ბრძანება N 7353
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7353
01 აპრილი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ს“ (ს/ნ ----------------)
(ფაქტ. მის.: ----------------------);
იურ. მის.: ------------------------)
2026 წლის 15 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 მარტის სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ ----------------) 2026 წლის 15 მარტის №----/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 13 თებერვლის №259-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა. აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ განხორციელდა ორი სატვირთო ავტომობილის შეძენა -----გან და აღნიშნული ავტომობილების ღირებულება სრულად იქნა დაფარული. ამასთან, რაც შეეხება ავტომობილების მომსახურების სააგენტოში გაფორმების საკითხს, განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე, როგორც მოძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების წარმოშობა დაკავშირებული არ არის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციასთან. მოძრავი ნივთის შეძენის წესებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი და არა საჯარო სფეროს მიკუთვნებული რომელიმე კანონი ან კანონქვემდებარე აქტი. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. შესაბამისად, მომსახურების სააგენტოში ავტომობილის რეგისტრაცია არავითარი კავშირში არ არის საკუთრების უფლებასთან, რომელიც მომჩივანმა მიიღო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და ფაქტობრივად დაეუფლა მათ. ამასთან, შემოწმებისთვის დამატებით წარდგენილი იქნა ------სგან შეძენილი სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ნაწილები, რომელთა შესახებაც მსჯელობა არ არის დასკვნაში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 მაისის №11091 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------ს“ (ს/ნ ----------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------ს“ (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავტომობილების შეძენაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები ავტონაწილების ხარჯის თაობაზე) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ავტომობილების შეძენის/ავტონაწილების ხარჯის გაწევის ფაქტი, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს ფინანსური მოგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ფულის ნაშთის დივიდენდად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 მაისის №11091 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 10 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 6 460 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 307 ლარი, ჯარიმა 2 153 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 13 თებერვლის №259-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილია 2024 წლის 26 ივნისს ფ/პ ----თან გაფორმებული „ავტომანქანის ნასყიდობის“ დოკუმენტი ორ სატვირთო მანქანაზე. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზების მიხედვით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შპს „----ზე“ დარეგისტრირება არ განხორციელებულა. ასევე არ დადასტურდა შპს „-----სგან“ თანხის გადახდა. ამასთან, შემოწმების მიერ გაცემული ხელფასის დივიდენდად დაკვალიფიცირება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, რის შედეგადაც დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილია 2024 წლის 26 ივნისს ფ/პ -----თან გაფორმებული ავტომანქანის ნასყიდობის დოკუმენტი ორ სატვირთო მანქანაზე. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზების მიხედვით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შპს „-----ზე“ დარეგისტრირება არ განხორციელებულა. ასევე, არ დადასტურდა შპს „------სგან“ თანხის გადახდა. ხოლო, გადამხდელის მიერ ავტონაწილების ხარჯებში გათვალისწინებასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმას და შინაარსს, რის გამოც შემოწმების მიერ აღნიშნული დოკუმენტი არ იქნა გათვალისწინებული. ამასთან, შემოწმების მიერ გაცემული ხელფასის დივიდენდად დაკვალიფიცირება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, რის შედეგადაც დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------ს“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს,კერძოდ, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №11091 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავტომობილების შეძენაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები ავტონაწილების ხარჯის თაობაზე) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ავტომობილების შეძენის/ავტონაწილების ხარჯის გაწევის ფაქტი, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).ასევე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს ფინანსური მოგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ფულის ნაშთის დივიდენდად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
შემოსავლების სამსახურის №11091 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 10 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 6 460 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 307 ლარი, ჯარიმა 2 153 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №259-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);