გადაწყვეტილება №21515/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21515/2/2023
27 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 6.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21515/2/2023)
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5366 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №006-186 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ოქტომბრის №26486 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 899 715 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 1 125 437
ჯარიმა - 584 658
საურავი - 189 620
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №19100 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33409 ბრძანება და №006-673 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 821 850 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.03.2023 წლის №5366 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2023 წლის დასკვნა, 15.05.2023 წლის №10786 ბრძანება და №006-186 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად, მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 8 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 ოქტომბრის №26486 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება და მომჩივანიც ადასტურებს წარმოდგენილ საჩივარში, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 30.10.2023 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 20.11.2023 წელი, ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 6.12.2023 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ტექნიკურად შეტყობინება გახსნა არაკომპეტენტურმა პირმა, რომელმაც არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს შეტყობინება. საწარმოს ბუღალტერმა 25.10.2023 წელს გაიკეთა ოპერაცია და იწვა სტაციონარში. შესაბამისად, ვერ მოხერხდა სადავო აქტის დროულად გასაჩივრება. საჩივარს თან ერთვის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100), სადაც მითითებულია, რომ ხათუნა გოდელაშვილის სტაციონარში მოთავსების თარიღია 25.10.2023 წელი, ხოლო გაწერის თარიღია 27.10.2023 წელი.
საქმეში არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტაცია/მტკიცებულებები არ შეიძლება გახდეს დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი, ვინაიდან მომჩივანი ვერ ადასტურებს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5366 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 821 850 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.03.2023 წლის №5366 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2023 წლის დასკვნა, 15.05.2023 წლის №10786 ბრძანება და №006-186 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად, მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 8 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 ოქტომბრის №26486 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(„ე“ )