ბრძანება N 14396

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.06.2023
№ დოკუმენტი 14396
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14396

22.06.2023

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 15 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 15 მაისის №80973/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №006-134 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებულია სრული საბანკო ამონაწერი კომპანიის დაარსებიდან, ამასთან, საუბარია მხოლოდ ერთ კონკრეტულ მშენებლობაზე და შესაბამისად, სრულყოფილად ჩანს შემონატანების შესახებ ინფორმაცია. მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ მოგების გადასახადით დაბეგრილ იქნა სხვაობა რეალიზებული საქონლის მთლიან ღირებულებასა და საბანკო გადარიცხვის გზით შემოსულ თანხებს შორის.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 მაისის №15692 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2021 წლის 28 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს ,,----ის’’ (ს/ნ ---) 2021 წლის 28 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 მაისის №15692 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 30 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 10 აპრილის №006-134 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხი, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, გადამხდელისგან დამატებით იქნა გამოთხოვილი 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია: 2017 წელს რეალიზებული თითოეული უძრავი ქონების ბარათი (ცხრილის სახით), საკადასტრო კოდის, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულების, უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების (როგორც სალაროს, ასევე საბანკო გადარიცხვის საშუალებით) და თარიღის მითითებით. სალაროში თანხის მიღების შემთხვევაში, თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ინფორმაცია გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილად, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცხრილში არ არის ასახული სალაროში მიღებული თანხები და ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაციით შეუძლებელია თითოეული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების ზუსტად განსაზღვრა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, უძრავი ქონების მყიდველი პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, კერძოდ, შპს ,,---სა’’ და თითოეულ პირს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, მათ შორის, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, ხელშეკრულების ცვლილებები/გაუქმება (არსებობის შემთხვევაში), ასევე, პირის მიერ უძრავი ქონების შეძენის მიზნით გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები. ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით ინფორმაცია (2017 წელს რეალიზებული თითოეული უძრავი ქონების ბარათი ცხრილის სახით, საკადასტრო კოდის, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულების, უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების (როგორც სალაროს, ასევე საბანკო გადარიცხვის საშუალებით) და თარიღის მითითებით, ასევე, სალაროში თანხის მიღების შემთხვევაში, თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი).

აღნიშნული ინფორმაცია გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი სრულყოფილად და ცხრილში მითითებული ინფორმაციით შეუძლებელი იყო თითოეული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების ზუსტად განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 მაისის №15692 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 30 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 10 აპრილის №006-134 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21).