ბრძანება N 18364
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18364
14 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 18 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 18 ივნისის №94877/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №024-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ გადაანგარიშებით რიგ შემთხვევებში არ არის გათვალისწინებული კატეგორიების ღირებულების და ფაქტიურად მიღებული ფასნამატის მონაცემები. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს დაფიქსირებული აქვთ სარეალიზაციო ფასები 704 დასახელების საქონელზე. მ.შ. დაფიქსირდა ფიზიკური პირებისგან 1,8 ლარად შეძენილი კარტოფილის სარეალიზაციო ფასი 1 კგ. - 2,35 ლარი ანუ ფასნამატია - 30,56%. გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფასნამატი უნდა გავრცელებულიყო ფიზიკური პირებისგან შეძენილ ხილ-ბოსტნეულზე. იურიდიული პირებისგან სასაქონლო ზედნადებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულთან დაკავშირებით, გადამხდელი მიიჩვევს, რომ ვინაიდან აღნიშნული შეძენები არ არის ასახული საკონტროლო შესყიდვის აქტებში, მასზე უნდა გავრცელებულიყო საშუალო შეწონილი ფასნამატი. გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ სალონის შემოსავლებზე 2020-2022 წლებში აუდირებული ფასნამატია გამოყენებული 1.2028, ხოლო 2019 წელს 2.377, შესაბამისად სუპერმარკეტიდან რეალიზაციის რპთ გაზრდილია 69 334 ლარით. ასევე განმარტავს, რომ აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს საცალო რეალიზაციის თანმდევი ხარჯის ღირებულება, რომელიც შედის რპთ-ში. აცხადებს, რომ ის აისახა ან რეალიზაციაში ან წლის ბოლოს არსებულ ნაშთებში. ორივე შემთხვევაში გაიზარდა რეალიზებული საქონლის რპთ. აღნიშნავს, რომ მარკეტებიდან რეალიზაციის რპთ-ის კატეგორიების მიხედვით პროპორციის გასაანგარიშებლად ჯამური მიღებიდან არ არის გამოკლებული სალონის და რესტორნის რპთ. შესაბამისად, კატეგორიების წილი შეძენაში არასწორია. გადამხდელი მიუთითებს „პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-18 მუხლზე და აცხადებს, რომ დოკუმენტური რეალიზაციების თვითღირებულების ჩამოწერა განხორციელებულია საერთო შესყიდვაში ჯგუფის (კატეგორიის) პროპორციის შესაბამისად, მიუხედვად იმისა, რომ ამ ჯგუფის საქონელი შეიძლება საერთოდ არ ფიქსირდებოდეს დოკუმენტურ რეალიზაციაში, რითაც უხეშად დაირღვა მეთოდური მითითების მოთხოვნები. აცხადებს, რომ გადაანგარიშებაში შემცირებულია ჯამური რპთ, თუმცა რპთ-ს გაანგარიშებაში კვლავ არის დაშვებული შეცდომები.
2. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა 4 593 394 ლარის ღირებულების ურთერთშედარების და შესყიდვის აქტები, თუმცა შემოწმებამ არ მოახდინა შესაბამისი მოგების გადასახადის შემცირება. ასევე განმარტავს, რომ აუდიტორებმა 2019 წლის რენტაბელობა განსაზღვრეს 39%-ით. აცხადებს, რომ ხარჯი 2019 წელს ნაკლებია ვიდრე №0256 მანუალითაა დადგენილი, შესაბამისად მოგების გადასახადის დარიცხვის საკითხი საერთოდ არ უნდა დამდგარიყო. მიიჩნევს, რომ არ დეგბა სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით განსაზღვრული გარემოება ხარჯების გადაანგარიშებაზე, მოგების გადასახადის დარიცხვის მიზნით. ასევე გაუგებარია, როგორ განსაზღვრა აუდიტორმა საქონლის დასახელების (კატეგორიების) მიხედვით შეძენები.
