გადაწყვეტილება №19070/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.05.2023
№ დოკუმენტი 19070/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19070/2/2023

5.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------ს“ 10.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19070/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2022 წლის №006-500 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3108 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 106 023 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 46 184

დღგ - (-9 965)

მოგების გადასახადი - 39 768

საშემოსავლო გადასახადი - 16 381

ჯარიმა - 46 184

საურავი - 13 655

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის 26 მარტიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 25.10.2022 წლის №26991 ბრძანება და №006-471 საგადასახადო მოთხოვნა. 2022 წლის 30 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემების (დასარიცხი/შესამცირებელი თანხები) პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვისას დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული უზუსტობა. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ნოემბრის დასკვნით მოხდა აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის გასწორება, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 10 ნოემბრის №28214 ბრძანება და ამავე თარიღის №006-500 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3108 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროს ნაშთი შესამოწმებელ პერიოდში არის ცვალებადი, ფიქსირდება ზრდა-კლება, 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ნაშთი შეადგენს 254 596 ლარს. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) მეთოდური მითითების მიხედვით, გაანალიზდა საწარმოს სალაროს გონივრული ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სალაროს არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად. კომპანიას დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 982 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დამატებით დარიცხული თანხების უდიდესი ნაწილი მოდის მოგების გადასახადზე. შემმოწმებლები მოგების გადასახადის პერიოდებზე დარიცხვის საფუძვლად მიუთითებენ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებების დანართ №9-ზე (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ) და პერიოდების მიხედვით სალაროში არაგონივრული ნაშთის საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, შესაბამისად შემმოწმებლების მიერ მათი აზრით არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირებულია, როგორც დირექტორებზე გაცემული უპროცენტო სესხი და დაბეგრილია მოგების და საშემოსავლო გადასახადებით, რაც არასწორია, ვინაიდან შემოწმების აქტით არსადაა დაფიქსირებული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით გადასახადების დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესახებ, ვინაიდან აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისათვის წაყენებული არცერთი მოთხოვნა არ დაურღვევია, არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, ამასთან შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებებს დანართ №9 (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ) დაემატა 2022 წლის 28 მარტს შეტანილი ცვლილებების შედეგად და შესაბამისად მას გავლენა არ უნდა მოეხდინა აღნიშნულ პერიოდამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ითხოვს გათვალისწინებული იქნეს ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით მიღებულ იქნას კანონიერი გადაწყვეტილება და მოეხსნას არასწორად დარიცხული გადასახადები და სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდეს 20 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი შესამოწმებელ პერიოდში არის ცვალებადი, ფიქსირდება ზრდა-კლება, ხოლო 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ნაშთი შეადგენს 254 596 ლარს. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) მეთოდური მითითების მიხედვით, გაანალიზდა საწარმოს სალაროს გონივრული ნაშთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სალაროს არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ სადავო შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გამოუვლინდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, ამასთან, სალაროს ნაშთის გამოყენება სამეურნეო ოპერაციებში ვერ დგინდება, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაგონივრული ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2022 წლის №006-500 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 46 184 ლარი და საურავი - 13 655 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ყოველთვის პირნათლად იხდიდა საბიუჯეტო გადასახადებს. აქედან გამომდინარე ითხოვს, საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული.

 

სადავო საკითხი

სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროს ნაშთი შესამოწმებელ პერიოდში არის ცვალებადი, ფიქსირდება ზრდა-კლება. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) მეთოდური მითითების მიხედვით, გაანალიზდა საწარმოს სალაროს გონივრული ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სალაროს არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად. კომპანიას დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4.9„ბ“); 982(3 „ზ“,8); 101(1,2„ბ“); 154(1„ა“)269(7); 275;

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი;

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) მეთოდური მითითება;