გადაწყვეტილება №24800/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2025
№ დოკუმენტი 24800/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24800/2/2025

10 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 20.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24800/2/2025).

 

დავის საგანი:

ავანსის სახით ------- გადარიცხული თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრისათვის, ამავე გადასახადში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის №005-187 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.02.2025 წლის №2108 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 439 717.73 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 187 458

დღგ - (-26 826)

მოგების გადასახადი - 70 665

საშემოსავლო გადასახადი - 143 619

ჯარიმა - 187 458

საურავი - 64 801.73

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ტექნიკით (ძირითადად ტელევიზორებით).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.11.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საბანკო ამონაწერების და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესწავლით დგინდება, რომ კომპანია საქონლის შეძენას ახორციელებს იმპორტის გზით ------- რესპუბლიკიდან, კერძოდ, -------. აღნიშნული რეგიონი წარმოადგენს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე რეგიონს. გადამხდელს სხვადასხვა საანგარიშო პერიოდებში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები, რაც დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 23.12.2024 წლის №26963 ბრძანება და 24.12.2024 წლის №005- 187 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.02.2025 წლის №2108 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები, რომელიც არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქონლის მომწოდებელი კომპანიებისგან მიიღო შეტყობინებები საბანკო რეკვიზიტების შეცვლის შესახებ, რაც წინა პერიოდებშიც ხშირად ხდებოდა. აღნიშნულ შეცვლილ ანგარიშებზე მის მიერ გადარიცხული იქნა 203 398 აშშ დოლარი საქონლის შესაძენად. როგორც შემდეგ გაირკვა გამოგზავნილი ანგარიშები ეკუთვნოდა ე.წ. „ჰაკერს“, რის შესახებაც წერილობით მიმართა ------- რაიონის პოლიციის განყოფილებას და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მოგვიანებით როგორც მისთვის ცნობილი გახდა, ------- დააკავეს „ჰაკერი“, რომელსაც ბრალი წაუყენეს როგორც მისი, ასევე სხვა ფიზიკური/იურიდიული პირების თანხების მითვისებაში. რაზედაც ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია მიწოდებული აქვს შემმოწმებელთან. აღნიშნული შემთხვევის შედეგად კომპანია ჩავარდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, რაც დღემდე ვერ იქნა გამოსწორებული.

აღნიშნულ შემთხვევის შემდეგ საქონლის თანხებს რიცხავდა ------- და მისთვის უცნობი იყო რომ აღნიშნული რეგიონი წარმოადგენდა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე რეგიონს და შესაბამისად, გადახდილი ავანსის თანხები წარმოადგენდა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგების გადასახადში დამატებით დარიცხულია გადასახადი 70 666 ლარი, რაც წარმოადგენს ავანსად გადახდილი თანხების შესაბამისად დარიცხულ მოგების გადასახადს, რომელიც შემდგომში, საქონლის შემოტანის მომენტში ექვემდებარება ჩათვლას (იხ. დანართი). კერძოდ, 2024 წლის მარტისა და მაისის თვეებში შემოტანილია აღნიშნული ავანსის თანხის შესაბამისი საქონელი, რაზედაც შესაბამისი თვის მოგების გადასახადის დეკლარაციის დაზუსტებით მიიღებს ჩათვლას. აღნიშნული საკითხის შესახებ წერილობით მიმართა აუდიტის დეპარტამენტს, რათა შესამოწმებელი პერიოდი ნაცვლად 1.03.2024 წლისა განსაზღვრულიყო 2024 წლის 01 მაისამდე პერიოდით, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული.

ითხოვს, გათვალისწინდეს ზემოთ აღნიშნული პოზიცია და შემცირდეს აღნიშნულ საკითხზე დამატებით დარიცხული ჯარიმის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

სანქციისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ტექნიკით (ძირითადად ტელევიზორებით).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საბანკო ამონაწერების და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესწავლით დგინდება, რომ კომპანია საქონლის შეძენას ახორციელებს იმპორტის გზით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე რეგიონიდან. გადამხდელს სხვადასხვა საანგარიშო პერიოდებში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები, რაც დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.02.2025 წლის №2108 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)