გადაწყვეტილება №23716/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.10.2024
№ დოკუმენტი 23716/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23716/2/2024

15 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 14.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23716/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 მაისის №006-241 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №17524 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

28 704 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 16 355

ჯარიმა - 8 092

საურავი - 4 257

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10743 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და 2024 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 მაისის №12753 ბრძანება და №006-241 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 28 704 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 24 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 ივლისის №17524 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხებში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №17524 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და 2024 წლის თებერვლის თვეებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 299 253 ლარს, წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხა - 106 952 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა 101 428 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ საწარმოს შემცირებული აქვს დღგით დასაბეგრი ბრუნვა 90 873 ლარით. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს შემოწმებით დადგენილ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობაზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 180-ე, 43-ე, 69-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 , 54-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით 2022 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს შპს ,,----გან“ მიღებული აქვს ავანსი 166 802.66 ლარის ოდენობით (ავ----).

აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მხარეებს შორის 2022 წლის ივლისის თვეში გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (ეა----) 76 044.79 ლარის ოდენობით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ ოპერაციაზე 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოიწერა საბოლოო ანგარიშ-ფაქტურა (ეა---) 225 162 ლარზე. შედეგად, შემოწმებით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულ იქნა შემდეგნაირად: ავანსის ანგარიშ-ფაქტურით დასაბეგრი ბრუნვით განაშთულ იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების საფუძველზე გამოწერილი და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განსაზღვრული ბრუნვა. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტთან, სხვაობის თანხის წინა საანგარიშო პერიოდში დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზი და დადგინდა, რომ აღნიშნულ ოპერაციასთან, გარდა ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა (ავ----), სხვა ელექტრონული დოკუმენტის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) კავშირი არ ვლინდება.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი დამატებით განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა აღნიშნული თანხების წინა საანგარიშო პერიოდში დეკლარირების დადასტურება. ხოლო, რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებული 2022 წლის ივლისის თვის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (ავ----), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, აქვს გაუქმებულის სტატუსი, აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე 2022 წლის სექტემბრის თვის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა. იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ---) გაუქმებულია, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2022 წლის სექტემბერში დაბეგრილია შპს „---“-სთვის შესრულებული ოპერაცია, ა/ფ ეა---- და გამოქვითულია ავანსად ჩარიცხული თანხის დღგ. შემოწმებამ ჩათვალა, რომ არ არის სექტემბრის თვეში სრულად დაბეგრილი აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა და გამოკლებულია ავანსის ა/ფაქტურის დღგ ზედმეტად. 2022 წლის სექტემბერში გამოქვითულია წინა პერიოდებში ავანსად ჩარიცხული თანხების დღგ. დარიცხვა შემცირებული იყო არა სექტემბერში, არამედ 2022 წლის ივლისის თვეში, ვინაიდან ივლისში იყო შესრულება, შესრულებული თანხის ტოლი ჩარიცხვაც და მაისის თვეს გამოწერილი ავანსის ფაქტურაც მოჰყვებოდათ. ივლისში ჩაერიცხათ შესრულების თანხა და მაისის ფაქტურის ავანსის დაწყვილება იყო შეცდომა, რაც გამოსწორებულია, დაბეგრილია სრულად მოცემული საანგარიშო თვე 2022 წლის ივლისი.

ამის გათვალისწინებით კი სექტემბერში სრულად შეეძლოთ ჩაეთვალათ მაისის ავანსის ფაქტურა და არც არაფერი არ იყო აქტით დასარიცხი. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმება ეხებოდა მხოლოდ 2022 წლის სექტემბერს, კანონმდებლობის სრული დაცვით დააზუსტეს 2022 წლის ივლისის თვის დეკლარაცია და გაასწორეს დაშვებული შეცდომა. ვინაიდან დაზუსტების უფლების გამოყენებით და კანონმდებლობის სრული დაცვით დაკორექტირდა 2022 წლის ივლისის დეკლარაცია, 2022 წლის სექტემბერში დღგ-ის დარიცხვა მიაჩნიათ უსაფუძვლოდ. მომჩივანი ითხოვს შეუმცირდეს ზედმეტად დარიცხული დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

ამავე ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 17 აგვისტოს, დღგ-ის გადამხდელად ფიქსირდება ამავე თარიღიდან.

შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელის 2022 წლის სექტემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 10 332 ლარის ოდენობით. კერძოდ, აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებები გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: 2022 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს შპს „---“-სგან (ს/ნ ---) მიღებული აქვს ავანსი 166 802.66 ლარის ოდენობით (დღგ - 25 444.47) (აფ ავ----). აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მხარეებს შორის 2022 წლის ივლისის თვეში გაფორმებულია შუალედური მიღება-ჩაბარება (ეა - ---) 76 044.79 (დღგ - 11 600.05) ლარის ოდენობით.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ ოპერაციაზე 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილია საბოლოო ანგარიშ-ფაქტურა ეა---- 225 162 ლარზე (დღგ - 34 346.83). შედეგად, შემოწმებით საბოლოო დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში მიღებული ავანსიდან განაშთული იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების თანხა და ნაშთად დარჩენილი ავანსი გაინაშთა საბოლოო ანგარიშ-ფაქტურით (225 162 + 76 044 – 166 802 = 134 304), საიდანაც 2022 წლის სექტემბრის თვის დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 134 304/1.18*0.18=20 502 ლარი. აღნიშნულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვაზე (56 500 ლარი (დღგ 10 170)) საწარმოს დამატებით დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2022 წლის სექტემბერში დაბეგრილია შპს „----“-სთვის შესრულებული ოპერაცია, ა/ფ ეა--- და გამოქვითულია ავანსად ჩარიცხული თანხის დღგ. 2022 წლის სექტემბერში გამოქვითულია წინა პერიოდებში ავანსად ჩარიცხული თანხების დღგ. დარიცხვა შემცირებული იყო არა სექტემბერში, არამედ 2022 წლის ივლისის თვეში, ვინაიდან ივლისში იყო შესრულება, შესრულებული თანხის ტოლი ჩარიცხვაც და მაისის თვეს გამოწერილი ავანსის ფაქტურაც მოჰყვებოდათ. ივლისში ჩაერიცხათ შესრულების თანხა და მაისის ფაქტურის ავანსის დაწყვილება იყო შეცდომა, რაც გამოსწორებულია, დაბეგრილია სრულად მოცემული საანგარიშო თვე 2022 წლის ივლისი.

ამის გათვალისწინებით კი სექტემბერში სრულად შეეძლოთ ჩაეთვალათ მაისის ავანსის ფაქტურა და არც არაფერი არ იყო აქტით დასარიცხი. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმება ეხებოდა მხოლოდ 2022 წლის სექტემბერს, კანონმდებლობის სრული დაცვით დააზუსტეს 2022 წლის ივლისის თვის დეკლარაცია და გაასწორეს დაშვებული შეცდომა.

ვინაიდან დაზუსტების უფლების გამოყენებით და კანონმდებლობის სრული დაცვით დაკორექტირდა 2022 წლის ივლისის დეკლარაცია, 2022 წლის სექტემბერში დღგ-ის დარიცხვა მიაჩნიათ უსაფუძვლოდ. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია.

ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

2. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 მაისის №006-241 საგადასახადო მოთხოვნით, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 8 092 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის თებერვალში შემოწმების აქტით დაერიცხათ დღგ 342 ლარი. დარიცხვა ეხებოდა ა/ფ ეა----ს, რომლის დასაბეგრი თანხა იყო 2 118,64 ლარი, დღგ - 381,36 ლარი (სულ 2 500 ლარი). დეკლარაციაში დასაბეგრი თანხა ნაცვლად 2 118,64 ლარისა მექანიკური შეცდომით ჩაიწერა 211,64 ლარი. ტექნიკური მიზეზით და ბუღალტრის დაუკვირვებლობის შედეგად გამორჩენილი იქნა ციფრი 8. მომჩივანი აღიარებს დარიცხვის სისწორეს, აღნიშნავს, რომ შეცდომა დაშვებულია ტექნიკური მიზეზით და ითხოვს გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების შედეგად დამატებით გამოუვლინდა საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, მომჩივანმა საგადასახადო დეკლარაციაში შეამცირა გადასახადის თანხა, რისთვისაც დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. გადასახადის გადამხდელი აღიარებს დარიცხვის სისწორეს, აღნიშნავს, რომ შეცდომა დაშვებულია ტექნიკური მიზეზით და ითხოვს გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №17524 ბრძანება;

3. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და 2024 წლის თებერვლის თვეებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 299 253 ლარს, წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხა - 106 952 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა 101 428 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ საწარმოს შემცირებული აქვს დღგით დასაბეგრი ბრუნვა 90 873 ლარით. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს შემოწმებით დადგენილ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობაზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 180; 69; 269 (7).