საგადასახადო ორგანო შეიძლება განისაზღვროს პასუხისმგებელ პირად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დაადასტურებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კანონიერებას (იხ. 29.03.2018 წ. სუსგ №ბს-915-911(2კ-17) საქმეზე). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის კვალიფიციური გაგება-გამოყენება მოითხოვს ნორმის ტექსტის გაანალიზებას, რის საფუძველზეც უნდა დავასკვნათ, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებას კანონმდებელი მის მიერ დაშვებულ შეცდომას უკავშირებს. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).

გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს, პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას, მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა საპატიებელი არ არის (მაგალითად, მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით) პირი არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან. პირი შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის აშკარა ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში, ამასთან, სასამართლო საგადასახადო კანონმდებლობაში არსებულ ბუნდოვანებას, წინააღმდეგობასა და ორაზროვნებას გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ განმარტავს (5.07.2018 წ. სუსგ №ბს-404-404(2კ-18) საქმეზე). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ საქმეში სადავო არ არის საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს, არსებობს თუ არა მის მიმართ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საგადასახადო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისგან განსხვავებით, პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საგადასახადო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. კერძოდ: კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დავის განმხილველ ორგანოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისკრეციული უფლებამოსილების მოქმედების ფარგლებში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ რამდენიმე კანონიერი გადაწყვეტილებიდან უნდა აარჩიოს ყველაზე მისაღები.

განსახილველ შემთხვევაში, მოქმედებდა რა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საგადასახადო ორგანოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ ეთქვა უარი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს სანქციისაგან გათავისუფლებაზე იმ პირობებში, როდესაც მისი კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა და მან განახორციელა დაზუსტებული ინფორმაციების წარდგენა. ამასთან, დღეის მდგომარეობით, მოსარჩელის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი სრულად ანაზღაურებულია. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შე-მთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას (17.05.2018 წ. სუსგ №ბს-177- 177(კ-18) საქმეზე). საგადასახადო სამართალდარღვევის შედეგად საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდარღვევა შესაძლებელია ჩადენილი იყოს გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების პირობებში, გადასახადის გადამხდელი არ თავისუფლდება კუთვნილი გადასახადის გადახდისაგან. გადასახადის გადამხდელი შესაძლებელია გათავისუფლდეს მხოლოდ საგადასახადო სანქციებისგან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არამართებულია მსჯელობა ძირითადი გადასახადისაგან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან, კანონით დაწესებული გადასახადების გარდაუვალი გადახდის პრინციპის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამიჯნულია საგადასახადო ვალდებულებისაგან. საგადასახადო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს პირს კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების შესრულებისაგან. საგადასახადო სანქცია და საგადასახადო ვალდებულება გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო აგენტის სამართლებრივი სტატუსის ორი დამოუკიდებელი ელემენტია. შესაბამისად, საგადასახადო სანქციის გადახდა არ შთანთქავს გადასახადისა და საურავის გადახდის ვალდებულებას. გადასახადის გადამხდელისათვის ან საგადასახადო აგენტისათვის საგადასახადო სანქციის დაკისრება არ წყვეტს მათ საგადასახადო ვალდებულებას ანუ, კუთვნილი გადასახადების და შესაბამისი საურავის გადახდის ვალდებულებას.

საგადასახადო ვალდებულება ცალმხრივია. საგადასახადო სამართლებრივ ურთიერთობებში არსებობს მხოლოდ ერთი ვალდებული მხარე - გადასახადის გადამხდელი. სახელმწიფო გადასახადის მიღებით არ იღებს თავის თავზე რაიმე შემხვედრ ვალდებულებას გადასახადის გადამხდელის წინაშე და არ არის ვალდებული განახორციელოს რაიმე სახის მოქმედება მის სასარგებლოდ. კონკრეტულ საქმეში მოსარჩელე შპს „...“ წარმოადგენს რა გადასახადის გადამხდელს, მას უნდა დაეკისროს კუთვნილი გადასახადის - სასარგებლო წიაღისეულის, კერძოდ, პერლიტის მოპოვებისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება. ის გარემოება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, შპს „...“ გათავისუფლდა დარიცხული სანქციისაგან, არ შეიძლება გახდეს ძირითადი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვა და რეალიზაცია უზრუნველყოფს პრაქტიკაში საგადასახადო კანონმდებლობის სწორად გამოყენებას, სახელმწიფოს ფინანსური პოლიტიკის სტაბილურობას, საგადასახადო ურთიერთობების ყველა სუბიექტის უფლებებისა და ქონებრივი ინტერესების დაცვას (29.03.2018 წ. სუსგ №ბს-915-911(2კ-17) საქმეზე). საგადასახადო სამართალდარღვევას, რომელიც იწვევს გადასახადის თანხის დამატებით დარიცხვას, როგორც წესი, სანქციის სახით ასევე მოჰყვება როგორც ჯარიმის, ისე საურავის დაკისრება. ამ შემთხვევაში, თუ არსებობს კეთილსინდისიერების საფუძვლით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი, იგი ერთდროულად უნდა გათავისუფლდეს ორივე სახის სანქციისაგან. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დამრღვევის მიმართ ფინანსური სანქციების - ჯარიმის და საურავების გამოყენების საფუძველია - საგადასახადო სამართალდარღვევა. ფინანსური სანქციების მოცულობა უკავშირდება ბიუჯეტში გადაუხდელი გადასახადის თანხების ოდენობას (ჯარიმის ოდენობა უკავშირდება შემცირებული გადასახადის ოდენობას) და ვადებს (დადგენილ ვადაში გადაუხდელ გადასახადზე საურავის დარიცხვა წარმოებს ვადაგადაცილებულ პერიოდზე).

საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომა დადგენილია საგადასახადო კანონმდებლობით, მისი გამოყენებისათვის უნდა გაირკვეს გადასახადისგან თავის არიდების ფაქტის არსებობა. საამისოდ უნდა დადგინდეს ....მის მიერ მეთოდური მითითების საგადასახადო ორგანოსთვის დაგზავნის, საჯარო გავრცელების, გადამხდელის მიერ მისი გაცნობის, სადავო სამართალურთიერთობების წარმოშობამდე მითითებებში ცვლილებების შეუტანლობის ფაქტები, აგრეთვე .....მის .... წერილში აღნიშნული საგამონაკლისო პირობების არსებობა, კერძოდ მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების რეალიზაციის არასისტემატურობა ანუ, ერთჯერადობა. საგადასახადო ორგანოებს სადავო აქტების გამოცემისას არ უმსჯელია იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენს წერილობითი მითითების შესრულება ბრალის გამომრიცხავ გარემოებას და შესაბამისად, საგადასახადო სანქციისგან განთავისუფლების პირობას. გარკვევას საჭიროებს ჰქონდა თუ არა ადგილი გადასახადის გადამხდელის შეცდომას, რომლის შედეგად არ არის გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი, თუ გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებას, რისთვისაც უნდა დადგინდეს გადასახადის გადამხდელის ბრალის არსებობა. საურავი და ჯარიმა საგადასახადო სანქციათა სახეობებია, საურავი თავისი შინაარსით უფლებააღდგენითი სანქციაა, რომელიც აიძულებს პირს სათანადოდ შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნები. კანონმდებლობის ერთგვაროვანი აღსრულების მიზნით, მოპასუხის მიერ გამოყენებული მეთოდური მითითებიდან გამომდინარე, გაურკვეველია მოცემულ შემთხვევაში საურავის საკომპენსაციო მნიშვნელობა, ჯარიმის გამოყენების ნაწილში არ იკვეთება გადასახადის გადამხდელის ბრალი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევის საკითხზე დავის განხილვისას კანონმდებლობით დადგენილი წარმოების პროცედურულ ნორმებს აქვთ უკუქცევითი ძალა. ნორმატიულ აქტს უკუქცევითი ძალა არ აქვს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამასთანავე, საგადასახადო კანონმდებლობას არ აქვს უკუქცევითი ძალა მატერიალურ ნაწილში (გადასახადის სახეობა, ოდენობა), თუმცა მოქმედი საგადასახადო სამართალწარმოების პროცედურული ნორმების გამოყენება საკითხის განხილვისას დასაშვებია მანამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობილი ნორმების მიმართ.

