გადაწყვეტილება №22296/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22296/2/2024
15 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:"-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 19.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22296/2/2024).
დავის საგანი:
უძრავი ქონების იჯარით/ქვეიჯარით გაცემის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №001-260 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1556 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 132 580 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 100 033
დღგ - 89 739
ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) – 4 493
ქონების გადასახადი - 5 801
ჯარიმა - 14 121
საურავი - 18 426
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 20.08.2021 წლიდან 18.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობა წარმოადგენს საკუთრებაში არსებული და ქვეიჯარით მიღებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა სხვა პირებზე "-------"-ის ტერიტორიაზე. იჯარა/ქვეიჯარით უძრავი ქონების გაცემა დაიწყო 2022 წელს და ხელშეკრულების საფუძველზე ქონება გასცა ოთხ სხვადასხვა კომპანიაზე. გადამხდელის მიერ მოწოდებული ხელშეკრულებების, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შემოწმებით განხორციელდა გადამხდელის დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი არის 2022 წლის 30 ივნისი. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელდა გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 12 აპრილის განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციები.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, აიპი-ს მიერ იჯარა/ქვეიჯარით უძრავი ქონების გადაცემა იბეგრება დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. შემოწმების მიერ გაანგარიშებული დღგ-ის ბრუნვები აისახა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 28.11.2023 წლის №29420 ბრძანება და №001-260 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1556 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე2 ნაწილებით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს, მოთხოვნილი დოკუმენტაცია: ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო ამონაწერები და ხელშეკრულებები, სრულად გადაეგზავნა.
შემოწმების შედეგად დღგ-ის იძულებითი რეგისტრაცია განხორციელდა 2022 წლის 30 ივნისიდან და აუდიტორების მიერ გაწეული მომსახურებიდან გაანგარიშებული დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 498 559 ლარის ოდენობით, მასზედ დაარიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი 89 739 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მოთხოვნილი იყო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გადაანგარიშების დოკუმენტი, რითაც იხელმძღვანელა აუდიტორმა, თუმცა საბჭომ მხოლოდ ზეპირი მოსმენით მიღებული გადაწყვეტილებით დავა ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა. აუდიტორისთვის გადაგზავნილი დოკუმენტაციის (გაწეული მომსახურებების არსებული ხელშეკრულებების, მიღებაჩაბარების და ფაქტორბივი ანგარიშსწორების (საბანკო ამონაწერი))) გადაანგარიშების შედეგად გამოდის, რომ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან შემოწმების პერიოდის ბოლომდე დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 428,435.03 ლარს, შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადი არის 77,118.31 ლარი, ხოლო სხვაობა გამოდის 12 620.69 ლარი.
ითხოვს შემცირდეს დამატებული ღირებულების გადასახადი 12 620.69 ლარით, მასზე დარიცხული ჯარიმით და საურავით.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ მოწოდებული ხელშეკრულებების, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შემოწმებით განხორციელდა გადამხდელის დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი არის 2022 წლის 30 ივნისი. დღგ-ზე რეგისტრაცია განხორციელდა გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 12 აპრილის განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, აიპი-ს მიერ იჯარა/ქვეიჯარით უძრავი ქონების გადაცემა იბეგრება დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. შემოწმების მიერ გაანგარიშებული დღგ-ის ბრუნვები.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება უძრავი ქონების იჯარით/ქვეიჯარით გაცემის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრის შესახებ მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს შემცირდეს დამატებული ღირებულების გადასახადი 12 620.69 ლარით, მასზე დარიცხული ჯარიმით და საურავით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობა წარმოადგენს საკუთრებაში არსებული და ქვეიჯარით მიღებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა სხვა პირებზე.იჯარა/ქვეიჯარით უძრავი ქონების გაცემა დაიწყო 2022 წელს და ხელშეკრულების საფუძველზე ქონება გასცა ოთხ სხვადასხვა კომპანიაზე. გადამხდელის მიერ მოწოდებული ხელშეკრულებების, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შემოწმებით განხორციელდა გადამხდელის დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშება.კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი არის 2022 წლის 30 ივნისი. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელდა გადამხდელის 2023 წლის 12 აპრილის განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციები.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, აიპი-ს მიერ იჯარა/ქვეიჯარით უძრავი ქონების გადაცემა იბეგრება დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. შემოწმების მიერ გაანგარიშებული დღგ-ის ბრუნვები აისახა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება უძრავი ქონების იჯარით/ქვეიჯარით გაცემის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრის შესახებ მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
136,159,163,164,165.