ბრძანება N 24935

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.07.2019
№ დოკუმენტი 24935
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 24935

22/07/2019

ფ/პ ----------------------

(მის: ---------------------)

2019 წლის 28 ივნისის საჩივრის

არ დაკმაყოფილების თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ----- №44266/1/2019 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 28 ივნისის №CB1005326 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 12 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №49).

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 11 ივლისის №81361-21-12 სამსახურებრივი ბარათით გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ---- მ მითითებულ ვადაში, სსკ-ით დადგენილი წესით არ წარმოადგინა N022-727 წერილის თანახმად მოთხოვნილი ინფორმაცია, რის საფუძველზეც იგი დაჯარიმებული იქნა მოქმედი საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 400 ლარის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ფ/პ ----- ს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2019 წლის 5 ივნისის N022-727 ბრძანება ჩაბარდა 2019 წლის 10 ივნისს.

გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღიარებს საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ოჯახური პირობების გამო ვერ მოახერხა ქონების ნუსხის წარდგენა ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 269-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

სსკ-ის 270-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სსკ-ის 279-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.”

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სამართალდარღვევის ოქმის ან მის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ ------------ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ქონების ნუსხის წარუდგელობასთან დაკავშირებით საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა მითითებულ ვადაში, სსკ-ით დადგენილი წესით არ წარმოადგინა წერილის თანახმად მოთხოვნილი ინფორმაცია, რის საფუძველზეც იგი დაჯარიმებული იქნა მოქმედი საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 400 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სამართალდარღვევის ოქმის ან მის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(1); 270; 279(1)