ბრძანება N 21989

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.09.2023
№ დოკუმენტი 21989
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21989

08 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 8 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ -----------) 2023 წლის 8 აგვისტოს №82928/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ივლისის №002-168 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ არასწორად არის დათვლილი ფულის მოძრაობა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადში თანხების არასწორად დარიცხვა;

2..არ ეთანხმება შემოწმების პერიოდში რეალიზებული პროდუქციის ღირებულების გაზრდას, რაც გამოწვეულია არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებისას საცალო და ურთიერთდამოკიდებულ რეალიზაციებზე ფასნამატის პროცენტის არასწორი დაანგარიშებით. ამასთან, მომჩივანი მიუთითებს აუდიტორის მხრიდან კომუნიკაციის არარსებობაზე და ითხოვს მისი მონაწილეობით საკითხების დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 მაისის №14780 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2, მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებებისა და ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 მაისის №14780 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 27 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 41 236 ლარით, მათ შორის, გადასახადი 27 824 ლარით და ჯარიმა 13 412 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 24 ივლისის №002-168 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგადაც დაკორექტირდა (შემცირდა) არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები. ასევე, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია (ჩაშლილი, იდენტიფიცირდება მხარეები), რომელიც განსხვავდება შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაციისგან. შემოწმების მიერ გადამოწმებულ იქნა გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორიების შესახებ და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი განკარგვადი თანხა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის თანხისა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმის შემცირება;

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნულ ცხრილში ფასნამატები დაყოფილია კატეგორიებად, კერძოდ, ტენდერის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების ფასნამატი, ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციების ფასნამატი და სხვა დანარჩენი დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი. ფასნამატები გაანგარიშებულია უშუალოდ საქონლის სახეობის მიხედვით (დაკავშირებულია კოდებით). შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაც განხორციელდა ზემოაღნიშნული ტიპების მიხედვით და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა აქტით დარიცხული დღგ-ის თანხა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა.

3. ხოლო დანარჩენ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადმხდელის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე ისეთი მტკიცებულება (განსხვავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია), რაც გამოიწვევდა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. კერძოდ, შემოწმების მიერ გადამოწმებულ იქნა გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი დებიტორ-კრედიტორიების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი განკარგვადი თანხა. ამასთან, ფასნამატები გაანგარიშებულია უშუალოდ საქონლის სახეობის მიხედვით, შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაც განხორციელდა ზემოაღნიშნული ტიპების მიხედვით და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს;

2. არ ეთანხმება შემოწმების პერიოდში რეალიზებული პროდუქციის ღირებულების გაზრდას;

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ გადამოწმებულ იქნა გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორიების შესახებ და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი განკარგვადი თანხა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის თანხისა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმის შემცირება;

გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა აქტით დარიცხული დღგ-ის თანხა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა. ხოლო დანარჩენ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადმხდელის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე ისეთი მტკიცებულება (განსხვავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია), რაც გამოიწვევდა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21)'