გადაწყვეტილება №21904/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 21904/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21904/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---------ძე (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ის 9.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21904/2/2024).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 22.09.2023 წლის №20227/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის №023-25 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 185 414.55 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 116 154

დღგ - 100 607

მიწა - არასასოფლო - 1 008

მიწა - სასოფლო - 90

საშემოსავლო გადასახადი - 11 357

ქონების გადასახადი - 3 092

ჯარიმა - 58 076

საურავი - 11 184.55

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს საამშენებლო მასალებით, საყოფაცხოვრებო და სასურსათო პროდუქტით საცალო ვაჭრობა, ასევე ამუშავებს ბენზინგასამართ და გაზგასამართ სადგურს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 26.01.2023 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

მეწარმეს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. საქმიანობას ახორციელებს საკუთრებაში არსებულ ობიექტში (-----ის მუნიციპალიტეტის სოფელი -----ი). 26.01.2023 წელს მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და დათვალიერების პროცედურები, რა დროსაც დადგინდა, რომ ავტოგასამართ სადგურზე (აგს) დადებული იყო ლუქები, რომელთა შესახებ არ იყო წარდგენილი განცხადება შემოსავლების სამსახურში, ასევე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები მცირე ბიზნესის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, არ აწარმოებდა ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალს. აღნიშნულ დარღვევებზე გამოწერილ იქნა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები. ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოსავლები დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით. ინვენტარიზაციის შედეგად დათვლილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები გამოყენებულ იქნა ნაშთის განსაზღვრისთვის და ფასნამატის დასადგენად. შედეგად, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის გამოვლინდა სხვაობა, რომელიც დაიბეგრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადით (1% და 3%) და დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გარემოება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელმა ობიექტზე ააშენა შენობა-ნაგებობა, რომლისთვის შეძენილი მასალები გამოაკლდა შემოწმების შედეგად რეალიზებულად ჩათვლილ ოდენობას. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №7312 ბრძანება და ამავე თარიღის №023-4 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14729 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 22.09.2023 წლის №20227/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14729 ბრძანება;

2. მომჩივანს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით ანალოგიური ბიზნესის მწარმოებელ, სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში საგადასახადო კონტროლის პროცედურების შედეგად დადგენილი მაჩვენებლები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფასნამატის და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 22.09.2023 წლის №20227/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ ფასნამატის ცვლილება და დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის №29825 ბრძანება და ამავე თარიღის №023-25 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2.01.2024 წელს №86449/1/2024 საჩივრით გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და საჩივარი 9.01.2024 წლის №767-21-04 წერილით გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით: არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

მის მიერ მოხდა შეძლებისდაგვარად ანალოგიური საქმიანობის მქონე მეწარმის მონაცემების წარდგენა, ასევე აუდიტორი აღნიშნავს მის მიერაც მოხდა ანალოგიური საქმიანობის მქონე გადამხდელის მოძიება, და მათი საქმიანობის მონაცემების შესწავლით ფასნამატი არ შემცირებულა, რამაც განაპირობა ის რომ, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირებულა.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად უნდა მომხდარიყო დამატებით მოძიებული ინფორმაციების შესწავლა და გაანალიზება, რაც არ მომხდარა, უცნობია აუდიტორის მიერ მოძიებული ანალოგიური საქმიანობის მქონე მეწარმესთან არსებული ფასნამატი როგორ იყო დაანგარიშებული, რა მონაცემებით იყო მსგავსი და რა იყო ამ გადამხდელთან რეალური ფასნამატი, და რამდენად ჰქონდა მსგავსი მახასიათებლების მქონე საქონელი, ხოლო მის მიერ მოძიებულ გადამხდელთან მსგავსი საქონლის ფასნამატი ბევრად მცირე იყო რომელზეც აუდიტორი აღნიშნავს, რომ ამ გადამხდელთანაც არ იყო შედარებით დაბალი ფასნამატი, რაც არ არის საკმარისი და დამაჯერებელი ინფორმაცია რადგან არ იცის რომელ მარაგების სახეობები შეისწავლა აუდიტორმა. შემმოწმებლების მიერ არ შესრულებულა ბრძანებით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ გადამხდელთან ერთად არ მომხდარა წარდგენილი მასალების შესწავლა და გაანალიზება, შესაბამისად არასწორად იქნა შემმოწმებლების მიერ შედგენილი დასკვნა, რითაც დაირღვა გადამხდელის უფლებები, მონაწილეობა მიეღო დამატებით წარდგენილი მასალების შედეგად მიღებული გაანგარიშების შესწავლაში წარედგინა პოზიცია.

