სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
📄 სრული ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2017 წლის 9 იანვარი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 05.05.2017წ.
მუხლი 1
სამტრედიის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე).
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი).
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 1 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.
მუხლი 3
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;
ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;
დ) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 1 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.
მუხლი 4
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება უნდა მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი.
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 1 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.
მუხლი 5
1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) (გარდა წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობისა საქმიანობის ამ ნაწილში) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).
3. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე.
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;
ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს.
6. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.
7. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) სახელზე.
8. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
9. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებული არიან საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 6
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები.
2. საგადასახადო ორგანოები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.
მუხლი 7
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 თებერვლის №34 დადგენილება, (საიდენტიფიკაციო კოდი №201007000035120004333);
ბ) ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული სათამაშო ბიზენსის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 თებერვლის №35 დადგენილება (საიდენტიფიკაციო კოდი №21007000035120004337).
მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 01 იანვრიდან.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
ნუგზარ ჯამბურია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე