ბრძანება N 18127
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18127
11 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 24 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 ივლისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 24 ივლისის №103652/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივლისის №001-152 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ნაწილობრივ არ ეთანხმება დარიცხვას. კერძოდ, საბაჟო საწყობში ჩატარებული ნავთობპროდუქტების ინვენტარიზაციის შედეგად, საგადასახადო შემოწმების მიერ დაფიქსირებული საქონლის დანაკლისი ოდენობას, რის გამოც კომპანია დაჯარიმებული იქნა დანაკლისის ოდენობის 10%-ით. შემმოწმებლების გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით უსამართლოდ თვლის, რადგან საწვავის ტრანსპორტირებას და დასაწყობებას ბუნებრივად ახლავს დანაკარგები (ნალექი, აორთქლება და სხვა), რაც არის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი.
ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგი არის მისი ფიზიკური მასის ან მოცულობის შემცირება მათი ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების პროცესში, რაც გამოწვეულია ბუნებრივი, ფიზიკურ-ქიმიური პროცესებით (მაგალითად: აორთქლება, გამოშრობა, დაღვრა).
ამდენად, აღნიშნული დანაკლისი არის დანაკარგი და არა მიწოდება/რეალიზაცია. შემმოწმებლებს სათანადოდ განუმარტეს ეს საკითხი და ვიზუალურადაც აჩვენეს, თუ რამდენად გარდაუვალია რეზერვუარში შენახული საწვავ-საპოხი მასალების დანალექის წარმოშობა, აორთქლება, ტემპერატურული რეჟიმის ცვლილების კვალობაზე მოცულობის ცვლილება.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიის კუთვნილი ნავთობპროდუქტები ინახებოდა ლიცენზირებულ საბაჟო საწყობში, რომელიც აღჭურვილია 24 საათიანი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით, საიდანაც საგადასახადო ორგანოს მარტივად შეეძლო დაედგინა, მოხდა თუ არა საქონლის აღურიცხავი გატანა/რეალიზაცია კომპანიის მიერ.
სამწუხაროდ, შემმოწმებლებს არც ეს გაუკეთებიათ და საგადასახადო შემოწმების აქტში მაინც დაფიქსირდა დანაკლისი, რაც მიჩნეული იქნა სრული ოდენობით მიწოდებად (რეალიზაციად).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის - 18 340 ლარის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 მარტის №5768 და 2026 წლის 29 ივნისის №14355 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან - 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი ივლისის №14815 ბრძანება და ამავე თარიღის №001-152 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 26 987 ლარი, მათ შორის, გადასახადი 5 907 ლარი, ჯარიმა 21 080 ლარი, საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერების, წარდგენილი ანგარიშგებებისა და დეკლარაციების, გადამხდელის მიერ გაკეთებული განმარტებების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ორგანიზაციას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 183403.9 ლარის ღირებულების საწვავისა და საპოხი მისართის ნაშთი, რომელთა დაკავშირებითაც მიღებულია განმარტება, რომ აღნიშნული წარმოადგენს საბაჟო ტერმინალში ფაქტობრივად მიღებულ დანაკლისს, რომელიც გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული შესაბამის საგადასახადო პერიოდში. კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური მასალების ინვენტარიზაცია, რა დროსაც სასაქონლო მარაგების ნაშთი არ გამოვლინდა.
შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, გადამხდელი დაჯარიმდა საქონლის დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10%-ით - 18 340 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერების, წარდგენილი ანგარიშგებებისა და დეკლარაციების, გადამხდელის მიერ გაკეთებული განმარტებების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ორგანიზაციას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 183403.9 ლარის ღირებულების საწვავისა და საპოხი მისართის ნაშთი, რომელთა დაკავშირებითაც მიღებულია განმარტება, რომ აღნიშნული წარმოადგენს საბაჟო ტერმინალში ფაქტობრივად მიღებულ დანაკლისს, რომელიც კომპანიას არ აქვს დეკლარირებული შესაბამის საგადასახადო პერიოდში. კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური მასალების ინვენტარიზაცია, რა დროსაც სასაქონლო მარაგების ნაშთი არ გამოვლინდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული სანქცია არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად საქონლის დანაკლისის განსაზღვრა, ხოლო დადგენილ დანაკლისზე ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საბაჟო საწყობში ჩატარებული ნავთობპროდუქტების ინვენტარიზაციის შედეგად, საგადასახადო შემოწმების მიერ დაფიქსირებული საქონლის დანაკლისი ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერების, წარდგენილი ანგარიშგებებისა და დეკლარაციების, გადამხდელის მიერ გაკეთებული განმარტებების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ორგანიზაციას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საწვავისა და საპოხი მისართის ნაშთი, რომელთა დაკავშირებითაც მიღებულია განმარტება, რომ აღნიშნული წარმოადგენს საბაჟო ტერმინალში ფაქტობრივად მიღებულ დანაკლისს, რომელიც გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული შესაბამის საგადასახადო პერიოდში. კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური მასალების ინვენტარიზაცია, რა დროსაც სასაქონლო მარაგების ნაშთი არ გამოვლინდა.
შემოწმების შედეგად, გადამხდელი დაჯარიმდა საქონლის დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10%-ით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად საქონლის დანაკლისის განსაზღვრა, ხოლო დადგენილ დანაკლისზე ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9)