მისთვის არ არის ცნობილი თუ რა არ მიიჩნია საყურადღებოდ აუდიტორმა და ითხოვს აღნიშნული მონაცემების და ინფორმაციების აუდიტორთან ერთად შესწავლას და გაანალიზებას, რადგან სახეზეა, რომ არ შესრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება. ითხოვს ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის საფუძველზე გადამხდელთან ერთად მოხდეს დამატებით წარდგენილი ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისად დარიცხული თანხების კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭოს 22.09.2023 წლის №20227/2/2023 გადაწყვეტილებით:

- მომჩივანს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით ანალოგიური ბიზნესის მწარმოებელ, სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში საგადასახადო კონტროლის პროცედურების შედეგად დადგენილი მაჩვენებლები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფასნამატის და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

საბჭოს 22.09.2023 წლის №20227/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ:

გადასახადის გადამხდელმა გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა ახლომდებარე სოფელში არსებული, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი ერთ-ერთი ინდ. მეწარმის საიდენტიფიკაციო მონაცემები და ფასნამატის გაანგარიშება, რომელიც გადამოწმდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შედეგად დადგინდა, რომ წარდგენილ ინფორმაციაში არსებული ფასნამატი არ ემთხვეოდა დოკუმენტურს, ასევე იყო ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის ტოლი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოძიებულია ახლომდებარე სოფლის, სხვა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რომელიც აღემატებოდა ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატს. შესაბამისად, ფასნამატის ცვლილება და დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.

მომჩივანი განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად უნდა მომხდარიყო დამატებით მოძიებული ინფორმაციების შესწავლა და გაანალიზება, რაც არ მომხდარა, უცნობია აუდიტორის მიერ მოძიებული ანალოგიური საქმიანობის მქონე მეწარმესთან არსებული ფასნამატი როგორ იყო დაანგარიშებული, რა მონაცემებით იყო მსგავსი და რა იყო ამ გადამხდელთან რეალური ფასნამატი და რამდენად ჰქონდა მსგავსი მახასიათებლების მქონე საქონელი. შემმოწმებლების მიერ არ შესრულებულა ბრძანებით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ გადამხდელთან ერთად არ მომხდარა წარდგენილი მასალების შესწავლა და გაანალიზება.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ არასწორია გადამხდელის მითითება, რომ მასთან ერთად არ შეუსწავლია საკითხი, რადგან მომჩივანს საბჭოს გადაწყვეტილებით ევალებოდა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, რაც მასთან გასაუბრების და მასთან კომუნიკაციის შედეგად გახდა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტისთვის და რომელიც, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გადამოწმებული და შესწავლილი იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესწავლის შედეგად დადგინდა, მომჩივნის მიერ მითითებულ პირს სავაჭრო ობიექტი გააჩნდა ქალაქში, ამასთან არ ჰქონდა სასურსათო რეალიზაცია და ვაჭრობდა მხოლოდ ავეჯით და სამშენებლო საქონლით. ხოლო არსებული ფასნამატი არ ემთხვეოდა დოკუმენტურს, ასევე იყო ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის ტოლი. რაც შეეხება, მის მიერ მოძიებულ გადასახადის გადამხდელს, მდებარეობდა ახლომდებარე სოფელში და წარმოადგენს ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტს და მისი აუდირებული ფასნამატი, აღემატებოდა ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატს. შესაბამისად, არ არსებობდა საფუძველი მომხდარიყო ფასნამატის ცვლილება და დარიცხული თანხების კორექტირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მისი 22.09.2023 წლის №20227/2/2023 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავების განხილვის საბჭოს №20227/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 26.01.2023 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

მეწარმეს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. საქმიანობას ახორციელებს საკუთრებაში არსებულ ობიექტში . 26.01.2023 წელს მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და დათვალიერების პროცედურები, რა დროსაც დადგინდა, რომ ავტოგასამართ სადგურზე (აგს) დადებული იყო ლუქები, რომელთა შესახებ არ იყო წარდგენილი განცხადება შემოსავლების სამსახურში, ასევე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები მცირე ბიზნესის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, არ აწარმოებდა ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალს. აღნიშნულ დარღვევებზე გამოწერილ იქნა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები. ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოსავლები დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №7312 ბრძანება და №023-4 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №14729 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.საბჭოს №20227/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საბჭოს №20227/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ ფასნამატის ცვლილება და დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №29825 ბრძანება და №023-25 საგადასახადო მოთხოვნა, რაც №86449/1/2024 საჩივრით გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და საჩივარი №767-21-04 წერილით გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მისი №20227/2/2023 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21) ;