გადაწყვეტილება №100524/1/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 27.02.2026
№ დოკუმენტი 100524/1/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 100524/1/2026

27 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 19.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 02.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 100524/1/2026).

 

დავის საგანი:

1. სალაროს ნაშთის კვალიფიკაცია / საქონლის ნაშთის ოდენობის მართლზომიერება / ფასნამატის განსაზღვრის მართლზომიერება;

2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის N 16560 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2025 წლის N 068-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის N 16560 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 23.10.2025 წლის N 068-17 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 30.12.2025 წლის N 28974 ბრძანება.

 

08.05.2025 წლის N 068-7 საგადასახადო მოთხოვნა დარიცხული თანხა: 2 006 259,76 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 169 354 ლარი.

დღგ - 442 006 ლარი;

საშემოსავლო გადასახადი - 727 348 ლარი,ჯარიმა - 578 663 ლარი;

საურავი - 258 242,76 ლარი;

23.10.2025 წლის N 068-17 საგადასახადო მოთხოვნა დარიცხული თანხა: 2 016 516,65 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 120 918 ლარი.

დღგ - 423 655 ლარი;

საშემოსავლო გადასახადი - 697 263 ლარი;

ჯარიმა - 554 683 ლარი;

საურავი - 340 915,65 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მარცვლეულის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად კომპანია რეგისტრირებულია 13.01.2023 წელს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 13.01.2023 წლიდან 11.12.2024 წლამდე პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 7 მაისს შედგა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2025 წლის 8 მაისს გამოიცა N 9238 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის N 068-7 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის N 16560 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის N 16560 ბრძანების აღსრულების მიზნით 13.10.2025 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 23.10.2025 წლის N 23425 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის N 068-17 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.12.2025 წლის N 28974 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის N 16560 და 30.12.2025 წლის N 28974 ბრძანებები, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. სალაროს ნაშთის კვალიფიკაცია / საქონლის ნაშთის ოდენობის მართლზომიერება / ფასნამატის განსაზღვრის მართლზომიერება.

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის N 9238 ბრძანება და N 068- 7 საგადასახადო მოთხოვნა, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.07.2025 წლის N 16560 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც 02.02.2026 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

შემოსავლების სამსახურის 10.02.2026 წლის N ----- წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის N 16560 ბრძანების ელექტრონულად გაცნობის ფაქტი დაფიქსირებულია 26.07.2025 წელს, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა ამოიწურა 15.08.2025 წელს, საჩივარი დავების განხილვის საბჭოსთვის წარმოდგენილია 2.02.2026 წელს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ გასაჩივრების ვადის განმავლობაში არსებობდა ისეთი გარემოება, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის N 16560 ბრძანების აღსრულების შედეგები.

ფაქტების აღწერა:

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2023 წლის 13 იანვრიდან 2024 წლის 11 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდების სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 7 მაისს შედგა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2025 წლის 8 მაისს გამოიცა N 9238 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის N 068-7 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, მომჩივანი არ ეთანხმებოდა შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საქონლის ნაშთის ოდენობას და მიუთითებდა, რომ საქონლის ნაშთი არყოფილა აწონილი და მისი ოდენობა დადგინდა მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე. ასევე მზესუმზირის კოპტონის საბაზრო ფასი განისაზღვრა ექსპერტიზის დასკვნით, მაშინ როდესაც, სხვა საქონელზე გამოყენებულია გადამხდელის მიერ დაფიქსირებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი. ერთი და იგივე საკითხზე სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას თვლიდა არასამართლიანად და ითხოვდა საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის N 16560 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მზესუმზირის კოპტონზე გაევრცელებინა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასი და აღნიშნულის შესაბამისად განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის N 16560 ბრძანების აღსრულების მიზნით 13.10.2025 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები ჯამში 72 416 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 48 436 ლარით და ჯარიმა 23 980 ლარით.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.10.2025 წლის N 23425 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის N 068-17 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.12.2025 წლის N 28974 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საგადასახადო შემოწმების დროს საქონლის ნაშთი არ იქნა აწონილი და შემმოწმებლის მიერ დანაკლისი გამოყვანილია მხოლოდ ვარაუდით საკუთარი შეხედულებით თვალის ზომით, რის გამოც თითქოს და დანაკლისი რაც ჩაითვალა რეალიზებულად არ შეესაბამება სინამდვილეს, რის გამოც დარიცხვა არის არასწორი და უკანონო. ასევე გაუგებარია თუ რატომ იქნა მზესუმზირის კოპტონის საბაზრო ფასი განსაზღვრული ექსპერტიზის დასკვნით, რომელსაც არც კი იცნობენ და არ გააცნეს (მოითხოვეს აღნიშნული დასკვნის ასლი, მაგრამ დღემდე არ მიუღიათ), მაშინ როდესაც სხვა საქონელზე გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული შესაბამისი პერიოდის საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი. რატომ არ იქნა ანალოგიური მეთოდი გამოყენებული მზესუმზირის კოპტონზეც, ან საერთოდ სხვა რომელ საქონელზე არსებობდა ექსპერტიზის დასკვნა ესეც გაუგებარია. ერთი და იგივე საკითხზე სხვადასხვა მეთოდის გამოყენება არის არასამართლიანი უკანონო და დისკრიმინაციული, რაც იწვევს უკანონო დარიცხვას. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასის გამოყენება და შესაბამისად გადასახადის კორექტირება (შემცირება) თუმცა აუდიტის მიერ განხორციელდა კორექტირება მხოლოდ 76 416 ლარით, მაშინ, როდესაც უფრო მეტით უნდა განხორციელებულ იყო გადასახადის შემცირება. დასკვნის თანახმად გაუგებარია დოკუმენტური ფასი, რა ფასი გამოიყენა გადაანგარიშების დროს აუდიტმა. შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს მიერ უკანონოდ ეთქვათ უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის N 16560 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მზესუმზირის კოპტონზე გაევრცელებინა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასი და აღნიშნულის შესაბამისად განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის N 16560 ბრძანების აღსრულების მიზნით 13.10.2025 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები ჯამში 72 416 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 48 436 ლარით და ჯარიმა 23 980 ლარით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის მიერ უფრო მეტით უნდა განხორციელებულიყო გადასახადის შემცირება. დასკვნის თანახმად გაუგებარია რა ფასი გამოიყენა გადაანგარიშების დროს აუდიტმა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის N 16560 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოხდა მზესუმზირის კოპტონზე დოკუმენტური (გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული) ფასის (0,69 ლარის გამოყენება ნაცვლად ექპერტიზის მიერ განსაზღვრული ფასისა - 0,84 ლარი) გამოყენება. კერძოდ, აღნიშნული წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული მზესუმზირის კოპტონის საშუალო ფასს, რომელიც შესაბამისობაშია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ფასთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის N 16560 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას ამავე ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. სალაროს ნაშთის კვალიფიკაცია / საქონლის ნაშთის ოდენობის მართლზომიერება / ფასნამატის განსაზღვრის მართლზომიერება;

2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის N 16560 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელი ეწევა მარცვლეულის იმპორტსა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას. მის საქმიანობაზე ჩატარდა საგადასახადო შემოწმება, რის შედეგადაც გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა, რომელიც შემდგომ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შემდგომ კვლავ გასაჩივრდა, რის შემდეგაც დავა გადატანილ იქნა დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);