ბრძანება N 3202

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.02.2026
№ დოკუმენტი 3202
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3202

13 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )

2026 წლის 16 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N 10) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 16 იანვრის N 100046/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 დეკემბრის N 189147 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნავს, რომ ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია აუდიტორთან, რა დროსაც აუდიტორი გაარკვია საქმიანობაში, მიაწოდა მოთხოვნილი შესყიდვის აქტები დროულად, რაც დასტურდება ელექტორნული ფოსტის „სქრინებით“. ასევე, დროულად გაუგზავნა ნულოვანი ამონაწერი, რაც ასევე დასტურდება „სქრინით“, ხოლო ცნობა ბანკიდან გაგზავნილ იქნა დირექტორის ქალაქში არ ყოფნის გამო მოგვიანებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 დეკემბრის N ----- წერილით, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დაევალა წარედგინა შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

„1. დეტალური ახსნა - განმარტება ეკონომიკური საქმიანობის სახის, ანგარიშსწორების ფორმის (ნაღდი/უნაღდო) და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილ(ებ)ის მფლობელობის სამართლებრივი ფორმის შესახებ (საკუთრება, იჯარა, ქირა და სხვა). ამასთან წარმოსადგენია შესაბამისი შემთხვევისთვის, სათანადო ფორმით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

2. ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგები მათი ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით;

3. ბასს-ის ანგარიშთა გეგმის მიხედვით საბუღალტრო ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია 2022 წლის 01 იანვრის, 2025 წლის 01 ნოემბრის და ზემოთ ხსენებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარების მდგომარეობით, მათ შორის მოკლევადიანი მოთხოვნების, დარიცხული მოთხოვნების და ვალდებულებების (გარდა საგადასახადო ვალდებულებებისა) ნაწილში, ინფორმაცია იდენტიფიცირებული უნდა იყოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული თითოეული პირის მიხედვით;

4. 2022 წლის 01 იანვრიდან ხსენებული ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტამდე სალაროში (ანგარიშთა გეგმის 1100-იანების ანგარიში (მათ შორის 1110, 1120 და ა.შ)) და საბანკო ანგარიშებზე (ანგარიშთა გეგმის 1200-იანების ანგარიში (მათ შორის 1210, 1220 დ ა.შ)) თანხების მოძრაობის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, ცალკეული სამეურნეო ოპერაციების მიხედვით;

5. გადასახადის გადამხდელის სახელზე საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშების შესახებ ცნობები და აღნიშნული ანგარიშებიდან ამონაწერები (მათ შორის ნულოვანი). 2022 წლის 01 იანვრიდან ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის თარიღამდე (მათ შორის, ელექტრონული (excel) სახით). ასევე, ელექტრონული საფულის ამონაწერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6. 2022 წლის 01 იანვრიდან 2025 წ ლის 01 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდის სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, ნებართვები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, შესყიდვის აქტები ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარდა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში ასახული ელექტრონული ინფორმაციისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში)“.

აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად 2025 წლის 10 დეკემბერს, თუმცა მითითებულ ვადაში გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა 2025 წლის 18 დეკემბრის N 189147 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი 2025 წლის 5 დეკემბრის N ----- წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმის საფუძველზე მოსთხოვა საქმიანობის, ფულადი სახსრების, საბუღალტრო ნაშთების, საბანკო ანგარიშებისა და სამეურნეო ოპერაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ინფორმაციის წარდგენა მომჩივანს განესაზღვრა მოკლე ვადაში, რაც მას არ წარმოუდგენია. რის გამოც გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დაეკისრა ფულადი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება:

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(1); 279(1);.