3. გადამხდელი აცხდებს, რომ 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე სალაროს არაგონივრულ ნაშთზე გადასახადების გაანგარიშება არ მომხდარა, თუმცა განხორციელდა 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდზე და აღნიშნული წლების სალაროს ნაშთების დასაზუსტებლად ითხოვდა სალაროს ნაშთის შემცირებას 2019 წელს ვაუჩერების მიწოდების საფუძველზე თანხით 22 998 ლარით და ასევე 95 750 ლარით, რომლითაც შეძენილია შპს „-------“-ის 25%-იანი წილი 2019 წლის 2 აგვისტოს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16823 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ საქონელზე, რომლის შეძენაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, ხარჯის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური ფასით;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16823 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 6 მაისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 2 088 739 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 385 179 ლარი, ჯარიმა 703 560 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 19 მაისის №024-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა, ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი. აღნიშნული ინფრომაციის წარმოდგენის შემდგომ შემმოწმებლების მიერ მოხდა შეძენაში კატეგორიის წილის პროპორციულად რპთის ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი. აღნიშნული მონაცემების შესწავლის და დამუშავების შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
● დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ არ განხორციელდა საგადასახადო აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
● 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო შემოწმების მიერ არ მომხდარა სარგებლის გაანგარიშება, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ამ საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტში არ უფიქსირდება დამატებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე არ მოხდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დადგენილ გარემოებებს, კერძოდ:
● აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფასნამატის გავრცელების პროცესში სრული რპთ-დან გამოკლებულია ისეთი რეალიზაციის რპთ, რომელზეც არ უნდა განხორციელებულიყო ფასნამატის გავრცელება. კერძოდ, რპთ-ს გამოაკლდა რესტორნის რპთ, სალონის რპთ და დოკუმენტური რეალიზაციის რპთ. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს მიერ საგადასახადო შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, დოკუმენტური რეალიზაციის რპთ-ს გამომიჯვნა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით კატეგორიების მიხედვით. ყოველივე ზემოაღნიშნული მონაცემების შესწავლის და დამუშავების შედეგად, საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
● დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის განსაზღვრისთვის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულია სიტუაციური სახელმძღვანელო N0256, რომლის შინაარსის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, კერძოდ, გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის რენტაბელობა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რის შედეგადაც განსაზღვრულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ოდენობა.
● ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით არ მომხდარა სარგებლის გაანგარიშება, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების მიერ არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა, ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი. აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ შემმოწმებლების მიერ მოხდა შეძენაში კატეგორიის წილის პროპორციულად რპთ-ს ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ მაგალითს კარტოფილის ფასნამატთან დაკავშირებით, ვინაიდან ხილბოსტანის კატეგორია შედგება საკმაოდ მრავალფეროვანი დასახელების პროდუქციისგან და ისეთ პირობებში, როდესაც აღნიშნული კარტოფილის მიყიდვის ფაქტს არ ადასტურებს მეორე მხარე, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, აუდიტის დეპარტამენტი ვერ იხელმძღვანელებდა მხოლოდ კარტოფილის ფასნამატით, შესაბამისად, ხილ-ბოსტანის კატეგორიაზე გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი.
იურიდიული პირებისგან სასაქონლო ზედნადებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კატეგორიებად დაყოფილ რპთ-ზე ფასნამატის გავრცელება, შესაბამისად რპთ-ში მონაწილეობას იღებს, როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილი, ასევე იურიდიული პირებისგან მიღებული პროდუქცია. ამდენად, ფასნამატის გავრცელება მოხდა, როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილ საქონელზე, ასევე იურიდიული პირებისგან განხორციელებულ შეძენაზე.
საცალო რეალიზაციის თანმდევ ხარჯთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების პროცესში გავლილი და შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელთან ერთად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა რპთ-ის გაშიფრვა, ასევე გადასახადის გადამხდელს უნდა გაეშიფრა საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგები, თუმცა გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა არც რპთ-ის და არც ნაშთების გაშიფრვა, შესაბამისად აღნიშნული საკითხი ვერ იქნა დადასტურებული.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატი;
2. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
3. სალაროს არაგონივრულ ნაშთზე გადასახადების გაანგარიშება
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა, ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი. აღნიშნული ინფრომაციის წარმოდგენის შემდგომ შემმოწმებლების მიერ მოხდა შეძენაში კატეგორიის წილის პროპორციულად რპთის ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი. აღნიშნული მონაცემების შესწავლის და დამუშავების შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ არ განხორციელდა საგადასახადო აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
2019 წლის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო შემოწმების მიერ არ მომხდარა სარგებლის გაანგარიშება, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ამ საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტში არ უფიქსირდება დამატებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე არ მოხდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)