მხედველობაშია მისაღები ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის დათქმა, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით (საგულისხმოა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მოქმედი საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის საფუძველზე ათავისუფლებს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელს სანქციისაგან 2010 წ. 1 იანვრამდე მოქმედი კოდექსის ნორმების საფუძველზე წარმოშობილ დავალიანებებთან დაკავშირებით დაკისრებული სანქციებისაგან (იხ. მაგ. საბჭოს 23.05.14 წ. მიღებული გადაწყვეტილება, №7575/2/14 საჩივარზე) (13.09.2018 წ. სუსგ №ბს858-850(კ-16) საქმეზე)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. პ-ა საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან, იმ საფუძვლით, რომ მომჩივანს არ გააჩნდა ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება და მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაითვალა კეთილსინდისიერად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მსჯელობას, რომ პირის ჯარიმისგან გათავისუფლება, რაც განხორციელდა თავად ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ნიშნავს იმას, რომ ა. პ-ა უნდა გათავისუფლდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაკისრებული ყველა სანქციისაგან. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გადასახადის გადამხდელს პასუხისმგებლობა ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში და შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ქმედება რის გამოც პირს დაეკისრა სანქცია გამოწვეულია შეცდომით (ან არცოდნით), იგი უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ ჯარიმისგან, არამედ ძირითადი სანქციისაგან, ვინაიდან, ჯარიმა მას სწორედ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული სანქციის გამო დაეკისრა (20.07.2017 წ. სუსგ №ბს-463-460(2კ-17) საქმეზე).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 20 ივლისის №20824 ბრძანებით ე. ღ-ი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 2016 წლის 8 ივნისის №EL047701 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან იმ საფუძვლით, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია გადასახადის გადამხდელის არცოდნით/შეცდომით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია დაუსაბუთებლად ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა საურავის შემცირებაზე უარის თქმის ნაწილში. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საურავის შემცირებაზე უარის თქმა გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანოს მოსაზრებით პირი არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს, ამასთან, გამოვლენილი სამართალდარღვევა არ არის ჩადენილი არცოდნისა თუ შეცდომის გამო.

აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სასამართლოს მიერ მართებულად იქნა დადგენილი, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა ე. ღ-თან მიმართებით წინააღმდეგობრივია და შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დაუსაბუთებელი (3.09.2018 წ. სუსგ №ბს-616-616(2კ-18) საქმეზე). დავების განხილვის საბჭო ერთერთ საქმეზე მიუთითებს შემდეგზე: „დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი“ (დავების განხილვის საბჭოს 9.01.2024წ. №21208/2/2023 გადაწყვეტილება//infofub.rs.ge).

დავების განხილვის საბჭო ერთ-ერთ საქმეზე მიუთითებს შემდეგზე: „მომჩივანი აღნიშნავს, რომ შეცდომით იქნა 42-ე გრაფაში მითითებული მთლიანად მცირე ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი, რის გამოც შესაბამისად შემცირდა გადასახდელი თანხა 6 834 ლარით. აღნიშნული შემცირება არ წარმოადგენს შეგნებულად გადასახდელი თანხის შემცირებას და მისი ასახვა არ იყო თვითმიზანი გადასახდელი თანხის ხელოვნურად შემცირების. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეცდომას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. ამასთან, საურავისგან გათავისუფლება საბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია“ (დავების განხილვის საბჭოს 22.12.2023 წ. №20979/2/2023 გადაწყვეტილება//infofub.rs.ge).

დავების განხილვის საბჭო ერთ-ერთ საქმეზე მიუთითებს შემდეგზე: „მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, რის გამოც მოუწია ურთულესი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება და შემდგომ რეაბილიტაციისთვის ხანგრძლივი ამბულატორიული მკურნალობა. აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოადგენს ავერსის კლინიკის სამედიცინო ბარათს და ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის და კავკასიის მედიცინის ცენტრის ცნობებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მომჩივანი განმარტავს, რომ მეხსიერების დაქვეითების და ფიზიკური მდგომარეობის გამო, 2021 წლის ნოემბრის თვის დეკლარაციის სათანადო ფორმით გადაგზავნა გამორჩა და ითხოვს მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტაციისა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გამოვლენილი სამართალდარღვევა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზით, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით და არ იყო დამოკიდებული მის ნებაზე. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახდო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა-საურავისაგან“ (იხ. დავების განხილვის საბჭოს 12.03.2024 წ. №21207/2/ 2023 გადაწყვეტილება//infofub.rs.ge).

ამრიგად, საგადასახადო დავების ადმინისტრაციულ და სასამართლო პრაქტიკაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით მკვიდრდება მიდგომა, რომლის თანახმად, კეთილსინდისიერი და გულისხმიერი გადასახადის გადამხდელი როგორც სამართლებრივი შეცდომის, ისე ფაქტობრივი შეცდომის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს როგორც ჯარიმისაგან, ისე საურავისაგან. მთავარია, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული არ იყოს გადასახადის გადამხდელის გაცნობიერებული ქმედებით (ნებით) ან წინდახედულობის ნორმის (გულისხმიერების ფარგლების) დარღვევით. ამასთან, საყურადღებოა, რომ საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლება დასაშვებია, როგორც საგადასახადო ორგანოს მიერ, ისე დავის განმხილველი ორგანოს მიერ, როგორც საგადასახადო შემოწმების ან მიმდინარე კონტროლის პროცედურების, ისე საგადასახადო დავის განხილვის ფარგლებში, მათ შორის საგადასახადო შემოწმების/მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების გადაანგარიშებისა და გადაანგარიშების (აღსრულების) შედეგებზე/კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაზე საჩივრის განხილვის ფარგლებში. სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე „სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 4.02.2016 წლის №094-36 კორექტირებული საგადასახდო მოთხოვნა გასაჩივრებულ ნაწილში“.

მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული ორგანოების საკასაციო საჩივრებთან დაკავშირებით „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის თავისუფლების გარკვეული სივრცის მინიჭება, არ გულისხმობს საკითხის გადაწყვეტისას მისი თვითნებობის დასაშვებობას. გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებაზე უარის თქმა სათანადოდ უნდა დასაბუთდეს. განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ უმსჯელია საგადასახადო კოდექსის 269-ემუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაშინ როდესაც აღნიშნული საკითხების შეფასება პირდაპირ გამომდინარეობდა საქმის გარემოებათა სრულად გამოკვლევის და მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დავის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა შეფასების გარეშე დატოვეს საკითხი, რამდენად იძლეოდა საქმეზე დაგენილი ფაქტობრივი გარემოებები გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა ემსჯელა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობაზე და სათანადოდ დაესაბუთებინა მისი გამოყენება/გამოუყენებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდიერება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, არ არსებობს კეთილსინდისიერების განსაზღვრის ერთიანი მეთოდი. ამდენად, აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევა დამოუკიდებლად შეფასდეს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა, როგორც საგადასახადო ადმინისტრირებისა და ზედამხედველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა უნდა შეაფასოს მოსარჩელის კეთილსინდისიერების საკითხი და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება“ (14.04.2022 წ. სუსგ №ბს-100 (2კ-22) საქმეზე). საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მიუთითა, რომ „განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია ახალ დასკვნებსა და ბრძანებებზე დაყრდნობით. მათი გამოცემის საფუძვლები განსხვავდება თავდაპირველი საგადასახადო მოთხოვნების გამოცემის საფუძვლებისაგან. ამასთანავე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი აქტის გამოცემას (სზაკ-ის 59.2). საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ ახალი საგადასახადო მოთხოვნებით არსებითად შეიცვალა შპს „ავე..ანოს“ სახელზე არსებული დარიცხვის თანხების ოდენობა. განსხვავებული მეთოდით მოხდა საგადასახადო ვალდებულებების ოდენობის გაანგარიშება“ (იხ. 15.04.2024 წ. სუსგ №ბს-902 (კ-19) საქმეზე).

მომჩივანი ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას სანქციების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.03.2024 წლის №6505 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანება, არ დაკმაყოფილებული სადავო საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 7.06.2024 წლის №22863/2/2024 გადაწყვეტილებით, პირველ სადავო საკითხის (დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) ცვლილება და სამშენებლო სამუშაოების სახით გაწეული მომსახურების დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების პერიოდი) ნაწილში საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული სამუშაოების დასაბეგრი ოპერაციის სექტემბრის თვეში განხორციელებულად მიჩნევა არამართლზომიერად ჩაითვალა. ოპერაციის განხორციელების პერიოდად მიჩნეული იქნა ოქტომბრის თვე, ვინაიდან ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელებულია, აქტი შედგენილია და სამუშაოების შესრულება ორივე მხარის მიერ დადასტურებულია ოქტომბრის თვეში. ამ პერიოდში დამკვეთმა მიიღო, ხოლო შემსრულებელს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.

საბჭოს 7.06.2024 წლის №22863/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას და გადაანგარიშების შედეგად, შემცირდა დღგ-ში, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაკისრებული ჯარიმა 1858.5 ლარის ოდენობით.

მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით სადავოდ არ ხდის საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების (7.06.2024 წლის №22863/2/2024) აღსრულების შედეგებს, მაგრამ ითხოვს აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2024 წლის №005-121 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე.

საბჭო აღნიშნავს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 7.06.2024 წლის №22863/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის დასკვნიდან კი ირკვევა, რომ საბჭოს 7.06.2024 წლის №22863/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად და მის შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2024 წლის №005-121 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 7.06.2024 წლის №22863/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი შინაარსის გათვალისწინებით და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.06.2024 წლის №22863/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წელს დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის.გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 7.06.2024 წლის №22863/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი შინაარსის გათვალისწინებით და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 269(7); 275(1)