გადაწყვეტილება №24758/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24758/2/2025
10 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 15.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24758/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22033 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის №081-234 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.01.2025 წლის №468 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 39 737.59 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 19 595
დღგ - 18 259
საშემოსავლო გადასახადი - 1 336
ჯარიმა - 9 539
საურავი - 10 603.59
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სასტუმროს მომსახურების გაწევა (მისამართი: -------, -------).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 19.12.2023 წლის №31982 ბრძანება და 20.12.2023 წლის №081-326 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.02.2024 წლის №2255 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 14.06.2024 წლის №22369/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 9.10.2024 წლის №22033 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მე-2 სადავო საკითხთან (სასტუმროში საცხოვრებლად გამოყენებული ფართის პროპორციულად, ამავე სასტუმროს მშენებლობისას სამშენებლო მასალების/მომსახურების შეძენაზე გაწეულ ხარჯზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება) დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების შეისწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22033 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 20 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 28 392 ლარით, მათ შორის, ჯარიმა 18 928 ლარი და ჯარიმა 9 464 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 13.12.2024 წლის №081-234 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.01.2025 წლის №468 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის თანხას და ჯარიმას გადაიხდის გრაფიკით 8 თვის განმავლობაში. სასტუმროს საქმიანობით არის დაკავებული, მშენებლობა დაიწყო 2020 წელში შევხდა პანდემია, აღებული აქვს სასესხო ვალდებულებები, როგორც ბანკებისგან ასევე, ფიზიკური პირებისგან, არ დაუსრულებია სასტუმროს სარემონტო და მოწყობითი სამუშოაები, მისთვის ძალიან რთულია აღნიშნული თანხის გადახდა, რადგანაც სასტუმრო ფუნქციონირებს ზაფხულში, ითხოვს ხელი შეეწყოს, როგორც ახალდაწყებულ ბიზნესს და დაეხმაროთ აღნიშნული მდგომარეობის შემსუბუქებაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22033 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მე-2 სადავო საკითხთან (სასტუმროში საცხოვრებლად გამოყენებული ფართის პროპორციულად, ამავე სასტუმროს მშენებლობისას სამშენებლო მასალების/მომსახურების შეძენაზე გაწეულ ხარჯზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება) დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების შეისწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22033 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 20 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა სასტუმროს ინვოისები, ხელშეკრულებები, სასტუმროს ჟურნალი, ფოტო-ვიდეო მასალა და წერილობითი ახსნაგანმარტება. წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართული გამოიყენება ტურისტების მისაღებად, რაც დასტურდება წარდგენილი სასტუმროს ინვოისებით, სასტუმროს ჟურნალით და ხელშეკრულებებით. გადამხდელის განმარტებით, 3 სართულიანი სასტუმროს შენობის რემონტის დროს გადასახადის გადამხდელის ოჯახი დროებით ცხოვრობდა 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართულზე არასეზონურ 05.10.2023 - 25.10.2023 პერიოდში. (23.10.2023 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული დათვალიერების პროცედურით დაფიქსირდა 9 სართულიან სასტუმროს მეორე სართულზე გადასახადის გადამხდელის ოჯახის ცხოვრების ფაქტი). წარდგენილი ვიდეოდან კი ირკვევა, რომ მოცემულ მომენტში 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართულზე არსებული ნომრები გაქირავებულია ტურისტებზე ან ტურისტებისთვის გასაქირავებელ მზადყოფნაშია. წარმოდგენილი განმარტებით ------- მუდმივად ცხოვრობს 3 სართულიან სასტუმროში მეორე სართულზე (3 სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე გაწეულ ხარჯზე არ არის დღგ-ის ჩათვლები მიღებული და არც ერთობლივი შემოსავლიდან არ არის გამოქვითული). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღდგენას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით 9 სართულიანი სასტუმროს სამშენებლო მასალების შეძენისას გაწეულ ხარჯზე არაეკონომიკურ საქმიანობაში განხილული ფართის პროპორციულად გაუქმებული დღგ-ის ჩათვლა. დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ში. ასევე შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა. კერძოდ, დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 28 392 ლარით, მათ შორის, ჯარიმა 18 928 ლარი და ჯარიმა 9 464 ლარი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22033 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, მოითხოვს გადასახდელად დარჩენილი გადასახადის თანხაზე და დაკისრებულ ჯარიმაზე გრაფიკის გაფორმებას, აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22033 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. ამასთან, საგადასახადო დავალიანებაზე გრაფიკის შედგენა ან შეთანხმების გაფორმება შემოსავლების სამსახურის ფუნქციაა და არ წარმოადგენს საბჭოს პრეროგატივას.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22033 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22033 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.02.2024 წლის №2255 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 14.06.2024 წლის №22369/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 9.10.2024 წლის №22033 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მე-2 სადავო საკითხთან (სასტუმროში საცხოვრებლად გამოყენებული ფართის პროპორციულად, ამავე სასტუმროს მშენებლობისას სამშენებლო მასალების/მომსახურების შეძენაზე გაწეულ ხარჯზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება) დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22033 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 20 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.01.2025 წლის №468 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22033 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)