ბრძანება N 16065
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16065
16 ივლისი 2025
ბრძანება
ი/მ "-------"-ს (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2025 წლის 2 და 6 ივლისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") №96586/1/2025 და №96639/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივნისის №002-74 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს და განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე დღეს. შესაბამისად, დღეს არსებული ფასებით ფასნამატის განსაზღვრა არასწორია. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციისა და კომუნალური ხარჯი. ასევე, მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადში გადაანგარიშების შედეგად დარიცხული თანხა ნაცვლად შემცირებისა გაზრდილია, თუმცა დარიცხვის გაზრდის შესახებ ინფორმაციას გადაანგარიშების შესახებ დასკვნა არ მოიცავს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 თებერვლის №3316 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №002-137 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 25 იანვრისა და 3, 4 და 12 თებერვლის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 თებერვლის №3316 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 13 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები სულ შემცირდა 26 964 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 4 ივნისის №002-74 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გარკვეული რაოდენობის მეორადი საბურავების ნაშთის არსებობას, რაც გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისას.
საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშების ეტაპზე, გათვალისწინებული იქნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 10 თებერვლის №000913020 ექსპერტიზის დასკვნა და ასევე ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის შესახებ არსებული მონაცემები და აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი/იმპორტირებული მეორადი საბურავების 6% მიჩნეულ იქნა როგორც წუნდებული/დეფექტური საქონელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, პირს შეუმცირდა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტმა წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 10 თებერვლის №-------ექსპერტიზის დასკვნითა და ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემებით, რამაც ასევე გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, გადაანგარიშების ეტაპზე, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხის გაზრდასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის სავადო თარიღის დადგომის გამო კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახვით. ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით თანახმად, განხორციელდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადის - 8571 ლარის შემცირება. ხოლო, ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციისა და კომუნალური ხარჯთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "------" (ს/ნ "------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გარკვეული რაოდენობის მეორადი საბურავების ნაშთის არსებობას, რაც გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისას.
საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშების ეტაპზე, გათვალისწინებული იქნა ექსპერტიზის დასკვნა და ასევე ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის შესახებ არსებული მონაცემები და აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ შეძენილი/იმპორტირებული მეორადი საბურავების 6% მიჩნეულ იქნა როგორც წუნდებული/დეფექტური საქონელი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).