გადაწყვეტილება №21170/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21170/2/2023
01 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 27.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21170/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციების გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №057-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ივლისი №17909 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 7 472.26 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 4 646.75
ჯარიმა - 2 025
საურავი - 800.51
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობისა და სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, პირებზე სესხის სახით თანხის გაცემა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №10695/15-04-03/4 წერილით გადმოგზავნილი 2023 წლის 16 ივნისის თემატური შემოწმების აქტში მითითებულ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14138 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგამოძიებო მასალების მიხედვით, სესხის სახით გაცემული თანხებიდან მომჩივნის მიერ მიღებულმა საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 20 248 ლარი, მათ შორის: 2020 წელს 3 748 ლარი, 2021 წელს 4 564 ლარი, 2022 წელს 11 936 ლარი.
აღნიშნულ სარგებელზე საგადასახადო კოდექსის მე-9, 79-ე, მე-80 და მე-100 მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2023 წლის 21 ივნისს №14314 ბრძანება და ამავე თარიღის №057-9 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2023 წლის 11 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 25 ივლისის №17909 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის და საურავის მოხსნას. ვინაიდან არის უკანონო და საფუძველს მოკლებული, ამასთან მიუთითებს, რომ არის ხანდაზმული პენსიონერი და აქვს მძიმე ეკონომიკური, ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა შეუძლია წარმოადგინოს).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათვისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციების გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილით გადმოგზავნილი თემატური შემოწმების აქტში მითითებულ ოპერაციებზე, საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 2023 წლის 25 ივლისის №17909 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათვისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)