ბრძანება N 17716
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17716
06 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------)
(მის.:--------------------------------------)
2025 წლის 23 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) 2025 წლის 23 ივლისის №97050/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №225-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას და განმარტავს, რომ სააფთიაქო საქმიანობა შეწყვიტა 2022 წლის 12 მაისს, რა დროსაც მის მიერ ჩატარებულ იქნა შიდა ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი ნაშთი სრულად იქნა რეალიზებული სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო გამოვლენილი დანაკლისი ჩაითვალა მიწოდებად. მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული თარიღის შემდეგ სააფთიაქო საქმიანობა აღარ გაუგრძელებია და მისთვის მიუღებელია სააფთიაქო პროდუქციის, კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი საქონლის 2022 წლის 12 მაისის შემდგომ პერიოდში რეალიზებულად მიჩნევა. აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოწმების მიერ დახარისხებულ იქნა სააფთიაქო და არასააფთიაქო პროდუქცია, მასში დაშვებულია მნიშვნელოვანი უზუსტობები, კერძოდ, საქმიანობის პროფილის ცვლილების შემდგომ ფერმის მშენებლობა-მოდერნიზებისთვის განკუთვნილი სამშენებლო მასალები, მათ შორის ფერმის გადასახური მასალა პროფნასტილი ჩათვლილია რეალიზებულად და ჩართულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე, რეალიზებულად მიჩნეულია წყლის ტუმბო, ქათმისა და ძაღლის საკვები ვიტამინები და ძირითადი საშუალებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის №7614 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 13 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 ივნისის №13608 ბრძანება და ამავე თარიღის №225-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 11 657 ლარი, მათ შორის, გადასახადი 6 770 ლარი, ჯარიმა 3 049 ლარი, საურავი 1 838 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ -----------ი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 13 მაისს. მისი საქმიანობის სფეროს 2023 წლამდე წარმოადგენდა ფარმაცევტული საქმიანობა, ხოლო შემდგომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, აშენებულ შენობაში (ე.წ ფერმა), ახორცილებდა ადგილობრივ ბაზარზე შესყიდული ერთდღიანი ბროილერის წიწილების გამოზრდას და შემდგომ რეალიზაციას. წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია არასრულყოფილია და არ ასახავს რეალურ სურათს. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საწარმოს სასაქონლო მარაგების ნაშთი არ უფიქსირდება (ამასთან, აფთიაქის საქმიანობა შეწყვეტილია 2023 წლიდან). სააფთიაქო პროდუქციის საწყისი ნაშთი და მიმდინარე პერიოდების შესყიდვები (იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმიანობა შეწყვეტილია და საქონლის ნაშთი 0-ის ტოლია), მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატით, დაექვემდებარა მიწოდებაში ჩართვას და შესაბამისი დასაბეგრი ნაწილი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ა“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია იყო არასრულყოფილი და არ ასახავდა რეალურ სურათს. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საწარმოს სასაქონლო მარაგების ნაშთი არ უფიქსირდებოდა (ამასთან, სააფთიაქო საქმიანობა შეწყვეტილია 2023 წლიდან). სააფთიაქო პროდუქციის საწყისი ნაშთი და მიმდინარე პერიოდების შესყიდვები, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატით, დაექვემდებარა მიწოდებაში ჩართვას და შესაბამისი დასაბეგრი ნაწილი დღგით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმადაც, შემოწმების მიერ სააფთიაქო და არასააფთიაქო პროდუქციის დახარისხებისას დაშვებულია მნიშვნელოვანი უზუსტობები, კერძოდ, საქმიანობის პროფილის ცვლილების შემდგომ, შემოწმების მიერ ფერმის მშენებლობა-მოდერნიზებისთვის განკუთვნილი სამშენებლო მასალები, მათ შორის ფერმის გადასახური მასალა პროფნასტილი ჩათვლილია რეალიზებულად და ჩართულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე, რეალიზებულად მიჩნეულია წყლის ტუმბო, ქათმისა და ძაღლის საკვები ვიტამინები და ძირითადი საშუალებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი მიიჩნევს, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №7614 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №13608 ბრძანება და №225-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 11 657 ლარი, მათ შორის, გადასახადი 6 770 ლარი, ჯარიმა 3 049 ლარი, საურავი 1 838 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით იკვევა,რომ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია არასრულყოფილია და არ ასახავს რეალურ სურათს. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საწარმოს სასაქონლო მარაგების ნაშთი არ უფიქსირდება (ამასთან, აფთიაქის საქმიანობა შეწყვეტილია 2023 წლიდან). სააფთიაქო პროდუქციის საწყისი ნაშთი და მიმდინარე პერიოდების შესყიდვები (იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმიანობა შეწყვეტილია და საქონლის ნაშთი 0-ის ტოლია), მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატით, დაექვემდებარა მიწოდებაში ჩართვას და შესაბამისი დასაბეგრი ნაწილი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(პირველი და მე-2); 164(1); 171(1 ,,ღ“);