გადაწყვეტილება №24903/2/2025
📄 სრული ტექსტი
№24903/2/2025
14 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 10.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24903/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის №24249/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2025 წლის №081-4 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 188 456,41 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 96 530
ჯარიმა - 48 172
საურავი - 43 754,41
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობის სახეა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 19 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს შემოსავალი ძირითადად მიღებული აქვს ტენდერებიდან, საბანკო ჩარიცხვებით. 2020- 2023 წლებში მიღებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 1 670 977 ლარს, ხოლო გაცემული ხელფასი და დივიდენდი ჯამში 118 625 ლარს. შესამოწმებელ პერიოდზე გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა, ბანკიდან გამოტანილ და სალაროთი გაწეულ ხარჯებს შორის დაფიქსირდა სხვაობა, რომელიც აღემატება საწარმოსთვის საჭირო გონივრულ ნაშთს. აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №14310 ბრძანება და 22 ივნისის №081-109 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18782 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2023 წლის №20633/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 28.12.2023 წლის №33441 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33441 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 29 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 28 971 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 259 ლარი და ჯარიმა 9 712 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 აპრილის №081-80 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აღსრულების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12637 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.09.2024 წლის №23326/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი, რომელიც 2024 წლის 16 ოქტომბრის №22381 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.12.2024 წლის №24249/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს მომჩივნის მიერ ხსენებული შესყიდვის აქტები ("--------"-სგან - შეძენილი მეტალო პლასტმასები - 2543 ლარის და "--------"-სგან შეძენილი ბორდიურები - 1500 ლარის) და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია 6.02.2025 წლის №39/2 დასკვნა, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რის მიხედვითაც გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხა, სულ 1 516 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი - 1 010 ლარი და ჯარიმა 506 ლარი. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2025 წლის №081-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საჩივარი, 6 საკითხიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთ საკითხში, რომელსაც არ დაეთანხმა და საბჭოს გადაწყვეტილება (ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე) გაასაჩივრა სასამართლოში, რომელიც 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით მიღებულია წარმოებაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა (2025 წლის 6 თებერვლის) საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა არამართლზომიერია და არაკანონზომიერი, რის გათვალისწინებითაც ითხოვს მის ბათილად გამოცხადებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივანი როგორც საგადასახადო შემოწმებისას, ასევე საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას აღნიშნავდა, რომ შემმოწმებელმა არამართლზომიერად არ გაითვალისწინა ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონელი ("---------" - შეძენილი მეტალო პლასტმასები - 2543 ლარის და "--------"-სგან შეძენილი ბორდიურები - 1500 ლარის), სულ 4043 ლარის ოდენობით, ეს მაშინ როცა შესაბამისი მასალები დამატებით წარდგენილია შემმოწმებელზე 9 დანართის სახით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.12.2024 წლის №24249/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გაითვალისწინოს მომჩივნის მიერ ხსენებული შესყიდვის აქტები ("---------"-სგან - შეძენილი მეტალო პლასტმასები - 2543 ლარის და"---------"-სგან შეძენილი ბორდიურები - 1500 ლარის) და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2025 წლის №39/2 დასკვნა, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი შესყიდვის აქტები გათვალისწინებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის №24249/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა არამართლზომიერია და არაკანონზომიერი, რის გათვალისწინებითაც ითხოვს მის ბათილად გამოცხადებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს შემოსავალი ძირითადად მიღებული აქვს ტენდერებიდან, საბანკო ჩარიცხვებით. შესამოწმებელ პერიოდზე გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა, ბანკიდან გამოტანილ და სალაროთი გაწეულ ხარჯებს შორის დაფიქსირდა სხვაობა, რომელიც აღემატება საწარმოსთვის საჭირო გონივრულ ნაშთს. აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის №24249/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).